გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ეს შენი წარსულია
მოუდრეკელ სვანებთან დამარცხებული დიდი რომაელი და პომპეუსის აუხდენელი ოცნება

6-05-2018

სუანო-კოლხებმა სასტიკი მარცხი აგემეს დამპყრობლებს, არადა პომპეუსს გულით ეწადა იმ კლდემდე მისვლა, რომელზეც ღმერთმა პრომეთე მიაჯაჭვა

ბერიის უძველეს დედაქალაქ მცხეთაში დღემდეა შემორჩენილი „პომპეუსის ხიდი“, რომელიც რომაელთა დიდი სარდლის მიერ საქართველოში მიღწეულ წარმატებებთან და ამასთანავე ნაგემ სირცხვილთანაც ასოცირდება.


რომაელები საქართველოში პირველად ძვ.წ. აღრიცხვის 65 წელს გამოჩნდნენ. მაშინ სარდალმა გნეუს პომპეუსმა იოლად დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე მეექვსე და სომხეთის მეფე ტიგრან მეორე, რის შემდეგაც მათი მოკავშირე იბერიის სამფლობელოში შემოიჭრა.


ძვ.წ. აღრიცხვით 66 წლის მიწურულს პომპეუსმა თავის სარდალ აფრანიუსს სომხეთის სამართავად და წესრიგის შესანარჩუნებლად ჯარის ნაწილი დაუტოვა, თავად კი ძირითადი ლაშქრით ალბანეთისაკენ დაიძრა. მან თითქმის მთელი ზამთარი მოანდომა ალბანეთის დამორჩილებას, ადრე გაზაფხულზე კი ჯარი იბერიისკენ დაძრა. მეფე არტაგმა პომპეუსს დესპანები გაუგზავნა და მეგობრობა შესთავაზა, მაგრამ რომაელთა სარდალმა პასუხის გაცემის ღირსადაც არ ჩათვალა იბერთა მეფე. არტაგმა ქალაქი დატოვა, მისი დაცვა კი მცირერიცხოვან მეციხოვნეებს მიანდო. დამპყრობლებმა ადვილად მოახერხეს თითქმის დაუცველი მცხეთის აღება.


პომპეუსი არტაგს კვალში ჩაუდგა, მაგრამ ადიდებული მტკვრის გადალახვა ვერ შეძლო. იბერთა მეფემ რომაელებს კვლავ აახლა დესპანები მეგობრობისა და მოკავშირეობის შეთავაზებით. ამჯერად პომპუსი დათანხმდა წინადადებას, ოღონდ არტაგს მის მიერვე დაზიანებული ხიდის აღდგენა მოსთხოვა. არტაგმა ხიდი აღადგენინა და რომაელებს მდინარის მეორე ნაპირზე გადასვლის საშუალება მისცა. სამწუხაროდ, იბერთა მეფე მწარედ მოტყუვდა. როგორც აღმოჩნდა, პომპეუსს სრული ტრიუმფის მიღწევა სურდა და არა იბერიის მეფის მოკავშირეობა. ამიტომ მთელი ძალებით გადავიდა შეტევაზე. არტაგი ამას არ მოელოდა. იძულებული გახდა, მდინარე არაგვისაკენ დაეხია, უღრანი ტყისთვის შეეფარებინა თავი და ფარული ომის ტაქტიკაზე გადასულიყო.


მიუხედავად დიდი ძალისხმევისა და დანაკარგისა, პომპეუსმა ვერაფერი გააწყო იბერიელთა „პარტიზანული“ რაზმების წინააღმდეგ, რომლებიც სისხლის უკანასკნელ წვეთამდე იბრძოდნენ და რომაელ ლეგიონერებს მოსვენებას არძლევდნენ არც დღითა და არც ღამით.


არტაგის მეომრები მოულოდნელად ესხმოდნენ თავს მტერს, დიდ ზიანს აყენედნენ მათ და ისევ ტყეში უჩინარდებოდნენ. განსაკუთრებით ეფექტური გამოდგა იბერიელ ჩუბინ მოისართა ბრძოლაში ჩაბმა, რომლებსაც შორი მანძილიდან ნატყორცნი ცეცხლოვანი ისრებით რომაელთა ბანაკში პანიკა და არეულობა შეჰქონდათ. ამის შემდეგ კი ქვეითებსა და მხედრებს უკვე უადვილდებოდათ დეზორგანიზებული რომაელების დამარცხება.


და მაშინ პომპუსმა ტყისთვის ცეცხლის წაკიდების ბრძანება გასცა. მაგრამ არც აქედან გამოვიდა არაფერი — გაზაფხულის კოსკისპირული წვიმები ცეცხლს აქრობდა. რომაელთა სარდალი ლოდინის რეჟიმში გადავიდა, ჯარი შედარებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა და ზაფხულის დადგომამდე არტაგის დევნას თავი მიანება.


გავიდა ორი თვე. ამასობაში პომპეუსმა ახალი ძალებით შეავსო ლეგიონი, კოკისპირული წვიმებიც შეწყდა, მდინარეში წყლის დონემაც იკლო და კარგად დასვენებული რომაელები ისევ დაიძრნენ ჩრდილოეთისკენ. პომპეუსმა კვლავ გასცა ტყის გადაწვის ბრძანება. ამჯერად ცეცხლის აბობოქრებას ხელს აღარაფერი უშლიდა და ხანძარი დიდ ფართობს მოედო. იბერიელი მეომრები იძულებული გახდნენ, ტყიდან გამოსულიყვნენ და რომაელებთან უთანასწორო ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. მათი უმეტესობა... ქალი აღმოჩნდა!


რომში დაცინვა დაუწყეს სახელოვან სარდალს, პომპეუსი აღმოსავლეთში ამორძალებს ებრძვისო.


იმ წელს ზაფხული იბერიაში ხვატიან–გვალვიანი გამოდგა. პომპეუსს არ გასჭირვებია თითქმის დამშრალი არაგვის გადალახვა და არტაგის უკანასკნელ ციტადელზე იერიშის მიტანა.


დანებდა იბერიელთა მეფე რომაელ სარდალს და ნიშნად ამისა, პომპეუსს ოქროსაგან ჩამოსხმული ტახტი, მაგიდა და სარეცელი გაუგზავნა. ხოლო მორჩილების ნიშნად საკუთარი ვაჟები აახლა მძევლებად.


და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ იბერიელები დამარცხდნენ, რომაელებთან ბრძოლებმა შედეგი გამოიღო. პომპეუსმა არტაგი მეფედ დატოვა იბერიაში და ის რომაელი ხალხის მოკავშირედ და მეგობრად გამოაცხადა. ეს დიდი ვერაფერი ტიტული ვეღარ იყო, მაგრამ ამის ფასად, დამარცხებულმა ქვეყანამ მიიღო იმ უფლებების მაქსიმუმი, რისი მიღებაც იმ დროს იყო შესაძლებელი. რაც ყველაზე მთავარია, შენარჩუნდა მეფობა — დინასტიური წყვეტა არ მომხდარა.

იბერიიდან პომპეუსი კოლხეთში გადავიდა, რომელიც პონტოს მეფე მითრიდატე ევპატორის სამფლობელოს წარმოადგენდა. რომაელთა სარდალმა მთელი წელი შეალია კოლხეთის დამორჩილებას, მაგრამ მიუხედავად განუზომელი ძალისხევისა, მაინც ვერ შეძლო სუანო-კოლხების (სვანების) მოდრეკა, რომლებმაც სასტიკი მარცხი აგემეს დამპყრობლებს.


სვანეთიდან კუდამოძუებულმა პომპეუსმა დაპყრობილი კოლხეთი სამართავად არისტარქეს დაუტოვა, თავად კი სამხრეთ საქართველოს გავლით ისევ ალბანეთისკენ დაიძრა. თუმცა ეს ლაშქრობაც არ აღმოჩნდა წარმატებული, ვინაიდან მესხეთში „შვიდსოფლელმა შკვითინებმა“ (უცხოური წყაროებით, „ჰეპტაკომეტებმა“) სამი ცენტურია გაუჟლიტეს. საამისოდ უცნაურ ეშმაკობას მიმართეს: ველური თაფლით სავსე ქოთნები „უმეთვალყურეოდ“ დატოვეს იმ გზაზე, რომელზეც რომაელებს უნდა გაევლოთ. დამპყრობლები ხარბად დაეწაფნენ თაფლს და ამით სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს საკუთარ თავს, რადგან თაფლისგან გაბრუებულნი შკვითი მეომრების იოლი ლუკმა გახდნენ.





sputnik-georgia.com


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930