3-05-2018
საქართველოს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში უეს მიტჩელი ესტუმრა, რომელიც ნატო-საქართველოს დიპლომატიურ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა და დაადასტურა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. მან ხაზი გაუსვა, რომ ალიანსი და პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციის ერთგულნი რჩებიან.
უეს მიტჩელი საქართველოში ევროპული ტურის ფარგლებში იმყოფება. ვაშინგტონში ევროპის საკითხებში ამერიკის მთავარი დიპლომატის ვიზიტი შეაფასეს.
აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში კენეტ იოლივიცი ამბობს, რომ ვიზიტი ხაზს უსვამს, რომ საქართველო რჩება მნიშვნელოვანი პარტნიორი შეერთებული შტატების ადმინისტრაციისთვის. „მე ყოველთვის მიხარია, როდესაც ვხედავ ამერიკის პოლიტიკის წამყვანი პირების ვიზიტებს საქართველოში და მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურებას, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა მტკიცე და მყარია. მან პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სახელით დაადასტურა ბუქარესტის სამიტისას განცხადებული ვალდებულება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი“, თქვა კენეტ იალოვიცმა.
უეს მიტჩელი სახელმწიფო დეპარტამენტში ევროპის და ევრაზიის საკითხები აბარია, მათ შორის, პასუხისმგებელია ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის საკითხებზეც.
„იგი შედარებით ახალია ამ თანამდებობაზე და ამასთან, ახალი სახელმწიფო მდივნის დანიშვნიდან მხოლოდ ერთი კვირა გავიდა. მნიშვნელოვანია, რომ ის ახლა იმყოფება საქართველოში და იქ ნატოს მინისტერიალის შემდეგ ჩავიდა ძალიან მტკიცე მესიჯით. ეს ხაზს უსვამს, რომ იმ ძლიერ მხარდაჭერას, რომელიც საქართველოს აქვს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის დაცვის კუთხით და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. ეს გვაჩვენებს, რომ პოლიტიკა გრძელდება და მომავლისთვის კარგი ნიშანია“, - ამბობს კენეტ იალოვიცი.
ნატოს ბუქარესტის სამიტი 2008 წელს გაიმართა, მაშინ საქართველომ და უკრაინამ ვერ მიიღეს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმა (MAP), თუმცა მიიღეს დაპირება, რომ ისინი ალიანსის წევრები აუცილებლად გახდებიან.
ბენჟამენ ჰადადი „ჰადსონის ინსტიტუტიდან“ ფიქრობს, რომ უეს მიტჩელს, ისევე როგორც ადმინისტრაციას, გააზრებული აქვს ევროპის მიჯნაზე მყოფ მოკავშირეებთან მყარი კავშირის შენარჩუნების მნიშვნელობა.
„მე ვფიქრობ საინტერესოა იმის აღნიშვნა, რომ უეს მიტჩელს რეგიონის ცოდნის კუთხით დიდი გამოცდილება აქვს. ის დიდი ხანი სწავლობდა რუსეთის გავლენას და მასთან გამკლავების საკითხებს ევროპის მიჯნაზე მდებარე ქვეყნებში. მისი წიგნი „ხმაურიანი საზღვარი“ საუბრობს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია რუსული საფრთხის წინააღმდეგ მხარი დაუჭირო ისეთ მოკავშირეებს, როგორიცაა საქართველო, უკრაინა და ბალტიისპირეთის ქვეყნები. მან ეს საკითხები კარგად იცის და ამ ქვეყნებზე გულიშესტკივა. სწორედ ამიტომ, სივრცეში, სადაც დიდი ძალების შეჯიბრი მიმდინარეობს თანამშრომლობისთვის ხაზის გასმა ძალზედ მნიშვნელოვანია“, - ამბობს ბენჟამენ ჰადადი. მისივე თქმით, „[უეს მიტჩელი] ფიქრობს, რომ ამერიკის სიძლიერე ისეთ ქვეყნებში გადის გამოცდას, როგორიც საქართველოა. მას სჯერა, რომ ამერიკის სიძლიერეს რუსეთი აქ გამოცდის და ამიტომ საჭიროა სიძლიერე და მყარად დადგომა“.
უეს მიტჩელი პირველ მაისს საოკუპაციო ხაზს და ცხინვალის რეგიონის სოფელ ოძისს ესტუმრა, სადაც განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებას საქართველოს 2008 წლის ომი ჯერ არ დავიწყებია. „ათი წლის წინ აქ ომი იყო. დღეს აქ იმიტომ ვდგავარ, რომ რუსეთის მთავრობას შევახსენო – მსოფლიოს ეს მოვლენები არ დავიწყებია“, - თქვა უეს მიტჩელმა.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ის ასევე ესაუბრა „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს.
უეს მიტჩელის ვიზიტი კიდევ ერთი ინდიკატორია იმის, თუ რამდენად მტკიცეა ვაშინგტონის მხარდაჭერა საქართველოსადმი, - ამბობს ატლანტიკური საბჭო ევრაზიის ცენტრის დირექტორი ჯონ ჰერბსტი. „უეს მიტჩელის ვიზიტი საქართველოში უნდა განვიხილოთ ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის ვიზიტის მსგავსად. ეს აჩვენებს ვაშინგტონის მხარდაჭერას საქართველოსადმი, განსაკუთრებით ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიის, საბაზრო რეფორმების და თავისუფლებისადმი, აირჩიოს საკუთარი საგარეო პოლიტიკის კურსი და მოკავშირეები“, - ამბობს ჯონ ჰერბსტი. იგი ასევე დასძენს, რომ „უეს მიტჩელს ესმის, რომ სამხრეთ კავკასიასთან და განსაკუთრებით, საქართველოსთან ენერგიული ჩართულობა ამერიკის ინტერესებშია“.