6-04-2021
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების საკითხებზე ცნობიერების ამაღლების შესახებ რეზოლუცია მიიღო.
კომუნიკაციების კომისიისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ რეზოლუციაში, რომლის თანაავტორიც საქართველოა დეზინფორმაციის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ყველაზე ეფექტურ გზად მედიაწიგნიერებაა დასახელებული. რეზოლუციაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მოქალაქეებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ მედიისა და ინფორმაციული წიგნიერების უნარ-ჩვევები და გაეროს წევრმა სახელმწიფოებმა ამაზე უნდა იზრუნონ.
რეზოლუციის შედეგად საქართველო 2021 წლიდან მიიღებს მონაწილეობას მედიაწიგნიერების კვირეულში, რომელიც ყოველი წლის 24-31 ოქტომბრის კვირაში გაიმართება. კვირეულის მიზანია გაეროს წევრ ქვეყნებში გაიზარდოს ცნობიერება მედიაწიგნიერების საჭიროებისა და როლის შესახებ. მედიაწიგნიერების კვირეულს საქართველოში, როგორც მედიაწიგნიერების განვითარებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება, სწორედ კომუნიკაციების კომისია ჩაატარებს. კომისიასთან ერთად მედიაწიგნიერების კვირეულში ჩართული იქნებიან, როგორც სახელმწიფო, ისე საგანმანათლებლო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
რეზოლუციაში წერია, რომ ბოლო დროს საგრძნობლადაა გაზრდილი დეზინფორმაციის გავრცელება, რაც გამოწვევაა ყველა წევრი ქვეყნისთვის. რეზოლუციაში ასევე ხაზგასმითაა აღნიშნული ინფორმაციისა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე წვდომის მნიშვნელობა და საჭიროება. მათ, შორის საუბარია ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით კი პანდემიის დროს. აღსანიშნავია, რომ საქართველო ამ მიმართულებით ევროპის წამყვანი ქვეყნების რიგებშია, რადგან დღეს ფართოზოლოვან ინტერნეტზე წვდომა შინამეურნეობების 86%-ს აქვს.
რეზოლუციაში ასევე საუბარია გაეროს სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე სიძულვილის ენასთან მიმართებაში - „სიძულვილის ენის დასაძლევად, უნდა მოხდეს ახალ და ტრადიციულ მედიასთან პარტნიორობის გაძლიერება, ასევე დისკრიმინაციაზე უარის თქმა, პლურალიზმის და გამოხატვის თავისუფლების გაზრდა, რაც ხელს შეუწყობს სიძულვილის ენასთან დაკავშირებული პრობლემების დაძლევას“,- ვკითხულობთ რეზოლუციაში.
გაერო ყველა წევრ სახელმწიფოს მოუწოდებს, შეიმუშაონ სამოქმედო გეგმები და სტრატეგიები, რომლებიც დაკავშირებული იქნება მედიისა და ინფორმაციულ წიგნიერების განვითარებასთან. რეზოლუციაში განსაკუთრებითაა აღნიშნული ახალგაზრდების როლი და ჩართულობა ინფორმაციული წიგნიერების პოპულარიზაციის პროცესში. კომუნიკაციების კომისიისთვის, მნიშვნელოვანია გაეროს მიერ მიღებული რეზოლუცია. აღსანიშნავია, რომ კომისია უკვე მესამე წელია, სწორედ რეზოლუციაში არსებული სტანდარტებით ახდენს ქვეყანაში მედიაწიგნიერების განვითარებას და ეს მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება.