გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი: შეშფოთებულები ვართ, რომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაცია დღემდე არ გადაუხდია

11-03-2021

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, 2021 წლის 10 მარტის სხდომაზე ე.წ. დეპორტირებულების საქმის აღსრულების პროცესი შეაფასა და გადაწყვეტილება მიიღო.

კომიტეტმა კვლავ ღრმა შეშფოთება გამოთქვა, რომ კომპენსაციის გადახდის ვადა 2019 წლის 30 აპრილს ამოიწურა და რუსეთს დღემდე არ შეუსრულებია სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდის უპირობო ვალდებულება.

კომიტეტის შეფასებით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საქმის აღსრულების პროცესში შეინიშნება წინსვლა. კერძოდ, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, დეპორტირებულების საქმეზე 2020 წლის დეკემბრის სხდომაზე მინისტრთა კომიტეტმა მიიღო პირველი შუალედური რეზოლუცია, რაც გადაწყვეტილების აღუსრულებლობის შემთხვევაში პროცედურების დასაწყებად პირველ პროცედურულ ნაბიჯს წარმოადგენს.

საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობდა, რათა მოპასუხე სახელმწიფოს შეესრულებინა შუალედურ რეზოლუციაში განსაზღვრული მითითებები და ვალდებულებები. შედეგად, წინა შეხვედრებისგან განსხვავებით, რუსეთის პოზიცია აღარ ყოფილა თანხის გადახდის უარყოფა და ამის ნაცვლად გამოთქვა მზადყოფნა, დაზარალებულებისთვის გადასახდელი კომპენსაცია ჩარიცხოს ევროპის საბჭოს ანგარიშზე და ამ მიზნით გააფორმოს მემორანდუმი ევროსაბჭოსთან.

რუსეთის ხელისუფლებას ვალდებულებების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯების შესახებ ინფორმაციის წარსადგენად ვადა 2021 წლის 15 აპრილამდე განესაზღვრა.

აღნიშნული ინფორმაციის საფუძველზე, რუსეთის მიერ გადაწყვეტილების აღსასრულებლად გატარებულ ღონისძიებებს კომიტეტი უახლოეს სხდომაზე – 2021 წლის ივნისში შეაფასებს.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, აღნიშნულ საქმეზე მინისტრთა კომიტეტმა გადაწყვეტილებები 2019 წლის 23-25 სექტემბერს, 3-5 დეკემბერს, 2020 წლის 3-5 მარტს, 1-3 სექტემბერსა და 9 სექტემბერი-01 ოქტომბერს მიიღო, რითაც გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებისაკენ მოუწოდა; ხოლო 2020 წლის 1-3 დეკემბრის სხდომაზე მიღებულ იქნა შუალედური რეზოლუცია.

სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილება 2019 წლის 31 იანვარს მიიღო. გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთი ვალდებულია, საქართველოს სახელმწიფოს, როგორც მოსარჩელე მხარეს, ჩაურიცხოს 10 მილიონი ევროს ოდენობის მორალური კომპენსაცია იმ დაზარალებულთათვის გადასაცემად, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროები მიმართავენ ყველა ზომას, რათა რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს სტრასბურგის სასამართლოს მიერ დაკისრებული ვალდებულებები, რის შესახებაც საზოგადოება მუდმივად ინფორმირებული იქნება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930