11-03-2021
მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს და აღვნიშნო, რომ დიდად ვაფასებთ მის მხარდაჭერას და ჩართულობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება პრეზიდენტ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში და ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილეობას.
„ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მისი მონაწილეობა პროცესების კონსტრუქციულად წარმართვას შეუწყობს ხელს. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ კონსტრუქციული დიალოგის რეჟიმი და სრულად ვიზიარებთ ევროპული საბჭოს რეკომენდაციას და რჩევას, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში, ყველამ ერთად, ოპოზიციამ და ხელისუფლებამ, გამოვნახოთ საერთო ენა და მივაღწიოთ შეთანხმებას, იმისთვის, რომ ქვეყანამ და ჩვენმა პარლამენტმა დაიწყოს ნორმალური მუშაობა და ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს. რაც მთავარია, ჩვენ, ყველამ ერთად უნდა ვიხელმძღვანელოთ, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებით", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.