გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უმაღლესი სასწავლებლების მონიტორინგი გრძელდება

18-03-2021

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ბექა ფერაძესთან ერთად, საქართველოს ეროვნულ და სოხუმის უნივერსიტეტებში ვირუსის თავიდან ასაცილებლად გატარებულ ღონისძიებებს გაეცნო და უნივერსიტეტებში დანერგილ სიახლეებთან დაკავშირებით ინფორმაცია თავად სტუდენტებისგან მოისმინა.

მიმდინარე წლის 1-ლი მარტიდან დღემდე მინისტრის მოადგილე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსთან ერთად,შემთხვევითი შერჩევის პრინციპით არაერთ უმაღლეს სასწავლებელში იმყოფებოდა. ადგილზე გაეცნო ვითარებას როგორც სახელმწიფო კონსერვატორიაში, ასევე სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, კავკასიის უნივერსიტეტსა და პეტრე შოთაძის სახელობის თბილისის სამედიცინო აკადემიაში. მათი შეფასებით, უნივერსიტეტები ყველა სანიტარულ-ჰიგიენურ სტანდარტს აკმაყოფილებს და თითოეულ მათგანში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სოხუმის უნივერსიტეტში, სადაც ჯანდაცვის რეკომენდაციები სრულადაა დაცული, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სწავლა სრულად დისტანციურ ფორმატში მიმდინარეობს.რაც შეეხება ლაბორატორიულ სამუშაოებს, სტუდენტები უსაფრთხო გარემოში აწარმოებენ.

საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში(SEU) 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სწავლა ჰიბრიდული მოდელით გაგრძელდა, რაც გულისხმობს სწავლებას როგორც სასწავლო აუდიტორიებში, ასევე, დისტანციურად. სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს ჰქონდათ საშუალება,თავად აერჩიათ, რომელი მოდელით სურდათ აკადემიური სემესტრის გაგრძელება.

"COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ყველა წესის სრული დაცვით მიმდინარეობს. სტუდენტები, აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალი უნივერსიტეტში შემოსვლამდე გადიან თერმოსკრინინგს, აუდიტორიებში იცავენ დისტანციას, ლექცია-სემინარებს ესწრებიან პირბადის გამოყენებით. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები50 წუთში ერთხელ მიმდინარეობს" - აცხადებენ სამინისტროში.

როგორც ცნობილია, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის აღდგენა 2 ეტაპად მოხდა. 1-ლი მარტიდან მათ უფლება აქვთ კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული კომპონენტები და გამოცდები არადისტანციურ ფორმატში ჩაატარონ, 15 მარტიდან კი– სალექციო სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განაახლონ. ორივე ეტაპზე არჩევანი ნებაყოფლობითია და კონკრეტულ გადაწყვეტილებას უნივერსიტეტები სამინისტროსთან კონსულტაციით, ინდივიდუალურად იღებენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930