30-04-2018
რა გეგმები აქვს თანამდებობაზე დაბრუნებულ ივანიშვილს, ვინ და რატომ უთხრა მას უარი, ვინ წავა “ოცნებიდან” ოპოზიციაში? – ამის შესახებ “ახალ თაობას” “დემოკრატიული მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ახვლედიანი ესაუბრება.
– ყოფილი პრემიერის დაბრუნებასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა. ზოგი ამბობს, რომ მის ფინანსებს შეექმნა საფრთხე და ამიტომ დაბრუნდა, ზოგიც ამტკიცებს, რომ გუნდში იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ მას სხვა გზა უკვე აღარ ჰქონდა. თქვენი აზრით, რატომ დაბრუნდა ივანიშვილი, რომელიც პრინციპში არც ყოფილა წასული?
– წასული მართლა არსად არ ყოფილა. პრემიერის თანამდებობა მან 2013 წელს დატოვა და ამ 5 წლის მანძილზე ყველაფერს მაინც ის წყვეტდა. ამიტომ მის გადაწყვეტილებას პოლიტიკაში დაბრუნებას ვერ დავარქმევ, ის მხოლოდ თანამდებობაზე დაბრუნდა.
დარწმუნებული ვარ, მას ამ ნაბიჯის გადადგმა არ უნდოდა, მაგრამ იძულებული გახდა, ასე მოქცეულიყო. ხელისუფლებაში როცა ხარ, ძალაუფლებაც შენს ხელშია – შეგიძლია ყველაფერი გააკეთო, მაგრამ ამას თან გარკვეული პასუხისმგებლობაც ახლავს თან. ივანიშვილს არ უნდოდა, რომ ეს პასუხისმგებლობა აეღო, ამიტომაც წავიდა ჩრდილში. მან თავისთვის იდეალური ვარიანტი შეარჩია – ყველაფერს ის წყვეტდა, მაგრამ პასუხს არაფერზე აგებდა.
მას სულ სხვა ცხოვრების სტილი აქვს. ის დილით 6 საათზე დგება, მიირთმევს სტაფილოს წვენს, მერე 5 წუთი ისეირნებს. მოაგვარებს რომელიმე ხის გადარგვის საკითხს. ჩაეხუტება რომელიმე ხეს, ისევ სტაფილოს წვენს დალევს. საღამოს 10 საათზე აუცილებლად უნდა დაიძინოს.
ახლა მას ამ რეჟიმის შეცვლა მოუწევს. ყოველდღე თუ არა, დღეგამოშვებით მაინც უნდა მივიდეს პარტიის ოფისში, ვიღაცას უნდა მოუსმინოს, ვიღაცას დავალება მისცეს. ასე რომ, მისთვის თანამდებობაზე დაბრუნება იძულებითი ნაბიჯი იყო.
ის თანამდებობაზე მხოლოდ იმიტომ დაბრუნდა, რომ მის გუნდში სერიოზული დაპირისპირება წარმოიშვა. ახალგაზრდების ფრთამ, რომელიც კახა კალაძის გუნდს წარმოადგენს, პარლამენტზე აიღო კონტროლი. ამან ძველი მეოცნებეების გაღიზიანება გამოიწვია, რაც სავსებით გასაგებია. ეს ადამიანები მისი შექმნის დღიდან ამ პარტიაში იყვნენ. ბევრი მათგანი სააკაშვილის რეჟიმს მანამდეც ებრძოდა. ზოგიერთი მათგანი ციხეშიც კი იჯდა.
კალაძის გუნდის წევრები კი “ოცნებაში” 2016 წელს მივიდნენ. მათ უმეტესობას ნაციონალური ბეგრაუნდი აქვს და ყოფილ ხელისუფლებასთან დაახლოებულ არასამთავრობოებში არიან დაფრთიანებული. ამ ადამიანების დაწინაურებამ ძველების გაღიზიანება გამოიწვია. მათ შორის სერიოზული ბრძოლა დაიწყო. “ქართული ოცნება” დაშლის საფრთხის წინაშე დადგა. საპრეზიდენტო არჩევნების წინ ეს მმართველი პარტიისთვის კატასტროფა იქნებოდა. ამიტომაც გადაწყვიტა ივანიშვილმა თანამდებობაზე დაბრუნება.
– ის ქვეყანას კულუარებიდან 5 წლის მანძილზე მართავდა. პარტიის მართვა არ შეიძლებოდა კულისებიდან?
– პარტიასაც მართავდა, მაგრამ მისი დაბრუნება აუცილებელი გახდა. კალაძის კლანი იმდენად გაძლიერდა, რომ ისინი პრემიერ-მინისტრის ინიციატივებს და განცხადებებსაც არაფრად აგდებდნენ. პარლამენტში გიორგი კვირიკაშვილის ინიციატივებს უბრალოდ აიგნორებდნენ.
კალაძის და კვირიკაშვილის გუნდებს შორის დაპირისპირება საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებამ კიდევ უფრო გაამწვავა. ორივე გუნდს თავისი კანდიდატი ჰყავს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ახალგაზრდების ჯგუფს უნდა, რომ საპარალმენტო უმრავლესობის ლიდერის კანდიდატურა დასახელდეს.
– არჩილ თალაკვაძე უნდა იყოს პრეზიდენტობის კანდიდატი?
– ეს ცოტა უცნაურია, მაგრამ კალაძეს, კობახიძეს, მდინარაძეს, ჩუგოშვილს მისი კანდიდატურის დასახელება სურთ. თავიანთი კანდიდატი ჰყავს პრეზიდენტის პოსტზე კვირიკაშვილის გუნდსაც. ისინი საგარეო საქმეთა მინისტრის, ქართული პოლიტიკის მესის, მიხეილ ჯანელიძის კანდიდატურას ლობირებენ.
– თავისი კანდიდატურები ჰყოლია ბიძინა ივანიშვილსაც. ამბობენ, რომ მან 4 ადამიანს შესთავაზა პრეზიდენტობა, მაგრამ ყველასგან უარი მიიღო. ერთ-ერთი მათგანი დავით მაღრაძე იყო.
– “ქართულ ოცნებაში” საკადრო თვალსაზრისითაც სერიოზული პრობლემებია. იმდენად სერიოზული, რომ პრეზიდენტობის კანდიდატსაც კი ვერ არჩევენ.
დავით მაღრაძისგან არ მიკვირს, რომ შეთავაზებაზე უარი თქვა. პრეზიდენტობა ძალიან მომხიბვლელი და მიმზიდველია, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ამ თანამდებობის დაკავება იმას ნიშნავს, რომ ივანიშვილის მონა უნდა გახდე. ის უნდა გააკეთო, რასაც ყოფილი პრემიერი მოგთხოვს. დავით მაღრაძე ასეთი ადამიანი არაა და ამიტომაც თქვა უარი ამ შეთავაზებაზე.
– დანარჩენი სამის ვინაობა არ იცით?
– არ ვიცი, მაგრამ მათ ვინაობასაც მალე გავიგებთ. აქ მთავარი არა მათი ვინაობა, არამედ ისაა, რომ ოთხმა ადამიანმა თქვა უარი შეთავაზებაზე, ყოფილიყო მმართველი პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ “ოცნებაში” სერიოზული კრიზისია.
ყოფილი პრემიერი თავისი ნების წინააღმდეგ დაბრუნდა თანამდებობაზე და ახლა შეეცდება, რომ “ქართული ოცნება” როგორმე საპრეზიდენტო არჩევნებამდე მიიყვანოს. ერთობის შენარჩუნება დიდხანს ვერ მოხერხდება, მაგრამ არჩევნებამდე ეს მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია.