30-03-2021
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს 2021 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ 31 მარტის 18:00 საათის შემდეგ ისინი გამოცდებისათვის ვეღარ დარეგისტრირდებიან. ცენტრი სთხოვს დაინტერესებულ პირებს, ყურადღებით გაეცნონ ინსტრუქციას და ვადის ამოწურვამდე გაიარონ რეგისტრაცია.
ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისათვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისათვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისათვის, აგრეთვე მასწავლებელთა საგნის გამოცდისადა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო.
აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება: ძირითად ეტაპზე (31 მარტის 18:00 საათამდე) აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე (15 აპრილის 18:00 საათამდე) შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.