გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები უცხოური პრესა
„novoye-vremya“(აზერბაიჯანი): დროა, ოფიციალური თბილისი მიხვდეს, რომ ნატოში გაწევრიანება ილუზიაა

1-05-2018

აშშ-ის პრეზიდენტთან დონალ ტრამპთან მოლაპარაკების შემდეგ ევროპის ქვეყნების ლიდერები - ჯერ ემანუილ მაკრონი, შემდეგ კი ანგელა მერკელი, იძულებულნი არიან კვლავ ანგარიში გაუწიონ ვაშინგტონის ეკონომიკურ ინიციატივებს და თავიანთი პოლიტიკა აშშ-ის გეოპოლიტიკური ინტერესების ფარვატერით წარმართონ. მაგალითად, ევროპის ქვეყნები კვლავ გააგრძელებენ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ პროექტს, რომელიც პოსტსაბჭოთა ქვეყნების, მათ შორის საქართველოსადმი დახმარებას ითვალისწინებს.


მაგრამ ისიც ფაქტია, რომ გერმანია და ევროკავშირის რიგი ქვეყნები საქართველოს მოქალაქეების მხრიდან ვიზალიბერალიზების წესების დარღვევის წინაშე აღმოჩნდნენ: სულ უფრო მეტი საქართველოდან ჩასული პიროვნება ითხოვს თავშესაფრის მიცემას... 2016-2017 წლებთან შედარებით, 2018 წლის იანვარ-მარტის პერიოდში ასეთი ადამიანების რაოდენობის მატების ტემპი სამჯერ გაიზარდა...


მოკლედ, როგორც ამბობენ ხოლმე ასეთ შემთხვევაში - „დაითვალეს და ცრემლები ღვარესო“. ევროკავშირის ჩინოვნიკები ფიქრობდნენ, რომ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ ქვეყნებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმება ციური მანანა იქნებოდა - აი, ჩვენს პარტნიორებს ვიზალიბერალიზებით მოვხიბლავთ და გადმოვიბირებთო. როგორც ამბობენ, საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ყველა ხერხი კარგიაო, მაგრამ ბრიუსელში არავინ დაფიქრებულა იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა უვიზო რეჟიმი ევროკავშირს ბუმერანგივით უკან დაბრუნებოდა.


უვიზო რეჟიმი ყოველთვის ასრულებდა ერთგვარი თაფლაკვერის როლს იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც „აღმოსავლეთის პარტიორობის“ პროექტში მონაწილეობენ. ჩვენ კარგად გვახსოვს, თუ როგორი დიდი სიხარულით იქნა აღქმული ევროკავშირული ვიზალიბერალიზება ქართველებისა და უკრაინელების მიერ. ისეთი აჟიოტაჟი დაიწყო, რომ გეგონებოდა, ერთ საათში მთელი საქართველოს (უკრაინის) მოსახლეობა ევროპაში მიგრაციას დაიწყებდა. მაგრამ სინამდვილეში უვიზო რეჟიმი რაღაც ნახევრად სასარგებლო აღმოჩნდა: საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებისათვის ევროპაში ძალიან ბევრი შეზღუდვა დაწესდა. არადა, კაცმა რომ თქვას, ქართველები (უკრაინელები) სავიზო რეჟიმის გაუქმებით გამოწვეულ სიხარულს სწორედ ევროპაში სამუშაოს წასვლის შესაძლებლობად განიხილავდნენ. ალბათ, ამიტომაც შემთხვევით არ იმატა უსაფუძვლო განცხადებებმა თავშესაფრის მიღების მიზნით საქართველოს მოქალაქეებისაგან, რომლებიც სამშობლოში დუხჭირი ცხოვრებისაგან თავის დახსნას ცდილობენ. და თუ უვიზო რეჟიმი ევროპაში მუდმივი ცხოვრების გარანტიას არავის აძლევს, მაშინ თავშეფრის მიღება ხომ შეიძლება, რომლითაც მუშაობის გარანტიაც ექნებათ? თუმცა ამგვარი ოცნებები შეიძლება გაქრეს: შესაძლოა ევროკავშირმა, ქართველების მიერ უვიზო რეჟიმის პირობების დარღვევის გამო, მისი შეჩერების (ან საერთოდ, გაუქმების) მექანიზმი აამოქმედოს.

თითქმის იგივე სიტუაცია ყალიბდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხის ირგვლივაც: ორშაბათს, 30 აპრილს, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, რომ აშშ-ის დახმარების პროგრამა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის მზადყოფნის ამაღლების მიზნით, უკვე მაისის თვიდან დაიწყებაო. უფრო კონკრეტულად, მომზადდება საქართველოს არმიის ცხრა ბატალიონი ნატოს სტანდარტებით. ეს ნიშნავს, რომ ნატოს სტანდარტებით მომზადება ეხება არამარტო ავღანეთში (და სხვა რიგ ქვეყნებში) გასაგზავნ სამშვიდობო მისიის ქვედანაყოფებს, არამედ უკვე მთლიანად ქართულ შეიარაღებულ ძალებს.


ისევე როგორც ევროკავშირის შემთხვევაში, საქართველოს ნატოშიც არ ელოდებიან, რისთვისაც საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზები არსებობს: ის გეოპოლიტიკური თამაშები, რომლებშიც აშშ „აღმოსავლეთის პარტნიორობის“ მონაწილეებს ითრევს, სხვა არაფერია, თუ არა ამერიკის მცდელობა ამ ქვეყნების მოსკოვის გავლენისაგან გამოყვანის მიზნით. თუმცა ამ ქვეყნებისა და იქ მცხოვრები ხალხების ინტერესებზე დასავლეთში არავინ ზრუნავს, პირიქით, ამგვარი პოლიტიკით დასავლეთი მათ საფრთხეს უმზადებს. 2008 წლის აგვისტოს ამბები საქართველოში სწორედ ამას ადასტურებს.


30 აპრილს საქართველოს ხელისუფლების ბევრმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ საქართველო როგორც არასდროს, ისე ახლოს მივიდა ნატოში გაწევრიანებამდეო. ალიანსის გენმდივან იენს სტოლტენბერგსაც ხშირად უთქვამს იგივე ახლო წარსულში, მაგრამ განა საქართველო მართლაც ახლოს დგას ნატოში მიღების ზღურბლთან? და ყველაზე მთავარი - გახდა თუ არა საქართველო უსაფრთხო ქვეყანა? ალბათ, უფრო პირიქით.


საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მისი მზადყოფნის დონის ამაღლება თბილისს ვერაფერში დაეხმარება. ბუნებრივია, ვერც ის ცხრა ბატალიონი, რომლის მომზადება მაისში უნდა დაიწყოს ნატოს სტანდარტებით. პენტაგონს უფრო სხვა გეგმები აქვს საქართველოში. მის მიზნებში ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა არ შედის. ის სხვადასხვა რეგიონული პროექტები, რომლებშიც საქართველო მონაწილეობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში ანგლოსაქსების გეოპოლიტიკური გაძლიერების ერთ-ერთ ინსტრუმენტს წარმოადგენს და სხვა მოთამაშეების, კერძოდ - რუსეთისა და ირანის ინტერესთა საპირწონის როლს ასრულებს. უეჭველია, რომ ეს ყველაფერი რეგიონის დესტაბილიზაციას გამოიწვევს.


მოკლედ, დროა ოფიციალური თბილისი მიხვდეს, რომ ილუზიებში იმყოფება: საქართველო ნატოში ვერ გაწევრიანდება და შესაბამისად, ტყუილად ელოდება ამ სამხედრო ბლოკისაგან უსაფრთხოების უზრუნველყოფას და მფარველობას. საქართველოსთვის, ისევე როგორც მთლიანად რეგიონისათვის უფრო უსაფრთხო იქნებოდა ის, რომ ოკეანის იქით უარი თქვან ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და გეოპოლიტიკურ ექსპანსიაზე სამხრეთ კავკასიის რეგიონში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930