გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია ინტერვიუ
უცნობი სტალინი - ინტერვიუ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პროფესორ ვლადიმერ ნევეჟინთან

30-04-2018

იოსებ სტალინის ფიგურა ბევრში წინააღმდეგობრივ გრძნობებს იწვევს, ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მკითხველებს ცალკეული პუბლიკაციების ტონალობა არ მოსწონთ. მაგრამ ახლა ჩვენ სრულიად სხვა საკითხზე ვისაუბრებთ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ იოსებ სტალინი ჩვეულებრივი ადამიანი იყო - თავისი ავადმყოფობებით, მავნე და კარგი ჩვევებით, გატაცებებით და ა.შ. რატომ უყვარდა იოსებს ხანგრძლივი დროით დასვენება, ახდენდა თუ არა გავლენას ავადმყოფობა მისი გადაწყვეტილების მიღებაზე და როგორ უთავსდებოდა ბელადის პირადი ყოფითი ასკეტიზმი კრემლში გამართულ მდიდრულ ბანკეტებს...

მოვუსმინოთ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტის წამყვან მეცნიერ-თანამშრომელს, პროფესორ ვლადიმერ ნევეჟინს, რომელსაც „ლენტა.რუ“-ს კორესპონდენტი ანდრეი მოზჟუხინი ესაუბრება.


- რა არის დღეს ცნობილი იოსებ სტალინის ავადმყოფობების შესახებ?


- ყოველი ადამიანის ავადმყოფობა და მით უმეტეს, თუ ეს ეხება ცნობილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, ძალიან დელიკატური თემაა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ამ დროს ყოველგვარი ზედმეტობა უნდა გამოვრიცხოთ და მკაცრად მივენდოთ დოკუმენტებს. საბჭოთა პერიოდში იოსებ სტალინის ავადმყოფობის საკითხი ისტორიკოსებისთვის დახურულ თემას წარმოადგენდა, მიუწვდომელი იყო მის პირად ფონდში დაცული მასალებიც. ასეთ სიტუაციაში უამარავი ხმები და ჭორები ვრცელდებოდა, ყალბდებოდა სინამდვილე.


- თქვენ მხედველობაში გაქვთ პარანოიის ვერსია, რომელიც იოსებ სტალინს თითქოსდა ცნობილმა ფსიქიატრმა ალექსანდრე ბეხტერევმა დაუდგინა?


- დიახ, ეს ყველაზე ტიპიური ჭორია. საერთოდ, დასავლეთში სწორედ ამგვარი ავადმყოფობით (შიზოფრენიით ან პარანოიით) ხსნიდნენ იოსებ სტალინის მოქმედებას, მაგალითად, 1930-იან წლებში მომხდარ პოლიტიკურ რეპრესიებს.


- და როგორ იყო სინამდვილეში?


- სინამდვილეში ამ საკითხზე არავითარი დოკუმენტი არ არსებობს. აკადემიკოს ალექსანდრე ბეხტერევის მიერ თითქოსდა დასმულ დიაგნოზზე ჩვენ მხოლოდ მისი მემკვიდრეების მონაყოლით ვიცით. დაეჯერება თუ არ დაეჯერება ამ ვერსიას, ეს ყველამ თვითონ უნდა გადაწყვიტოს. მე მხოლოდ ერთს ვიტყვი: პარანოია მძიმე ავადმყოფობაა და ვისაც ეს სენი სჭირს, ის სახელმწიფოს ხანგრძლივად ვერ უხელმძღვანელებს. რა თქმა უნდა, იოსებ სტალინს ძალიან მძიმე ხასიათი ჰქონდა, მას ყოველ წუთში შეეძლო ადამიანს უხეშად მოპყრობოდა, მაგრამ მას ვერ დავაბრალებთ 1930-იან წლებამდე ულმობლობისა და არამოტივირებული ძალადობისაკენ სწრაფვა-მიდრეკილებას. ალბათ, ამ პერიოდში მის მიერ გამომჟღავნებული მკვეთრი სიმკაცრე ასაკობრივი ცვლილელებით უნდა ავხსნათ.


რაც შეეხება დოკუმენტებს, სტალინის პირადი ფონდის მასალები ნკვლევარებისა და სპეციალისტებისთვის მხოლოდ 1990-იან წლებში გახდა ცნობილი. იმ პერიოდშივე განსაიდუმლოვდა ბელადის ავადმყოფობის ისტორიის ზოგიერთი დოკუმენტი. სულ ბოლოს კი, 2016 წელს, ისტორიკოსმა და პუბლიცისტმა ივანე ჩიგირინმა გამოაქვეყნა ყველა ის მასალა, რაც დღემდეა შემორჩენილი.


- მაინც რით ავადმყოფობდა სტალინი ხელისუფლებაში მოსვლის მომენტისათვის?


- 1920-იანი წლების ბოლოსათვის, თუ ამ თარიღს ათვლის წერტილად მივიღებთ, მას უკვე რამდენიმე ავადმყოფობა ჰქონდა პირველად გადატანილი: 1921 წელს ამოკვეთეს ბრმა ნაწლავი (აპენდიქსი) მოსკოვის სერგეი ბოტკინის სახელობის საავადმყოფოში, რომელიც ქირურგმა ვლადიმერ როზანოვმა განახორციელა (სხვათა შორის, იგი ვლადიმერ ლენინის ერთ-ერთი მკურნალი ექიმიც იყო). ოპერაციამ მძიმედ ჩაიარა. სტალინს კუჭის რეზექციაც დაჭირდა, ანუ კუჭის ნაწილიც ამოჭრეს... სიტუაცია იმდენად რთული იყო, რომ სტალინის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა. მან სტაციონარულ განყოფილებაში ორ კვირაზე მეტ ხანს დაჰყო. სტალინის ავადმყოფობების ისტორიაში ასევე აღნიშნულია, რომ მან 1908 წელს შებრუნებითი ტიფი გადაიტანა. 1915 წელს სტალინს სახსრების რევმატიზმი დაემართა, რომელიც ციმბირში, პოლარული წრის იქით მდებარე ტურუხანსკის მხარეში ყოფნამ გამოიწვია, გადასახლების დროს. რევმატიზმს თან სდევდა ტკივილები მარცხენა ზემო კიდურის წინამხარში.


- იოსებ სტალინს სიცოცხლის ბოლომდე სტანჯავდა ხელის ხმობა, ხომ?


- დიახ. ეს განპირობებული იყო ბავშვობაში მიღებული ტრამვით, როცა მას ეტლმა გადაუარა და მარცხენა ხელი დაუზიანდა, ყურთან ერთად. სხვათა შორის, ამის გამო 1915 წელს იოსებ სტალინი, სამხედრო ექიმთა კომისიის გადაწყვეტილებით, ფრონტზე გაგზავნას გადაურჩა.


- კიდევ რით ავადმყოფობდა?


- სტალინი ხშირად ხდებოდა ავად ანგინით, თითქმის ყოველწლიურად, კურორტზე ყოფნის დროსაც კი. უბრალოდ, საკმარისი იყო ცივი წყალი დაელია. 1923 წელს მას დიაგნოზად დაუსვეს ნევრასთენია: სტალინი თავბრუხვევას უჩიოდა და ექიმებს ეუბნებოდა, ზოგჯერ გულმავიწყი ვხდებიო, რაც გამოწვეული იყო ძლიერი დაღლილობით და გადატვირთული სამუშაო რეჟიმით. იყო შემთხვევები, როცა მას პრობლემები ჰქონდა ფილტვებზე, რადიკულიტითაც ავადმყოფობდა.


- სტალინი ჯანმრთელობას უფრთხილდებოდა? ცდილობდა ხშირად დასვენებას?


- რასაკვირველია, როგორც ყოველი მოკვდავი, სტალინიც უფრთხილდებოდა თავის ჯანმრთელობას. იგი ზოგჯერ ტრაბახობდა კიდეც - ისეთი ავადმყოფობა მჭირს, ექიმებსაც კი ვერ გაუგიათ, როგორ მიმკურნალონო. სტალინს სჯეროდა, რომ ღვინით შეიძლებოდა ადამიანის განკურნება. გარდა ამისა, მისი მიმოწერიდან ჩანს, რომ ბელადი დადებითად აფასებდა მკურნალობას და დასვენებას შავი ზღვის სანაპიროზე - სოჭში, გაგრაში, მაცესტაში. იმავე მიმოწერიდან ჩანს, რომ სტალინი მაინცდამაინც არ ენდობოდა გერმანელ ექიმებს, რომლებიც 1920-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა რუსეთში მუშაობდნენ. ისინი მკურნალობდნენ არა მარტო ვლადიმერ ლენინს, არამედ სხვა ბოლშევიკ ლიდერებს, მათ შორის იოსებ სტალინს და ლევ ტროცკის. ამასთან, იოსებ სტალინი პოზიტიურად აფასებს ექიმ ვლადიმერ როზანოვს, რომელმაც 1921 წელს სიკვდილს გადაარჩინა. იმავე ხანებში ბელადს პარტიის პოლიტბიურომ ორკვირიანი შვებულება მისცა, რათა კავკასიაში, გაგრაში დაესვენა, მაგრამ იგი გაგრის ნაცვლად, ნალჩიკში წავიდა, ჩრდილოეთ კავკასიის საკითხების მოსაგვარებლად, ექიმების ზედამხედველობის გარეშე. იგი, როგორც ეროვნებათა საქმეების სახალხო კომისარი, მონაწილეობდა ადგილობრივი კავკასიელი ხალხების საკითხების გადაწყვეტაში, ესწრებოდა კრებებს, კონფერენციებს... იყო თბილისშიც.


1923 წლის სექტემბერ-ოქტომბერში ექიმების რეკომენდაციით სტალინი ესენტუკსა და კისლოვოდსკში ისვენებდა, 1925 წლიდან - რეგულარულად მაცესტაში, სოჭში და გაგრაში ომის შემდეგ ერთხელ ყირიმშიც იყო, შემდეგ კი მხოლოდ სოჭში და საქართველოში (გაგრაში, ბორჯომში).


- მართალია, რომ სწორედ სტალინმა დაუდო სათავე სამხრეთის კურორტებზე ხანგრძლივად დასვენებას?


- არა, ეგ ტყუილია. საერთოდ, იმ დროს ბოლშევიკ ლიდერებს დასვენება ძალიან უყვარდათ. სამოქალაქო ომი დასრულებული იყო, ნეპ-ის დრო დადგა, ბუხარინი, ზინოვიევი და განსაკუთრებით ტროცკი თევობით ნებივრობდნენ მინერალურ წყლებზე, ამიტომაც მათ ფონზე სტალინი მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა. მოგვიანებით კი, სტალინის შვებულებები მართლაც ძალიან გაგრძელდა: იგი ცოლ-შვილთან ერთად ხშირად ხანგრძლივად ისვენებდა. 1945 წლიდან 1951 წლამდე შვებულებები პრაქტიკულად უზომო იყო - სამიდან ოთხ თვემდე. რეკორდული გახდა სტალინის სიცოცხლეში ბოლო შვებულება 1951 წელს, 10 აგვისტოდან 22 დეკემბრამდე.


- და როგორ ისვენებდა ხოლმე - ბანაობდა, ირუჯებოდა?


- არა, მას აქტიური დასვენება არ უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი კავკასიაში დაიბადა და გაიზარდა, ზღვის პლაჟზე ყოფნა და გარუჯვა არ მოსწონდა. არ არსებობს იმის მონაცემები, რომ სტალინი ცურვის მოყვარული იყო, მას ამაში ხელს რევმატიზმი უშლიდა. ექიმებმაც ურჩიეს, რომ ზღვაში არ იბანაოო. ოჯახთან ერთად დასვენებისას და როცა სხვა პარტიული ამხანაგები ეწვეოდნენ, სტალინი ხშირად თამაშობდა ქალაქობანას, უყვარდა ბილიარდიც. თუმცა, რა თქმა უნდა, იგი შვებულებების დროსაც მუდმივად მუშაობდა და სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხებს წყვეტდა, რასაც მისი მიმოწერა და სხვა მისი თანამოაზრეების მემუარებიც ადასტურებს. იგი კითხულობდა უამრავ დოკუმენტს, რომლებსაც მოსკოვიდან უგზავნიდნენ.


ომის შემდეგ იოსებ სტალინი სამხრეთის კურორტებზე დასვენების დროს უცხოელ ლიდერებსაც ხვდებოდა და მოლაპარაკებებს აწარმოებდა, მაგალითად, მათიაშ რაკოშის (უნგრეთიდან) და ენვერ ხოჯას (ალბანეთიდან).


- როგორ გავლენას ახდენდა ბელადზე ალკოჰოლი და თამბაქო?


- როგორც ცნობილია, იოსებ სტალინი ძალიან მაგარი მწეველი იყო. ექიმები მას ხშირად ურჩევდნენ „თამბაქოს მოწევის შემცირებას“, როგორც ეს 1926 წელსაა ჩაწერილი მისი ავადმყოფობის ისტორიაში. მოგვიანებით იგივეს ურჩევდა ბელადს კრემლის ექიმი ლევინიც.
რაც შეეხება ალკოჰოლს, ბელადს მართლაც უყვარდა სუფრის გაშლა ვიწრო წრეში და თანამოაზრეების გამასპინძლება, იწვევდა ცნობილ მფრინავებს, მწერლებს... 1936 წელს მან სოჭში მიიწვია ვალერი ჩკალოვი, გიორგი ბაიდუკოვი და ალექსანდრე ბელიაკოვი მეუღლეებით, რომლებმაც ძირს დაუშვებელი ფრენა განახორციელეს მოსკოვიდან შორეულ აღმოსავლეთში. თვითონ იოსებ სტალინი მხოლოდ ღვინოს სვამდა და არასოდეს თვრებოდა, თუმცა სუფრის წევრებს არაყსა და კონიაკს ასმევდა და სასმისში წვეთს არ ატოვინებდა.


- მკურნალი ექიმები არ ცდილობდნენ სტალინის „საქეიფო სუფრის“ შეზღუდვას?


- არა. ყოველ შემთხვევაში, ომამდელ დოკუმენტებში ასეთი რეკომენდაცია არ მინახავს. როგორც ჩანს, მათ ეშინოდათ ასეთი რჩევის მიცემისა.... თუმცა 1944 წელს ექიმებმა სტალინს მკაცრად აუკრძალეს ღვინისა და ლუდის დალევა. ღვინის სმას ზოგჯერ თან კურიოზები ახლდა: 1926 წელს, პოლიტბიუროს დადგენილებით, სტალინმა თვენახევრიანი შვებულება მიიღო სამკურნალოდ. მაგრამ იგი სოჭის ნაცვლად თბილისში წავიდა, სადაც მას სერგო ორჯონიკიძე და ანასტას მიქოიანი ელოდებოდნენ. ჰოდა, სამივემ კარგი ექსკურსია მოაწყო, მთელი კავკასია შემოიარეს და დრო გვარიანად გაატარეს.


- კონკრეტულად სად იყვნენ?


- ჩავიდნენ ბორჯომში, ქუთაისში, გორში და სხვა ადგილებში, შემდეგ ფოთიდან სტალინი სოჭში წავიდა. სხვათა შორის, გზაში გემზე იგი თევზით მოიწამლა (თან ექიმი არ ახლდა). ასე იყო თუ ისე, კავკასიაში „მხიარული ექსკურსიის“ შემდეგ ექიმებმა მას სპირტიანი სასმელები აუკრძალეს და უფრო მეტად მაცესტის აბაზანების მიღება ურჩიეს.


- ცოლის თვითმკვლელობის შემდეგ სტალინი სამხრერთის კურორტებზე მარტო დადიოდა?


- უფრო მეტად მას რომელიმე თანამებრძოლი მიჰყავდა, მაგალითად, სიმონ ბუდიონი ან კლიმენტ ვოროშილოვი 1933 წელს. მაგრამ მას მაინც აქტიური კავშირი ჰქონდა მოსკოვთან და მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში მონაწილეობდა.


- იოსებ სტალინმა იცოდა, რა ხდებოდა იმ დროს ქვეყანაში - ჰქონდა ცნობები კოლექტივიზაციაზე, შიმშილობაზე?


- რა თქმა უნდა, მან ეს ყველაფერი იცოდა. მას საიდუმლო ცნობებს აწვდიდნენ ძალოვანი სტრუქტურები, მაგალითად, სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველო („გეპეუ“), მოგვიანებით „ენკავედე“ და ასე შემდეგ.


- რა გავლენა მოახდინა სტალინის ჯანმრთელობაზე ომმა?


- ომის დროს მან თავის ხელში მოაქცია მთელი პარტიული და სახელმწიფო მმართველობის სადავეები. შესაბამისად, მის ჯანმრთელობაზე ძალიან იმოქმედა არანორმალურმა მუშაობის რეჟიმმა, გადატვირთვამ, გადაღლილობამ... ბუნებრივია, ომის დროს ხშირი იყო სტრესული მომენტებიც. 1944 წელს ბელადი ძალიან გახდა ავად, მაგრამ მას არ დაუსვენია, 1937 წლიდან 1945 წლამდე კი ხანგრძლივ შვებულებაში არ გასულა.


- რატომ?


- ალბათ იმიტომ, რომ ომის წინ რთული საერთაშორისო ვითარება იყო. კრემლის კაბინეტის სტუმრების ჟურნალიდან ჩანს, რომ 1937-1938 წლებში იგი მუდმივად მოსკოვში იმყოფებოდა, დედის დაკრძალვაზეც კი არ ყოფილა..


- როდის ჰქონდა იოსებ სტალინს ომის წინ ბოლო შვებულება და ომის შემდეგ პირველი შვებულება?


- ომის წინ ბოლო შვებულება - 1936 წლის 14 აგვისტოდან 25 ოქტომბრამდე, სოჭში. ომის შემდეგ პირველი შვებულება - 1945 წლის 8 ოქტომბრიდან 21 დეკემბრამდე, ისევ სოჭში.


- როგორც ამბობენ, როცა 1945 წელს იოსებ სტალინი შვებულებაში გავიდა, დასავლეთში ჩათვალეს, რომ იგი ძალიან ავადაა და რომ მისი სოცოცხლის დღეები დათვლილიაო...


- კი, აშშ-ის პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა მასთან ავარელ ჰარიმანი მიაგზავნა, რომ პირადად გაეგო სიტუაცია... თუმცა ამაში გასაკვირი არაფერია. დასავლურ პრესაში ბევრი ინსინუაცია ქვეყნდებოდა იოსებ სტალინის ჯანმრთელობის შესახებ.


- ხშირად ამბობენ, რომ სტალინი ასკეტურად ცხოვრობდაო და ყოფით მომენტებში კომფორტზე ძალიან მომთხოვნი არ იყო...


- იგი უფრო მეტად ასკეტი სწორედ ყოფით მომენტებში იყო რაღა შორს წავიდეთ და ამაზე კრემლში არსებული მისი საცხოვრებელი ოთახის აღწერილობაც მოწმობს, რომელიც მოხსენიებული აქვს უინსტონ ჩერჩილს, ანრი ბარბიუსს, ენტონი იდენს... თუმცა, როცა საქმე ეხებოდა ქვეყნის ინტერესებს, იოსებ სტალინი ცდილობდა სახელმწიფოს ძლიერებისა და სიმდიდრის წარმოჩენას. მას სურდა, რომ უცხოელი სტუმრები კრემლის აპარტამენტების სიმდიდრით განეცვიფრებინა, სადაც ოფიციალური ღონისძიებები იმართებოდა ხოლმე.


- თქვენ მხედველობაში გაქვთ ცნობილი სტალინური ბანკეტებიც კრემლის სასახლის დიდ დარბაზებში?


- რა თქმა უნდა. ომის დროსაც კი ოფიციალურ მიღებების დროს მაგიდებზე კერძების, საჭმელების ტევა არ იყო. ღვინო და სხვა სასმელები მდინარესავით იღვრებოდა. ზოგიერთ უცხოელს ეს ძალიან უკვირდა. მაგალითად, ამერიკელმა დიპლომატმა ავარელ ჰარიმანმა და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ენტონი იდენმა ამგვარი მდიდრული სუფრა ომის დროს მიუღებლად მიიჩნიეს. მაგრამ იოსებ სტალინს ამით იმის დემონტრაცია სურდა ანტიჰიტლერული მოკავშირეების წინაშე, რომ ქვეყანა მტკიცედ დაგას და ბრძოლა შეუძლია.


- რითი მიდიოდა სტალინი შვებულების ადგილამდე?


- მატარებლით, ავტომობილით, იშვიათად კი გემითაც.


- რამდენი აგარაკი ჰქონდა?


- სხვადასხვა მონაცემებით, 1920-1945 წლებში დაახლოებით 20 აგარაკი. მდებარეობის მიხედვით, აგარაკები იყოფოდა „შორეულ“ (ქვეყნის სამხრეთში) და „ახლო“ (მოსკოვის შემოგარენში) აგარაკებად. „ახლო“ აგარაკები იყო კუნცევოში, ზუბალოვოში და ლიპკში. „შორეული“ აგარაკების უმრავლესობაში სტალინი არც იყო ნამყოფი.


- ალბათ, მას საყვარელი აგარაკები ჰქონდა, ანუ სადაც ყოფნა განსაკუთრებით მოსწონდა...


- დიახ, მისი „ახლო“ საყვარელი აგარაკი იყო კუნცევოში, რომელიც დღემდეა შემონახული. „შორეულებიდან“ - მაცესტაში („ზელიონაია როშჩა“). არაა გამორიცხული, რომ მოსწონდა საქართველოში, გაგრაში მდებარე „ხოლოდანია რეჩკა“, „მიუსერა“ და „ბორჯომი“.


- სად გაატარა სტალინმა თავისი ბოლო შვებულება?


- ბორჯომში. როგორც ჩანს, ხანდაზმულ ბელადს გულმა სამშობლოსაკენ გაუწია...


- რატომ აღმოჩნდა მისი ბოლო შვებულება 1951 წელს ხანგრძლივი? და რატომ არ წავიდა სამხრეთში 1952 წელს?


- პასუხი ორივე შეკითხვაზე ასეთია: იგი უკვე მოხუცი იყო და ავადმყოფობდა. გარდა ამისა, მრავალი წლის შემდეგ, 1952-ში, მოსკოვში პარტიის ყრილობა დაიგეგმა, რისთვისაც იგი ძალიან სერიოზულად ემზადებოდა. სხვათა შორის, ყრილობის შემდეგ ბელადი ქვეყნის ხელმძღვანელობაში მნიშვნელოვან გადაადგილებებს აპირებდა, მაგრამ მან ამის გაკეთება ვერ მოასწრო...





წყარო: «Lenta.ru» (რუსეთი)

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930