12-03-2021
უბინძურესი პროვოკაცია და ფაბრიკაცია - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს გაამრთულ ბრიფინგზე გავრცელებული ჩანაწერები.
მთავრობის მეთაურმა ჟურნალისტების მიერ ამ თემაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ ეს პროვოკაცია მიხეილ სააკაშვილის მხრიდან მომდინარეობს.
"აქამდე არ მქონდა შესაძლებლობა, გამეკეთებინა კომენტარი. რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რას ემსახურებოდა აღნიშული პროვოკაცია. კარგად გვესმის, თუ საიდან, ვისგან მომდინარეობს აღნიშნული პროვოკაცია. ეს, რა თქმა უნდა, არის მიხეილ სააკაშვილის მცდელობა. იმ ფონზე, როცა გამოიკვეთა რეალური კონტურები პოლიტიკური შეთანხმების მიღწევისა ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის, სწორედ, მაშინ იქნა გამოყენებული ეს უბინძურესი პროვოკაცია და სიყალბე, ფაბრიკაცია. რა თქმა უნდა, ეს არის ყოვლად დაუშვებელი, მიუღებელი, დასაგმობი, როგორც ხელისუფლების ისე ოპოზიციის მხრიდან.
იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ჯანსაღი და კონსტრუქციული ნაწილი გაემიჯნება აღნიშნულ პროვოკაციას", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მისი, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურის მთავარი საზრუნავია მუშაობა ქვეყნის და ხალხის წინაშე არსებული გამოწვევების მოგვარებაზე, თუმცა ვინაიდან ჩანაწერებმა კითხვები გააჩინა, განმარტებას მოსახლეობისთვის აკეთებს.
„რა თქმა უნდა, ეს არის ჩემი პირდაპირი პასუხისმგებლობა და მოვალეობა. არ მსურს, აღნიშნული მდარე ხარისხის ბინძურ პროვოკაციებზე მიწევდეს ყოველთვის თავის მართლება და განმარტებების გაკეთება, მაგრამ ვინაიდან, საზოგადოებაში გაჩნდა შეკითხვები, მინდა, მხოლოდ მოსახლეობისთვის გავაკეთო განმარტება: ეს არის ფაბრიკაცია, 11 წლის წინანდელი ჩანაწერები. კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მაშინ ჩვენ ვიყავით ტოტალური კონტროლის, ტოტალური მოსმენების მსხვერპლნი და ყველას უსმენდნენ. თვითონ ჩანაწერი შედგება უამრავი საუბრისგან, ეს არის ჩვეულებრივი ფაბრიკაცია. საუბარი იყო მაგალითად იმაზე, თუ რატომ ახსენებდა ბერა ივანიშვილი ჩემთან საუბარში, რომ მინისტრები დამირეკავდნენ.
მინდა, განმარტება გავაკეთო მოსახლეობისთვის. მოგეხსენებათ, 8 წლის განმავლობაში ვხელმძღვანელობდი ბატონი ბიძინა ივანიშვილის საქველმოქმედო ფონდს, ჩვენ ვმართავდით არაერთ საქველმოქმედო პროექტს საქართველოში. ჩვენ 200-300 მლნ-ის პროექტები გვქონდა წლის განმავლობაში. მოგეხსენებათ, 3 მლრდ დოლარი აქვს ბატონ ბიძინას დახარჯული ამ ფონდის მეშვეობით ჩვენი ქვეყნისთვის და ბუნებრივია, მაშინ მე მიწევდა ურთიერთობა, პირდაპირი კომუნიკაცია მთავრობის უწყებებთან, მათ შორის მინისტრებთან. მე მქონდა არაერთი შეხვედრა აწ გარდაცვლილ კულტურის მინისტრთან ბატონ რურუასთან, ჯანდაცვის მინისტრ ბატონ კვიტაშვილთან და ჩვენ ვმუშაობდით ამ პროექტებზე, განათლების მინისტრთან, თბილისის მერთან, ეკონომიკის მინისტრთან. ასევე, მინდა ვთქვა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მეუღლესთან, ქალბატონ სანდრასთან ჩვენ გვქონდა არაერთ პროექტზე მოლაპარაკებები და მათი თხოვნების მოსმენები გვიწევდა. პრეზიდენტის დედა - ქალბატონი გიული ალასანია ჩემი ხშირი სტუმარი იყო, როდესაც ვიყავი ფონდ "ქართუს" პრეზიდენტი, იგი ფონდში ხშირად გვსტუმრობდა. აქედან გამომდინარე, მგონი პასუხი ძალიან მარტივია - მე პირდაპირი კომუნიკაცია მქონდა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან. რა თქმა უნდა, აქ არავითარი ლოგიკა არ არსებობს იმისა, თუ რატომ უნდა ყოფილიყო სხვანაირად აღქმული და გაგებული ეს საკითხი. ასევე, საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ეს ჩანაწერები 2017 წელს იყო გაკეთებული, 2017 წელს მე ვიყავი ბიზნესში, პოლიტიკა დავტოვე 2015 წლის დეკემბერში და მას შემდეგ 4 წელი არ ვყოფილვარ საჯარო პოლიტიკაში. აქედან გამომდინარე, ეს არგუმენტიც არის აბსოლუტურად არალეგიტიმური და საფუძველს მოკლებული,"- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.