გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მთავარი პროკურატურა: თემურ ბასილია ყალბი ჩვენებით, უკანონოდ იქნა მსჯავრდებული

4-05-2018

საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის შუამდგომლობით, 2018 წლის 3 მაისს, სააპელაციო სასამართლომ ძებნილი მსჯავრდებული თემურ ბასილია გაამართლა.

თემურ ბასილიამ მთავარ პროკურატურას საჩივრით მომართა, სადაც იგი ითხოვდა მის მიმართ უკანონოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის გადასინჯვას და მისი დარღვეული უფლების აღდგენას.

„დეპარტამენტმა საქმეზე ხელახალი სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება ჩაატარა, დაიკითხნენ ახალი მოწმეები, ჩატარდა ათეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, შესწავლილ იქნა საგამოძიებო და სასამართლო საქმის მასალები, მოპოვებულ იქნა ახალი მტკიცებულებები და ფაქტები, რის შედეგადაც გამოიკვეთა მსჯავრდებულის უფლებების არსებითი დარღვევის ფაქტები.

თემურ ბასილია, გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 27 ოქტომბრის განაჩენით ქრთამის აღების ცრუ ბრალდებისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

ახალი გამოძიებით კი გამოირკვა შემდეგი: 2006 წლის 25 თებერვალს, გენერალურმა პროკურატურამ თაღლითობის და დოკუმენტის გაყალბებისთვის დააკავა სს ,,ინტელექტბანკი“-ს გენერალური დირექტორი გ.ს. და ცენტრალური ფილიალის მმართველი ლ.კ. პროკურატურას სურდა დანაშაულში გამოევლინა საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწე თემურ ბასილია, რომელიც დაპირისპირებული იყო ხელისუფლებასთან.

ამ მიზნით, პროკურატურის ხელმძღვანელი პირების ორგანიზებით საპატიმრო დაწესებულებაში, ფარულად, კანონდარღვევით შეიყვანეს ,,ინტელექტბანკის“ აქციონერები, რომლებმაც პატიმარ გ.ს.-ს და ლ.კ.-ს გადასცეს პროკურატურის კატეგორიული მოთხოვნა, რომ ხელი მოეწერათ იმ ჩვენებაზე, რომელსაც მათ გამოძიება წარუდგენდათ, თითქოსდა თემურ ბასილია ,,ინტელექტბანკისთვის“ დახმარების აღმოჩენის სანაცვლოდ ბანკისგან ქრთამის სახით იღებდა ფულად თანხებს. პროკურატურისთვის ასეთი ჩვენების მიცემის შემთხვევაში კი მათი საქმე დადებითად გადაწყდებოდა და ისინი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე დატოვებდნენ საპატიმრო დაწესებულებას.

პროკურატურის მიერ ასეთი მეთოდებით ყალბი ჩვენების მიღების შემდეგ, თემურ ბასილია უკანონოდ იქნა მსჯავრდებული. ახალი გამოძიების პირობებში დეპარტამენტის მიერ მოპოვებული იქნა მსჯავრდებულის გამამართლებელი მტკიცებულებები, რომლებიც სრულად გაიზიარა სასამართლომ და ახლად გამოვლენილ გარემოებებზე დაყრდნობით მსჯავრდებული სრულად გაამართლა ბრალდებაში.

დღეის მდგომარეობით, ახლადგამოვლენილ გარემოებათა გამო განაჩენის გადასინჯვის შუამდგომლობით პროკურატურამ სააპელაციო სასამართლოს 58 მსჯავრდებულის საქმეზე მიმართა, საიდანაც 23 პირის მიმართ უკვე დადგა გამამართლებელი განაჩენი.

პროცესს, რომელიც მთავარ პროკურატურაში შექმნილმა ახალმა დეპარტამენტმა დაიწყო, რაც უკავშირდება უკანონოდ გასამართლებული პირების განაჩენების გადასინჯვას და მათი დარღვეული უფლებების აღდგენას, შეუქცევადი ხასიათი აქვს“-აცხადებენ პროკურატურაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031