15-03-2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა მცხეთაში კოოპერატივების წარმომადგენლებთან გასვლითი შეხვედრა გამართეს, სადაც მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ქვემო ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში არსებული კოოპერატივების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაში რეგიონების დაახლოებით 60-მდე კოოპერატივის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კოოპერატივების უმრავლესობა მეცხოველეობის, მეფუტკრეობის და მევენახეობის სფეროებს წარმოადგენდნენ.
შეხვედრაზე, რომელიც საქართველოს რეგიონებში „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" კანონის აღსრულების კონტროლის მიზნით შექმნილი მოკვლევის ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა, ისაუბრეს კოოპერატივების წინაშე მდგარ პრობლემებზე. ყურადღება განსაკუთრებით იმ საკითხებზე გამახვილდა, რომელთა გადაუწყვეტლობა ხელს უშლის კოოპერატივებს მათ საქმიანობაში. კოოპერატივების წარმომადგენელთა განცხადებით, მეფუტკრეების პრობლემები პროდუქტის რეალიზაციას უკავშირდება, მეცხოველეებს საძოვრების პრობლემა და მიწის იჯარით გადაცემა აწუხებს. რამდენიმე კოოპერატივის წარმომადგენელმა მოქმედი კანონის დახვეწა და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვა.
შეხვედრას უძღვებოდა აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრი, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ჯგუფის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლები. კოოპერატივების წარმომადგენლების მიერ წამოჭრილი მთელი რიგი საკითხების გადაჭრა კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ადგილზევე შეძლეს, დანარჩენზე კი კომიტეტი და შესაბამისი სამინისტრო ერთობლივად იმსჯელებენ, რის შემდეგაც მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება.
აგრარულ საკითხთა კომიტეტის წევრებმა ანალოგიური შეხვედრები კოოპერატივების წარმომადგენლებთან რამდენიმე რეგიონში უკვე გამართეს. კომიტეტი 2021 წლის თებერვლიდან ახორციელებს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლს. მოკვლევის ჯგუფის შექმნის მიზანს წარმოადგენდა კანონპროექტის ძირითადი პრინციპების და, შესაბამისად, კოპერატივების მუშაობის გაუმჯობესება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლი ხორციელდება ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდთან (WFD) თანამშრომლობით და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით.