16-03-2021
ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ, ჟოზეფ ბორელთან და ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს სურს, 2024 წლისთვის გააკეთოს განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე.
პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისარს, ასევე ასოცირების საბჭოს წევრებს, ჩართულობისთვის.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს და ევროკომისარს. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ასოცირების საბჭოს წევრებს, ჩართულობისთვის. დღევანდელი საბჭო არის განსაკუთრებული მოვლენა ჩვენს ურთიერთობებში, კოვიდის გლობალური პანდემიის დაწყების დღიდან.
ნება მიბოძეთ, საქართველოს, როგორც ძლიერი და საიმედო დემოკრატიული პარტნიორის მკაფიო მზადყოფნა გამოვთქვა დემოკრატიული პროცესების განვითარებაში. საქართველო არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორი, ამ გეოპოლიტიკურად დაძაბულ რეგიონში. ჩვენ მომავალს ევროკავშირთან ვხედავთ და გვაქვს ნაკისრი ვალდებულება, რომ ეს რთული და მნიშვნელოვანი გზა გავიაროთ. ძალიან ვაფასებს ევროკავშირის ჩართულობას ჩვენი მისწრაფებების განვითარების და წინსვლის საქმეში. პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი იყო იმის ძალიან მკაფიო დასტური, რომ ევროკავშირი საქართველოს პარტნიორად მიიჩნევს. ჩვენი განაცხადი და ამბიცია არის ის, რომ 2024 წლისთვის გავაკეთოთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობის განაცხადი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველო აფასებს იმ დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი უწევს ქვეყანას.
„ევროკავშირი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და უმსხვილესი დონორია საქართველოს განვითარების სფეროში. ჩვენ ვაფასებთ იმ დახმარებას, რომელსაც ევროკავშირი უწევს საქართველოს. განსაკუთრებით, პანდემიის დაწყების პირველივე დღიდან. ტექნიკური დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, პანდემიის შედეგების თავის დაღწევის და რეფორმების განხორციელების კუთხით. ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ მიღებული გვაქვს საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც ევროკავშირის და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას გულისხმობს. ენერგოეფექტურობის, ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციული ბაზრის მიმართულებით და ა.შ. ყველზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს, იყო ისტორიული გადასვლა საპარლამენტო დემოკრატიის ეტაპზე და როგორც იქნა ნახსენები, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლება იყო დაცული", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.