15-03-2021
საქართველოს საელჩოს და კორეის ფონდის (Korea Foundation) ორგანიზებით, ქ. სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ გალერეაში ფოტოგამოფენა „საქართველო მეღვინეობის აკვანი" ტარდება.
ქართული ღვინისა და მისი ისტორიის შესახებ მსგავსი მასშტაბის ექსპოზიცია კორეის რესპუბლიკაში პირველად იმართება. გამოფენაზე წარმოდგენილია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების ფოტოები, არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ღვინის ჭურჭლის, ოქრომჭედლობისა და ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლების ამსახველი ნამუშევრები. გამოფენა დამთვალიერებლებს შესაძლებლობას აძლევს გაეცნოს საქართველოში ღვინის წარმოების 8 000-წლიან ტრადიციას, როგორც გალერეაში მისვლით, ასევე ონლაინ ფორმატში.