15-03-2021
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულ სიუჟეტს, სადაც ითქვა, თითქოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიკერძოებულად ჩაატარა ტენდერი და დასავლეთ საქართველოში პენიტენციური დაწესებულებების რეაბილიტაციისთვის ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ კომპანია „ანაგს" 37 მლნ ლარის ტენდერი მოაგებინა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მოცემული ბრალდებები საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ტენდერი, რომელზეც სიუჟეტში იყო საუბარი მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა.
"კერძოდ, დაბა ლაითურის პენიტენციური დაწესებულების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით 2020 წლის 2 მარტს გამოცხადდა GEO200000073 შესყიდვის ელექტრონული პროცედურა, წინადადებების მიღება დასრულდა 2020 წლის 2 აპრილს, თუმცა იმ პერიოდისთვის მასში არც ერთმა კომპანიამ არ მიიღო მონაწილეობა.
2020 წლის 28 აპრილს განმეორებით გამოცხადდა შესყიდვის ელექტრონული პროცედურა (GEO200000168). წინადადებების მიღება დასრულდა 2020 წლის 13 მაისს და მასში მონაწილეობა მიიღო ერთმა პრეტენდენტმა - შპს „ანაგი". მოცემული სამუშაოების შესყიდვის, ასევე ნებისმიერი იმ მომსახურების შესყიდვის პროცედურები, რომლებიც პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ხორციელდება „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული „სახელმწიფო შესყიდვების ობიექტების ნუსხისა და შესყიდვების განხორციელების წესის" დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ივლისის #321 დადგენილების საფუძველზე. ხოლო ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ იმ პრეტენდენტებს, ვისაც საიდუმლო ინფორმაციაზე დაშვება აქვს და ამ უფლებას კომპანიებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ანიჭებს მათივე მოთხოვნის საფუძველზე. მათ შორის არის კომპანია „ანაგი", რომელიც ამ უფლებით უკვე დაახლოებით ათი წელია სარგებლობს, თუმცა ის არ არის ქართულ ბაზარზე ერთადერთი, ვისაც ასეთი დაშვება გააჩნია. ამიტომ სიუჟეტში გამოთქმული ბრალდება, რომ "სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კომპანია „ანაგს" მიანიჭა ფორმა N4, რაც ნიშნავს იმას, რომ ტენდერი გასაიდუმლოებულია და ტენდერში სხვა კომპანია მონაწილეობას ვერ მიიღებდა" - სრული სიცრუეა, ვინაიდან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოცემული კომპანიის გარდა მსგავსი უფლებით სხვა კომპანიებიც სარგებლობენ" - აცხადებენ უწყებაში.