11-03-2021
მინდა, გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა ქალბატონმა ნათია თურნავამ, ერთ-ერთ უდიდეს ავსტრიულ კომპანია OMV Petrom-თან, რომელიც საქართველოში შემოვიდა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ავსტრიული კომპანიის ინტერესი, რომ საქართველოში დაიწყოს გაზის ძებნა-ძიების სამუშაოები, მიუთითებს რომ ქვეყანაში კარგი ბიზნესგარემოა.
„მოგეხსენებათ, ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი. როდესაც ისეთი მსხვილი კომპანია, როგორიც არის OMV Petrom-ი, გამოხატავს სრულ მზაობას, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნესგარემო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.