გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

12-03-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ოთარ შამუგია შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურ დირექტორთან, დავით წითლიძესთან, კახეთის ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებთან და მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ მენეჯერთან ერთად, ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის მარჯვენა მაგისტრალური არხის შიდასამეურნეო ქსელის სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო.

„გამართული სარწყავი ინფრასტრუქტურა არის მნიშვნელოვანი წინაპირობა იმისთვის, რომ ჩვენ უზრუნველვყოთ ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო წარმოების შემდგომი ზრდა. სწორედ ამიტომ ბიუჯეტიდან ყოველწლიურად მნიშვნელოვანი თანხები მიემართება საირიგაციო სისტემების რეაბილიტაციისთვის. ამავდროულად ვთანამშრომლობთ დონორ ორგანიზაციებთან დამატებითი თანხების მოსაზიდად. სწორედ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება საგარჯოს მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტი, რომლის შედეგადაც რამდენიმე სოფლის მოსახლეობას ექნება სრულად მოწესრიგებული სარწყავი ინფრასტრუქტურა, რისი საშუალებითაც ისინი შეძლებენ მოიყვანონ მაღალშემოსავლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და მიიღონ მეტი სარგებელი“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს 26 მლნ ლარის ღირებულების სამუშაოები, რომელიც მარჯვენა მაგისტრალური არხის მეორე რიგის წყალგამანაწილებლების რეაბილიტაციას, დახურული, 128 კმ სიგრძის მილსადენის მოწყობასა და სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობების მონტაჟს ითვალისწინებს. პროექტის განხორციელების შედეგად ქალაქ საგარეჯოს, სოფელ ნინოწმინდის, გიორგიწმინდისა და წყაროსთავის 5000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

საირიგაციო სისტემის შიდა ქსელის მოწესრიგების სამუშაოები 2020 წლის შემოდგომაზე დაიწყო და 2021 წლის ბოლოს დასრულდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930