16-03-2021
პროფესიულ კოლეჯებში, პრაქტიკული სწავლების დასწრებული ფორმით აღდგენის შემდეგ, 15 მარტიდან სასწავლო პროცესი აუდიტორიებშიც განახლდა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტში ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯს ეწვია და ადგილზე გაეცნო სასწავლო პროცესის მიმდინარეობასა და პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ გაწეულ სამუშაოებს.
თამარ ქიტიაშვილის თქმით, მობილობის შესამცირებლად კოლეჯები სწავლების გარკვეულ კომპონენტებს დისტანციურ რეჟიმში ტოვებენ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს არსებული უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შენარჩუნებას.
ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯი სწავლების შერეული ფორმით 19 პროფესიულ პროგრამას ახორციელებს, რომელთაგან 14 სოფლის მეურნეობის მიმართულებისაა. აღნიშნული პროგრამებიდან 7 დუალურია, სადაც სტუდენტებს თეორიული სწავლების პარალელურად, რეალურ სამუშაო გარემოში სწავლისა და პრაქტიკული სამუშაო გამოცდილების მიღების შესაძლებლობა აქვთ.
სოფელ წინამძღვრიანთკარში მოქმედი კოლეჯი სოფლის მეურნეობის მიმართულების პირველი და უძველესი პროფესიული სასწავლებელია საქართველოში. შენობა, სადაც თავდაპირველი სასწავლებელი იყო განთავსებული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მას ამ ეტაპზე რესტავრაცია უტარდება. კოლეჯში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში მინისტრის მოადგილე სარეაბილიტაციო სამუშაოებსაც გაეცნო, რომელიც აქტიურ ფაზაშია და შეუფერხებლად მიმდინარეობს. ისტორიული სასწავლებელი მალე თავის პირვანდელ სახეს დაიბრუნებს.