7-05-2018
არაბთა გაერთიანებული ემირატების გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიაში ნაჩვენებია საქართველოს, განსაკუთრებით კი თბილისის ტურისტული პოტენციალი. მასში საუბარია საქართველოს დედაქალაქის იმ ღირსშესანიშნაობებზე, რომლებსაც შეუძლიათ არაბი ტურისტების ყურადღების მიპყრობა.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იშაი გოვენდერ-იპმას ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან ვერსიას:
„საქართველო შავ და კასპიის ზღვებს შორის მდებარეობს. ჩრდილოეთიდან ამ ქვეყანას ევროპაში ყველაზე მაღალი კავკასიის ქედი იფარავს. საქართველო ევროპისა და აზიის ერთმანეთთან შეხვედრის ადგილია. აქ გადიოდა უძველესი აბრეშუმის დიდი გზა. ამ მიმზიდველ ქვეყანას მშფოთვარე ისტორია აქვს, მასზე თვალი უამრავ დამპყრობელს ეჭირა“, - აღნიშნულია სტატიაში.
რატომ თბილისი? პუბლიკაციაში დასმულ ამ კითხვაზე პასუხიც იქვეა გაცემული:
„საქართველოს დედაქალაქი ძალზე პოპულარული ადგილია, რომელიც მდიდარია ისტორიული და კულინარიული ღირსშესანიშნაობებით. ემირატელ ტურისტს სულ რაღაც ორიოდე საათში შეუძლია გორაკზე მდებარე მე-17 საუკუნის ციხე-სიმაგრის ქვეშ განფენილი ქალაქის მონახულება, რომელსაც მდინარე მტკვარი ორ ნაწილად ჰყოფს.
ქალაქის ძველ ნაწილს ევრაზიული ხასიათი აქვს: ბევრია ბათქაშაცვენილი შენობები, რომლებიც ტურისტთა ყურადღებას იპყრობს. იქვეა მუზეუმები, თეატრები, თანამედროვე არქიტექტურით აგებული შენობები“, - აღნიშნულია სტატიაში.
ავტორი ყურადღებას ამახვილებს თბილისის ცალკეულ უბნებზე: მკითხველებს და პოტენციურ მოგზაურებს აცნობს აბანოთუბანს (გოგირდის აბანოებს), რიყეს (მშვიდობის ხიდს და დიდი მილის მსგავს უცნაურ ფუტურისტულ ნაგებობას), ვერას (სადაც ყოფილი საბჭოთა გამომცემლობა სასტუმროდაა გადაკეთებული), რუსთაველის გამზირს და მთაწმინდას (საიდანაც ქალაქის თვალწარმტაცი ხედი იშლება) და ა.შ.
„თბილისში გასეირნების დროს აუცილებლად ეწვიეთ დეზერტირების ბაზარს, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურთან ახლოს. მას ასეთი სახელწოდება იმიტომ აქვს, რომ ამ ადგილებში 1920-იან წლებში სამხედრო სამსახურიდან გაქცეული ჯარისკაცები იმალებოდნენ“, - განმარტავს ავტორი.
პუბლიკაციაში გადმოცემულია თბილისის სასტუმრო-რესტორნების მენიუ და ფასები.