გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
აფხაზეთის მთავრობა 16 აპრილს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

17-04-2021

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ეხმაურება მედიაში გასულ ინფორმაციას ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარებული 2018-2019 წლების პროგრამებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ამონარიდის შესახებ.

განცხადებას უცლელად გთავაზობთ:

"მიმდინარე წლის 16 აპრილს სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებში გავრცელდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჩატარებული 2018-2019 წლების პროგრამებისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშიდან ამონარიდი, რომელთან დაკავშირებით სამინისტრო აცხადებს, რომ მითითებულ პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი (სატენდერო კომისიის თავმჯდომარე) დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულია 2019 წლის ივნისიდან. მიუხედავად იმისა, რომ ელექტრონული ტენდერები პროცედურულად სწორად იქნა ჩატარებული, სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის - „აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ლეგიტიმურად მცხოვრებ მოქალაქეთა ამბულატორიული დახმარების პროგრამის“ სტომატოლოგიური ორთოპედიული პროთეზირების კომპონენტის პროგრამის ფარგლებში შპს ,,32 დენტი“-სგან შესყიდული მომსახურების საეჭვო გარემოებების გამოვლენისთანავე სამინისტრომ მყისიერად მიიღო ზომები და სახელმწიფო აუდიტის ჩატარებამდე გადააგზავნა მასალები შესაბამის უწყებაში, სადაც საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და გვეცნობება შედეგები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ აფხაზეთის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, თავისი საქმიანობიდან და მასშტაბებიდან გამომდინარე, არის სენსიტიური უწყება დახშირ შემთხვევაში, დევნილი ბენეფიციარების ჯანმრთელობის პრობლემებზე დაუყოვნებლად რეაგირებს, შესაბამისად, პრაქტიკულად შეუძლებელია წინა წლის მეოთხე კვარტალში მომდევნო წელს განსახორციელებელი ყველა პროგრამის დაგეგმვა. მითუმეტეს, რომ აუდიტის დასკვნის იმ ნაწილში, რომელიც ეხება სამინისტროს შესყიდვების გეგმას, საუბარი არ არის საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ და არაეფექტურად ხარჯვაზე, არამედ ყურადღება გამახვილებულია ტექნიკურ ხარვეზზე, რომელიც გამოსწორებულ იქნა აუდიტორული შემოწმების პროცესში. აღნიშნულზე ინფორმირებულია სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამასთან, აღსანიშნავია, რომ 2018-2019 წლებში სამინისტროს შესყიდვების გეგმებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შენიშვნები არ გამოუთქვამს.

აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შედგა გაფართოებული და ხანგრძლივი online-შეხვედრა აუდიტორებთან. პუნქტობრივად ყველა შეკითხვას ამომწურავი და არგუმენტირებული პასუხი გაეცა, ახსნილი იქნა არსებული გარემოებები და მუშაობის თავისებურებები, რითაც ფაქტობრივად გაბათილდა აუდიტორთა წინასწარი მოსაზრებები.

ელექტრონული ტენდერების მეშვეობით მომსახურების შესყიდვა საბიუჯეტო თანხების ეკონომიის საშუალებას იძლევა. სამინისტრო იცავს მოქმედი კანონმდებლობის, არსებული რეგულაციების მოთხოვნებს, სოციალური სამართლიანობის და სოლიდარობის, აფხაზეთის მოსახლეობის მაქსიმალური მოცვის პრინციპებს. მეორეს მხრივ, საქართველოს ჯანდაცვისგან განსხვავებულ სერვისებს აწვდის აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობას, რაც თავისთავად, განაპირობებს ობიექტური რისკების არსებობას და აისახება დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაზე. სამინისტროს მთავარი „დივიდენდი“ და შეფასების კრიტერიუმი არის კმაყოფილი ბენეფიციარი.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ სამინისტრო არ არის ორიენტირებული საბიუჯეტო სახსრების ეკონომიის ხარჯზე განახორციელოს დაბალხარისხიანი და იაფი სერვისების მიწოდება. უწყების მიზანია ხარისხიანი ჯანდაცვითი სერვისები ბენეფიციარების საჭიროების მიხედვით გახადოს ხელმისაწვდომი, როგორც ეკონომიური, ასევე გეოგრაფიული თვალსაზრისით"- ნათქვამია განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930