8-05-2018
გაიცანით ქირურგი ოქროს ხელებით – ზაზა ჩუბინიძე, რომელმაც უამრავი ადამიანი სააქაოს მოაბრუნა, სიცოცხლე აჩუქა და დასავლეთ საქართველოს მასშტაბით დამსახურებულად მოიპოვა ვირტუოზი დასტაქრის სახელი. ზაზა ჩუბინიძე წლების განმავლობაში რუსეთში მოღვაწეობდა, კარიერის პიკზე მყოფმა უარი თქვა წამყვან ქირურგობაზე და სამშობლოში დაბრუნდა, რა გახდა საქართველოში მისი დაბრუნების მიზეზი და რა გზა განვლო დღემდე წარმატებულმა ქირურგმა, ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე გთავაზობთ ინტერვიუს პროფესიონალ ქირურგთან:
ზაზა ჩუბინიძე: "1988 წელს წავედი რუსეთში და იქ დავიწყე სწავლა ნოვისიბირსკის სამედიცინო უნივერსიტეტში, რომელიც 1995 წელს დავამთავრე და ამის შემდეგ ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური კლინიკის ქირურგიულ განყოფილებაში ვმოღვაწეობდი. წლების მანძილზე გახლდით ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, დაცული მაქვს დისერტაციები, ვმოღვაწეობდი ნოვოსიბირსკის სამედიცინო უნივერსიტეტშიც, გახლდით დოცენტი ზოგადი ქირურგიის კათედრაზე, სულ ვფიქრობდი სამშობლოში დაბრუნებაზე, მე იქ ფიზიკურად ვიყავი, თორემ ჩემი სული და გული ეკუთვნოდა ჩემს სამშობლოს! საქართველოში ჩემი ჩამოსვლა 2008 წლის ომმა დააჩქარა, ნოვისიბირსკში ამავე წლის ოქტომბერში შემომთავაზეს ერთ-ერთი საკმაოდ დიდი კლინიკის მთავარი ქირურგობა, რაზეც უარი ვთქვი და ეს გადაწყვეტილება ბევრისთვის წარმოუდგენელი და გაუგებარი აღმოჩნდა, რადგან ყველა ადამიანი ოცნებობს კარიერულ წინსვლაზე, 2009 წელს სამშობლოში დავბრუნდი.
როდესაც საქართველოში ჩამოხვედით, თქვენზე, როგორც საუკეთესო პროფესიონალზე, დაიწყო ნადირობა და თბილისის წამყვანი კლინიკები ცდილობდნენ თქვენს დათანხმებას, კეთილდღეობაზე უარი თქვით და რატომ არჩიეთ დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი?
პირველ რიგში, ამ გადაწყვეტილების მიღების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ჩემი მშობლები არიან, რომლებიც ცხოვრობენ ბაღდათის რაიონში, სოფელ ვარციხეში, გაგიკვირდებათ და დღემდე მათთან ერთად ვცხოვრობ, სამსახურში სოფელ ვარციხიდან დავდივარ. მეორე მიზეზი არის ის, რომ დასავლეთ საქართველოს ეროვნული სამედიცინო ცენტრი არის ძალიან დიდი და ძლიერი კლინიკა, სადაც პრაქტიკულად ყველა საშუალებაა იმისთვის, რომ ჩატარდეს ყველა სახისა და სირთულის ოპერაცია, რასაც ფლობს სპეციალისტი. აბდომინალურ ქირურგიასა და ონკოლოგიაში ჩემ მიერ შესრულებულია ყველა სახეობისა და სირთულის ოპერაცია, რაც მიღებულია მსოფლიოს წამყვან კლინიკებში.
როგორც ვიცი, უნიკალურ ოპერაციებს აკეთებთ და მაინც, ქირურგიაში რა არის თქვენი სავიზიტო ბარათი?
ვაკეთებ რეკონსტრუქციულ ოპერაციებს ღვიძლის შიდა და გარე სადინარებზე, დიდი წარმატებები გვაქვს ონკოლოგიური მიმართულებით, საკმაოდ ფართოდ გამოიყენება გაფართოებული ლიმფოდისექცია ჩემ მიერ, რაც გვაძლევს დიდ შედეგებს პაციენტების სიცოცხლის ხარისხისა და ხანგრძლივობის. ამ წლების მანძილზე, რაც საქართველოში ჩამოვედი, შევასრულე 112 კომბინირებული გასტრექტომია, აქედან მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა დასრულდა ფატალურად, ეს იყო 86 წლის პაციენტი, რომელიც ოპერაციიდან მე-12 დღეს გარდაიცვალა თრომბოემბოლიით, რაც პოსტოპერაციული პერიოდის ერთ-ერთი მძიმე გართულებაა, რისგანაც, სამწუხაროდ, არ ვართ დაზღვეული. იმ კონკრეტულ შემთხვევაში ასაკობრივმა ფაქტორმაც თავისი როლი ითამაშა. დანარჩენი ყველა შემთხვევა წარმატებით დასრულდა და ყველა მათგანის ცხოვრების დონე საკმაოდ მაღალია. წარმატებით ვასრულებ ოპერაციებს კუჭქვეშა ჯირკვლის პათოლოგიების შემთხვევაშიც, როგორც დისტალურ, ასევე პარაქსიმალურ რეზექციებს. ვაკეთებ ასევე პანკრეატოდუოდენალურ რეზექციას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ქირურგიის პიკია. ასევე, ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებაა ოპერაციები შესრულებული საყლაპავის პათოლოგიების შემთხვევაშიც.
ხშირ შემთხვევაში მსოფლიოს წამყვან კლინიკებში არსებულზე უკეთესი შედეგები გვაქვს. ქართველი ადამიანის იმუნური სისტემა ჩემი აზრით, ბევრად ძლიერია, ვიდრე სხვა ქვეყნების მოსახლეობის, რაც ხელს უწყობს მათ გამოჯანმრთელებას და ჩვენი მხრიდან უფრო მაღალი შედეგის დადებას მედიცინაში. მე ვფიქრობ, მიუხედავად ბევრი პრობლემებისა, ჩვენი ქვეყანა ამ პლანეტაზე მაინც რჩება ეკოლოგიურად ერთ-ერთ სუფთა ქვეყნად.
როდესაც ამ კლინიკაში ჩაატარეთ პირველი ოპერაცია, კლინიკის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ბატონმა კახა ნურალიძემ აღფრთოვანებულმა ჯანდაცვის სამინისტროში დარეკა: _ უნიკალური ოპერაციის მომსწრე გავხდი, გადაკეთეთ აეროპორტის გზა, რომ ეს კაცი არ გაგვექცესო... შეგიძლიათ იმ ოპერაციის გახსენება?
ეს იყო პირველი პანკრიატოდუოდენალური რეზექცია, რომელიც 44 წლის პაციენტს გაუკეთდა. ოპერაცია დაიწყო სისხლდენის ფონზე და ღამის სამი საათიდან დილის 9 საათამდე გაგრძელდა, საერთოდ ეს ოპერაცია თავისი სირთულიდან გამომდინარე, არ კეთდება ღამის საათებში, მაგრამ ეს იყო ოპერაცია სასიცოცხლო ჩვენებით. საბედნიეროდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ოპერაციიდან მეცხრე დღეს მეც და ჩემი პაციენტიც ვიყავით რიონის არხზე ერთ-ერთ გადაცემაში.
თქვენს სახელს უკავშირდება უამრავი რთული და წარმატებული ოპერაცია და ხშირად თქვენ გამო სხვადასხვა რეგიონებიდან სპეციალურად ჩამოდიან ქუთაისში, დღის განმავლობაში დაახლოებით რამდენ ოპერაციას აკეთებთ?
საშუალოდ დღის განმავლობაში სამ სხვადასხვა სირთულის ოპერაციას ვაკეთებ. პაციენტების ნაკადი მთელი დასავლეთ საქართველოდან მოდის, მათ შორის აჭარიდან და აფხაზეთიდან. არაერთი პაციენტი მყავს თბილისიდანაც.
ქუთაისში აპირებთ ქირურგობას, თუ თბილისიდან ან სხვა რეგიონიდან შემოთავაზებას დათანხმდებით?
დიდი ალბათობით აქ დავრჩები, იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ჩემი მხარე, ჩემი სახლი და ვფიქრობ, რაც მაქვს იმ ცოდნის და შესაძლებლობების გამოვლენის პრობლემის წინაშე არ ვდგავარ, აქ შესაძლებელია რომ შევასრულოთ ყველა სირთულის ოპერაცია. დღეს არსებობს ყველა სახის დაავადებების და მათ შორის ონკოლოგიური დაავადებების კვლევის ფართო მეთოდები, რაც ზრდის პაციენტის სრულფასოვნად შესწავლის საშუალებას და შემდეგ უკვე სათანადო ოპერაციული მკურნალობის ჩატარებას. ამიტომ ვრჩები ერთგული ჩემი იმერეთის, ჩემი ბაღდათისა და ჩემი მშობლების.
თქვენ ბევრი მძიმედ დაავადებული პაციენტი განკურნეთ და მათ დაუბრუნეთ რწმენა, რომ ონკოლოგია მომაკვდინებელი დაავადება არ არის...
ჩემს ცხოვრებაში ეს რწმენა, რომ ონკოლოგიური დაავადება მომაკვდინებელი არ არის განმტკიცდა მაშინ, როდესაც ჩემს დას, 33 წლის ასაკში დაუსვეს მკერდის სიმსივნის დიაგნოზი, ახლა 57-ე წელშია და მე ვფიქრობ, მან დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ ონკოლოგია მომაკვდინებელი დაავადება არ არის, მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა მესამე “B” სტადია, რაც ონკოლოგიური დაავადებების ერთ-ერთი უმძიმესი ფორმაა. როცა ჩამოვედი საქართველოში აქ დავინახე დამოკიდებულება რომ ონკოლოგიური პაციენტი განწირულია, მე მაქსიმალურად ვცილობ ამ სტერეოტიპის დამსხვრევას და ღმერთის წყალობით გვაქს საკმაოდ კარგი შედეგები ასეთი პაციენტების მკურნალობაში..
ხშირად რისკავთ ურთულეს ოპერაციებს ხანდაზმულ პაციენტებში და ამ მხრივაც გამორჩეული ხართ... რთული ოპერაციების წინ არ ღელავთ?
საერთოდ არ ვნერვიულობ, ვფიქრობ, დაბადებული ვარ იმისთვის რომ ვიყო ქირურგი და ჩემზე ბედნიერი კაცი არ მეგულება ამ ქვეყანაზე! სიმართლე გითხრათ, თეორიული მონაცემებით მცირეა მასალა იმის შესახებ, რომ სიმსივნის დროს შესაძლებელია ოპერაციის გაკეთება, მაშინ როცა პაციენტი არის 75-80 წლის ასაკში.მიუხედავად იმისა, რომ 16 წელი აქტიური ქირურგი ვიყავი რუსეთში, ამ ასაკის პაციენტებზე ოპერაციების ერთეულ შემთხვევებს თუ გავიხსენებ. საქართველოში კი მყავს ძალიან ბევრი ხანდაზმული პაციენტი და თავდაპირველად თავი მტკიოდა იმაზე ფიქრით, თუ რამდენად სწორად ვიქცეოდი, როცა ამ ასაკში, ადამიანებს ვთავაზობდი და ვუკეთებდი რადიკალურ ოპერაციებს, მათ შორის კომბინირებულ გასტრექტომიას. ფაქტი ერთია, რომ ოპერაციების დიდი უმრავლესობა წარმატებით სრულდება და ადამიანებს უხანგრძლივდებათ სიცოცხლე.
ცოტა ხნის წინ ბათუმიდან სპეციალურად მადლობის სათქმელად ჩამოვიდა ერთი ჩემი ყოფილი პაციენტის შვილი, მან მითხრა, რომ დედამისს 78 წლის ასაკში გავუკეთე კუჭის სიმსივნური დაავადების გამო ოპერაცია - კომბინირებული გასტრექტომია. მან მიამბო, რომ პოსტოპერაციულ პერიოდში დედა ბრწყინვალედ გრძნობდა თავს და ქალბატონი 83 წლის ასაკში, ინსულტით გარდაიცვალა. იმ კაცს მადლობა იქით გადავუხადე, სულ მტანჯავდა იმაზე ფიქრი, თუ რამდენად სწორად ვიქცეოდი, როცა ხანდაზმულ ასაკში, პაციენტებს ურთულეს ოპერაციებს ვუკეთებდი. ამ ადამიანის სიტყვები, ჩემთვის დიდი ბედნიერება და იმის დასტური, რომ სწორ გზაზე ვდგავარ, დაავადებასთან ბრძოლის დროს ასაკს მნიშვნელობა არ აქვს!