9-03-2021
მედია სკოლის ექსკლუზიურ პროექტს „ისწავლე საუკეთესოსგან", 160,000-ზე მეტი ვიზიტორი ჰყავს და 6 თვის შემდეგაც აქტუალობას არ კარგავს, პირიქით, პროექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო იზრდება. იზრდება იმ მომხმარებელთა რიცხვი, ვინც სახლიდან გაუსვლელად უფასოდ დაეუფლა ჟურნალისტიკის საფუძვლებს და ისწავლა, როგორ იქმნება მედიაპროდუქტი.
4 ავტორის მიერ შეთავაზებული 30 ონლაინ ლექცია, კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიის ბაზაზე ექსკლუზიურად შეიქმნა. ეს არის ონლაინ მასტერკლასების ციკლი, რომელიც ჟურნალისტიკით დაინტერესებულ პირებს, ვინც ამ პროფესიაზე ფიქრობს, ან უბრალოდ უნდა იცოდეს რა ხდება გადასაღებ მოედანზე და კადრს მიღმა, შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერ დროს მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია. ამბის თხრობა, ინტერვიუს ჩაწერა, კითხვის დასმის ტექნიკა, ფოტო ამბის მომზადება, გადასაღებ მოედანსა და სტუდიაში მუშაობა - ეს ის თემებია, რომელსაც მასტერკლასის პირველი ციკლი აერთიანებს. ჟურნალისტი ეკა ბერიძე, დრამატურგი ბასა ჯანიკაშვილი, ჟურნალისტი თამთა სანიკიძე და ფოტორეპორტიორი დავით მძინარიშვილი მაყურებელს მრავალწლიან გამოცდილებას უზიარებენ და ასწავლიან ყველაფერს, რაც ზოგადად მედიას, მაღალი ხარისხის მედიაპროდუქტის მომზადებასა და პროფესიონალ ჟურნალისტს სჭირდება. ონლაინ მასტერკლასი არის საუკეთესო შესაძლებლობა მაყურებელმა კულისებში შეიხედოს და სწორედ წარმატებული ავტორების გამოცდილების გაზიარებით მოისმინოს ის, რაც ეთერში არასდროს ჩანს, ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საჭიროა ხარისხიანი მედიაპროდუქტის მოსამზადებლად.
მასტერკლასის ონლაინ კურსის პირველი ციკლი 4 ავტორის, 10-12 წუთიანი ქრონომეტრაჟიან 30 ვიდეო ლექციას მოიცავს.
მასტერკლასის მიმართ მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიას დაგეგმილი აქვს არაერთი საინტერესო ავტორის მოწვევა, იმისთვის, რომ სალექციო კურსი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესო იყოს ყველა მაყურებლისთვის.