გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: „ ნამახვანი ჰესის" შემთხვევაში, ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები

9-03-2021

„ნამახვანი ჰესის" შემთხვევაში არ ხდება მიწის უპირობო გადაცემა: ინვესტორ კომპანიას გადაეცემა მხოლოდ ის მიწა, რომელზეც უშუალოდ განთავსდება ჰიდრონაგებობები, ამის დასაბუთების ვალდებულება და მექანიზმი მკაფიოდაა აღწერილი ხელშეკრულების დანართში და მხოლოდ გარკვეული პირობების შესრულების სანაცვლოდ, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვანია ინვესტიცია და ქონების გადასახადის გადახდა, ასევე 28 კილომეტრის გზის მშენებლობა და სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადმოცემა" - ამის შესახებ ნათია თურნავამ პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა.


„ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული საკითხი არის მიწის პრივატიზაციის საკითხი. თუ პრობლემაა იმაში, რომ მიწა ჰესის ასაშენებლად გადაეცა თურქულ კომპანიას, მე ამ რიტორიკაში არ და ვერ წამოგყვებით, რადგან ეს მიუღებლად მიგვაჩნია; თუ პრობლემა იმაშია, რომ მიწა საერთოდ გადაეცა კერძო კომპანიას, შეგახსენებთ რომ მიწის გადაცემა საინვესტიციო პირობების შესრულების სანაცვლოდ წლების მანძილზე მიღებული პრაქტიკაა. პროგრამა „აწარმოე საქართველოში" (მისი ერთ-ერთი წარმატებული კომპონენტი) აწყობილია ამ პრინციპზე და 1 მილიონი ლარის ინვესტიციის დროსაც კი გადავცემთ კერძო კომპანიას საჭირო მიწას, ოღონდაც განავითაროს ადგილობრივი წარმოება და დაასაქმოს ადამიანები. მით უფრო ეს გამართლებულია, როდესაც საუბარია 830 მილიონი დოლარის ინვესტიციაზე და 2000 კაცის დასაქმებაზე" - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.


მისივე თქმით, ამის უამრავი პრეცედენტი გვაქვს - დაწყებული „დარიალი ჰესით" 2011 წელს და დამთავრებული რუსთავის ტექსტილის საწარმოთი, 2020 წელს. ნათია თურნავას განცხადებით, რიონის აუზში საკმაოდ დიდ აქტივებს ფლობს ასევე ჩეხური კომპანია „ენერგოპრო-ჯორჯია" (შაორი, გუმათი, რიონჰესები თავიანთი წყალსაცავებით).


„და რა დაშავდა ამით, მოიკიდა ზურგზე ეს მიწა და ჩეხეთში წაიღო თუ 6500-მდე საქართველოს მოქალაქე დაასაქმა?", - აღნიშნა მინისტრმა.


ნათია თურნავას განცხადებით, დიდი პროექტები საჭიროებენ მეტ მიწას, ამის მაგალითად ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიყვანა, რომელსაც გრძელვადიანი სარგებლობის უფლებით გადაეცა დაახლოებით 500 ჰექტარი მიწა.


„ეს პროექტი წარმატებით რომ გაგრძელებულიყო, კიდევ 700 ჰექტარს გადავცემდით. თითოეულ ასეთ პროექტში, როგორც „ნამახვანი ჰესის შემთხვევაში, არ ხდება უპირობო გადაცემა, თუმცა, ვინაიდან მიწის საკითხი მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს იწვევს, მზად ვართ, დაინტერესებული პირებისა და ექსპერტებისგან შემდგარ ჯგუფს გავაცნოთ თითოეული გადაცემული ან გადასაცემი ნაკვეთის შესაბამისობა ტექნიკურ პროექტთან", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930