გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების განათლების სისტემაში დასაბრუნებლად სპეციალური პროგრამა შეიქმნა

15-03-2021

პირველად, საქართველოს განათლების სისტემაში, სხვადასხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, შეიქმნა „სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების იდენტიფიცირების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“.

პროგრამის ფარგლებში, გამოვლინდა 6-დან 16 წლამდე 10 404 მოზარდი (შესაბამისი ასაკის მოსახლეობის 1,7%), რომლებსაც არ აქვთ საგანმანათლებლო ისტორია და არ არიან განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მოსწავლეთა ბაზაში.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების შესახებ სრული მონაცემები აქამდე არ არსებობდა, ასევე არ არსებობდა რაიმე გეგმა ან მექანიზმი საგანმანათლებლო გარემოში მათ დასაბრუნებლად.

სამინისტროს მიზანია, ერთი მხრივ, დაიცვას საქართველოში მცხოვრები ბავშვების კონსტიტუციით გარანტირებული განათლების უფლება, ხოლო, მეორე მხრივ, უზრუნველყოს მათი წარმატებული ინტეგრირება განათლების სისტემაში; ასევე, მოზარდების ისეთი უნარებითა და ცოდნით აღჭურვა, რომელიც შრომის ბაზრის მოთხოვნებს პასუხობს. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამ დრომდე ქვეყანაში არ არსებობდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სისტემა და მათი განათლების სისტემაში დაბრუნების მექანიზმები.

აღნიშნულის პარალელურად, სამინისტრომ, UNICEF-ისა და ბულგარეთის მთავრობის მხარდაჭერით, შეიმუშავა სპეციალური შეკუმშული სასწავლო გეგმა, რომელიც განათლების მიღმა დარჩენილ მოსწავლეებს შესაბამის საგანმანათლებლო გარემოს შესთავაზებს. ამ ეტაპზე ახალი კურიკულუმის პილოტირების პროცესი მიმდინარეობს სპეციალურად შერჩეულ საჯარო სკოლებში. გარდა ამისა, მოზარდებისათვის მზადდება სასწავლო რესურსები, ხოლო მასწავლებელთათვის – სატრენინგო მოდულები.

შემდეგ ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებული მოზარდების მშობლებთან, მეურვეებთან ან კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაცია და ინდივიდუალური შემთხვევების განხილვის შედეგად მოზარდების ჩართვა ფორმალურ განათლებაში ან მათთვის სპეციალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება. ამ პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები, რომლებიც მოზარდებთან ინდივიდუალურად იმუშავებენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მომზადებული „სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 10 სექტემბერს დაამტკიცა.

პროგრამის განხორციელებაზე საქართველოს განათლებისა, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სხვადასხვა უწყებებთან ერთად იმუშავა. სამუშაო პროცესში ჩართული იყო საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინიტრო და სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი. სწორედ ამ უწყებებს შორის მონაცემების გაცვლის საფუძველზე გახდა შესაძლებელი სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების გამოვლენა.

UNESCO-ს მონაცემებით, მსოფლიოში 61 მლნ ბავშვი არის სკოლის მიღმა დარჩენილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930