გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა

15-03-2021

საქართველოს პარლამენტის წევრი რიმა ბერაძის ინიციატივითა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, დღეს, ამავე კომიტეტის ბაზაზე ეროვნული უმცირესობების საკონსულტაციო საბჭო შეიქმნა.

საბჭო საქართველოში მცხოვრებ თექვსმეტ თემს აერთიანებს და მისი მთავარი მიზანი ორმხრივი, ეფექტიანი ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სისტემური პრობლემების მოგვარებაზე მუშაობა იქნება.

საბჭო აქტიურად იმუშავებს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდების დასაქმებისა და კულტურული მიმართულებებითაც.

„ეროვნული უმცირესობები ჩვენი მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენენ. მათი უმრავლესობა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა და მრავალი წელია ჩვენი ქვეყნის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ. მათი საპარლამენტო და საკომიტეტო საქმიანობაში ეფექტიანი ჩართულობის მიზნით, დღეს, დიასპორის კომიტეტის ბაზაზე, ეროვნული უმცირესობების საკონსულტაციო საბჭო შევქმენით. ამ ეტაპზე საბჭო 16 თემს აერთიანებს და ის ღიაა ამ თემებზე მომუშავე ორგანიზაციებისა და ექსპერტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საბჭოს საქმიანობა იქნება ძალიან წარმატებული და ის მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ეროვნული უმცირესობების საპარლამენტო საქმიანობის ჩართვასა და ორმხრივი ინტეგრაციის მიმართულებებით" - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, რიმა ბერაძემ.

კომიტეტის დღევანდელ სხდომას, შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე, ლია გიგაური ესწრებოდა. „ყველას, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს, ძალიან გვჭირდება ჰარმონიული თანაცხოვრება, თანასწორობის მიღწევა და ერთმანეთთან თანამშრომლობით, საქართველოს დემოკრატიული განვითარების მიღწევა", - განაცხადა ლია გიგაურმა. როგორც სხდომაზე აღინიშნა, სამინისტროს წარმომადგენელი აქტიურად იქნება ჩართული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მუშაობაში.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა, დღეს, საბჭოს შემქნას მხარი ერთხმად დაუჭირა. კომიტეტმა დღესვე საკონსულტაციო საბჭოს დებულება და სამთვიანი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930