15-06-2021
ლადო კახაძე: „შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ბავშვი უნდა დავიცვათ იმ დისკომფორტისგან, რასაც ჰქვია ინექცია და ამ დაავადების მართვაში უწყვეტი მონიტორინგის სისტემის გამოყენება უნდა გავხადოთ შესაძლებელი". ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ დღეს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტში გამართული შეხვედრის მონაწილეები, სადაც გაიმართა მსჯელობა დიაბეტით დაავადებული ბავშვების გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემებით უზრუნველყოფის საკითხზე.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია, კომიტეტის წევრები, დიაბეტის ასოციაციების, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, დიაბეტის პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაცია, დიაბეტით დაავადებული ბავშვების მშობლები.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, დღეს ქვეყანაში დიაბეტით დაავადებული 1200-მდე ბავშვია. დიაბეტიან ბავშვთა სახელმწიფო პროგრამა გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მუშაობს საქართველოში და 25 წელზე მეტია დიაბეტით ბავშვთა ლეტალური შემთხვევა არ დაფიქსირებულთა. სპეციალისტების განმარტებით დაავადების ადვილად მართვისთვის მნიშვნელოვანია დაინერგოს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტა - გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის სისტემები, რაც სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ გადაწყდება. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა, ამ საკითხის გადაწყვეტაზე სამინისტრო ინტენსიურად მუშაობს და მომავალი წლის ბიუჯეტში ამისათვის თანხებიც გამოინახება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკითხს კონტროლზე აიყვანს და ზედამხედველობას გაუწევს მის აღსრულებას..
„მხარდასაჭერი პროექტია დიაბეტით დაავადებული ბავშვებისათვის, 0-18 წლის ჩათვლით, უწყვეტი მონიტორინგის სისტემები, რომელიც არის ახალი ნაბიჯი მსოფლიოში და ჩვენი ქვეყანა, რომელიც დიაბეტის მართვაში ერთ-ერთი მოწინავე იყო, არ უნდა ჩამორჩეს ამ ტემპს და ბავშვებისათვის მაქსიმალურად გავაუმჯობესოთ მონიტორინგი, დაკვირვება და დროული ჩარევა. ამისათვის საჭირო იყო შეგვეჯერებინა პოზიციები პროფესიონალებს დაავადებული ბავშვების მშობლებთან ერთად, ამასთანავე საჭირო იყო კანონმდებლისა და აღმასრულებლის მიერ ერთობლივი გადაწყვეტილების მიღება. ეს საკითხი სესიაზე დავისვი მინისტრს და მაშინ მან გამოთქვა თანხმობა პრობლემის განხილვის თაობაზე. მნიშვნელოვანია, რომ დღეს მინისტრის მოადგილემ ჩვენთან ერთად მიიღო გადაწყვეტილებაც და დავალებაც, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში ამ პრობლემის მატერიალური ნაწილის ასახვას ითვალისწინებს", - განაცხადა ვლადიმერ კახაძემ.