13-05-2018
რუსეთის ალტაის მხარის ტურიზმის რეგიონული ასოციაციის წარმომადგენლები საქართველოს სტუმრობდნენ. მათ მასპინძლებთან სპეციალური ტურისტული პროგრამის შესახებ მოილაპარაკეს: საქართველოში სამოგზაუროდ წასული ალტაელები უზრუნველყოფილნი იქნებიან გამაჯანსაღებელი, გასართობი, გასტრონომიული, პლაჟური კულტურულ-საგანმანათლებლო და რელიგიური ტურებით. იმ ქალაქების სია, რომლებსაც ალტაელები დაათვალიერებენ, საკმაოდ ვრცელია: თბილისი, მცხეთა, ბორჯომი, ბათუმი, და ა.შ. როგორც დელეგაციის წევრები ამბობენ, ისინი მოხიბლული დარჩნენ ქართველების სტუმართმოყვარეობით და ღირსშესანიშნაობებით. ქართველები კარგად ეპყრობიან რუსებს და საერთოდ ყველა ტურისტს.
ალტაის მხარის ტურიზმის რეგიონული ასოციაციის წარმომადგენლები შეხვდნენ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მესვეურებს და ადგილობრივ ტურ- ოპერატორებს, რომლის შედეგადაც მიღწეული იქნა შეთანხმება ურთიერთთანამშრომლობისა და ისეთი ტურების ერთობლივად შემუშავების მიზნით, რომლებიც სპეციალურად ალტაელი აუდიტორიისათვის იქნება სასურველი. როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ბრენდის განვითარების განყოფილების სპეციალისტმა დარია ხოლოდილინამ აღნიშნა, ალტაური და საქართველოს კულტურები, თავიანთი თვითმყოფადობის თვალსაზრისით, ერთმანეთს ჰგავს, თუმცა რადგანაც ორივე კულტურას სხვადასხვა მიმდინარეობებისა და რელიგიების გავლენის ნიშნები აქვს, ამიტომ ალტაელი ტურისტებისათვის საინტერესო იქნება საქართველოს გაცნობა, ხოლო ქართველებისთვის - ალტაის მხარის დათვალიერება.
„ვფიქრობ, რომ საქართველო საინტერესო იქნება ალტაის მხარის ტურისტებისთვის. საქართველოს მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა აქვს. ალტაელებს საქართველოში გამოჯანმრთელების შესაძლებლობა ექნებათ - გოგირდის აბანოებისა და მინერალური წყლების მეშვეობით, განსაკუთრებით უფროსი და საშუალო ასაკის ადამიანებს. რაც შეეხება ახალგაზრდებს, მათთვის აქ მრავალფეროვანი გასართობი ინდუსტრიაა შექმნილი. ვფიქრობ, ყოველი ალტაელი, რომელიც საქართველოს ერთხელ გაეცნობა, კიდევ ბევრჯერ მოისურვებს ჩვენთან ჩამოსვლას“, - ამბობს დარია ხოლოდილინა.
რუსეთის ალტაის მხარის ტურიზმის რეგიონული ასოციაციის პრეზიდენტის ელენა კრასულინას თქმით, ალტაი, თავის მხრივ, მზადაა საქართველოს დელეგაციის მისაღებად, მხარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის მიზნით. ერთ-ერთი ქართული ტურისტული კომპანიის Lazika Travel-ის ხელმძღვანელმა ვიოლეტა აროშიძემ, რომელმაც უკვე უმასპინძლა ალტაელ ტურისტებს, თანხმობა გამოხატა ალტაიში ჩამოსვლაზე, ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით. „ჩვენთვის საინტერესოა თქვენი კულტურა... ვფიქრობთ, თქვენს მიწაზე ბევრ საინტერესოს ვნახავთ“, - თქვა მან შეხვედრის დროს.
ორივე მხარემ აღნიშნა, რომ დღეისათვის რუსი ტურისტებისთვის საქართველო უფრო მისაწვდომია, ვიდრე რუსეთი ქართველებისთვის. რუსეთის მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი მოქმედებს, საქართველოს მოქალაქეებს კი რუსეთში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ.
დღეს საქართველო ტურისტულ დარგს აქტიურად ავითარებს. ქვეყანაში უკვე შექმნილია მაღალი დონის ტურისტული ინფრასტრუქტურა, მოქმედებენ საერთაშორისო კატეგორიის სასტუმროები, საკურორტო და გასართობი კომპლექსები. მომსახურების ფასები - ევროპულზე ბევრად იაფი. ქართველები სტუმართმოყვარე ხალხია, მათი უმრავლესობა რუსულ ენას საშუალოდ და უფრო მაღალ დონეზე ფლობს. ასე რომ, ენობრივი ბარიერის პრობლემა არ არსებობს.