გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საგარეო უწყებას ისრაელში საქართველოს მოქალაქეების უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ

2-05-2018

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს წერილით მიმართავს და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლისა და გადაადგილების პროცესში შექმნილ დარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს, პრობლემის მოუგვარებლობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, არ გამორიცხავს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის დაბრუნებას და ამოქმედებას. ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინიტროს წერილით მიმართავს და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს მოქალაქეების შესვლისა და გადაადგილების პროცესში შექმნილ დარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირებისკენ მოუწოდებს, პრობლემის მოუგვარებლობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე კი, არ გამორიცხავს ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმის დაბრუნებას და ამოქმედებას. 


„ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტის, გიორგი ზოიძის განცხადებით, ორგანიზაციამ ბოლო თვეების განმავლობაში, არაერთი საქართველოს მოქალაქის მომართვა შეისწავლა, რომელიც ეხება ისრაელის სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოების მხრიდან მათი უფლებების დარღვევის ფაქტებს. შემაშფოთებელია ისრაელის სახელმწიფოს მესაზღვრეების მიერ საქართველოს მოქალაქეთა უფლებების დარღვევის სისტემური ფაქტები, მათ შორის მოქალაქეთა უსაფუძვლო დაკავება და სიცოცხლისთვის საშიშ საკნებში, გაუსაძლის პირობებში მოთავსება, თარჯიმნის ყოლის უფლების შეზღუდვა, საკვებისა და წყლის მიღების აკრძალვა, ტელეფონით სარგებლობის უფლების აკრძალა და სხვა. მოქალაქეები, ხშირ შემთხვევაში, აგრეთვე მიუთითებენ მესაზღვეების სიტყვიერ და მათ შორის, ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე. ორგანიზაციის შეფასებით, დასახელებული ფაქტები ცალსახად არ გამომდინარეობს ადამიანის უფლებების დაცვის მიზნიდან და მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს შესაბამისი სტრუქტურების დროულ და ქმედით რეაგირებას. 


ორგანიზაციის პოზიციით, პრობლემური საკითხების აღმოფხვრის ვალდებულება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს აკისრია, რომელიც უფლებამოისლია სხვადასხვა ღონიძიებებით, მათ შორის აქტიური საინფორმაციო კამპანიებით, გარკვეული შეზღუდვებით თუ ისრაელის სახელმწიფოსთან დიალოგის წარმოებით, იმუშაოს საკითხის დროულ აღმოფხვრაზე, რათა შეწყდეს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების პირდაპირი და უხეში დარღვევა და მათ შეძლონ მოპოვებული დიპლომატიური სიკეთით - უვიზოდ მიმოსვლით სარგებლობა. განსაკუთრებით საგულისმოა აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის პერიოდში, ისრაელის სახელმწიფოში ჩასულ მოქალაქეთა საკითხი, რომელთა გარკვეულ ნაწილსაც, აგრეთვე უარი ეთქვათ ქვეყანაში შესვლაზე. მნიშვნელოვანია, საგარეო უწყებამ, მათ შორის კანონმდებლობის დონეზე, დანერგოს ისეთი ქმედითი მექანიზმი, რაც ერთმნიშვნელოვნად შეამცირებს ისრაელის საზღვრიდან უკანონოდ გამობრუნებულ მოქალაქეთა რაოდენობას და ამ პროცესში, ხელს შეუწყობს საქართველოს მოქალაქეთა მაქსიმალურ ინფორმირებას ყველა იმ საკითხზე, რამაც შესაძლოა საზღვრის კვეთისას ან ქვეყანაში ცხოვრების პერიოდში შეუქმნას პრობლემა. 


ორგანიზაციამ საქართველოს მოქალაქეებისგან მიღებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ინფორმაცია მოიპოვა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდანაც. მათ შორის, შესწავლის საგანს წარმოადგენდა ინფორმაცია, თუ 2014 წლის 13 მარტიდან (უვიზო რეჟიმის ამოქმედებიდან) 2018 წლის აპრილის მდგოამრეობით, საქართველოს რამდენი მოქალაქე გაემგზავრა ისრაელში, რამდენი მათგანი შევიდა ქვეყანაში, რამდენს ეთქვა უარი და რამდენი მათგანი იქნა დეპორტირებული ქვეყნის ტერიტორიიდან. დგინდება, რომ 2014-2018 წლების მითითებულ პერიოდში, საერთო ჯამში, ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს 65 076 მოქალაქე გაემგზავრა. აქედან, ისრაელის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა შეძლო 55 525-მა პირმა, ხოლო 9 552 პირს საზღვარზე ქვეყანაში შესვლაზე ეთქვა უარი. აღსანიშნავია, რომ როგორც ისრაელში გამგზავრების მსურველთა რაოდენობა, აგრეთვე უარი თქმის სტატისტიკა, ბოლო პერიოდისთვის, მზარდია. 


ორგანიზაცია დამატებით აქცენტეს აკეთებს ისრაელის სახელმწიფოდან დეპორტირებულთა რაოდენობაზე, რაც მზარდია. 2014 წელს ისრაელიდან დეპორტორებული იქნა 241 საქართველოს მოქალაქე, 2015 წელს - 496, 2016 წელს - 304, 2017 წელს 589, ხოლო 2018 წლის მდგომარეობით, მხოლოდ სამი თვის მონაცემებით, ისრაელიდან დეპორტირებული იქნა საქართველოს 199 მოქალაქე. დეპორტაციის ძირითად მიზეზს წარმოადგენს ისრაელის ტერიტორიაზე ლეგალურად ყოფნის წესების დარღვევა, რაც პირდაპირ დეპორტს ითვალისწინებს. აღსანიშნავია იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საზღვრიდან უკან გამობრუნების, თუ დეპორტაციის შემდგომ მათი დარღვეული უფლების აღდგენაზე დახმარების თხოვნით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავენ. საერთო ჯამში, 2014 წლის 13 მარტიდან 2018 წლის 10 აპრილის მდგომარეობით, სამინისტროს ამ მიზეზით, 344-მა პირმა მიმართა, თუმცა მათზე რეაგირება და ეფექტური გამოხმაურების საკითხი, ორგანიზაციისთვის უცნობია. 


ორგანიზაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრობლემის შესწავლისა და არსებული რეალობის გათვალისწინებით, რეკომენდაციებს სთავაზობს:


1. ისრაელის სახელმწიფო საზღვარზე, მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრის მიზნით, მნიშვნელოვანია ისრაელის საელჩოსთან და შესაბამის უწყებებთან აქტიური და პირდაპირი კომუნიკაცია/დიალოგი;


2. საქართველოს მოქალაქეთა საინფორმაციო უზრუნველყოფისთვის აუცილებელია საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან, საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების ადმინისტრაციასთან და ქვეყანაში მოქმედ ტურისტულ კომპანიებთან ერთად, აქტიური საინფორმაციო კამპანიის უზრუნველყოფა; 


3. იმ პირთა მიმართ, ვინც ისრაელთან უვიზო მიმოსვლის ფარგლებში, მიმოსვლის დადგენილ წესებს დაარღვევს სანქციების შემუშავება, არსებობის შემთხვევაში კი გამკაცრება.ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ თუკი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, დაჩქარებული წესით არ გადადგამს კონსტრუქციულ და ქმედით ნაბიჯებს, არ განახორციელებს სწორ პოლიტიკას და არ უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა უფლებების სრულყოფილად დაცვას, შესაძლებელია, დღის წესრიგში დადგეს საქართველო-ისრაელს შორის არსებული უვიზო მიმოსვლის გადახედვის საკითხი და პრობლემამ სავიზო რეჟიმის დაბრუნება გამოიწვიოს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031