14-05-2018
რუსულ ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ჟურნალ «Профиль»-ში გამოქვეყნებულ სტატიაში განხილულია საქართველოში შექმნილი სიტუაცია: პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნების მიზეზები, „ქართული ოცნების“ მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგები, პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის როლი, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ვექტორები და ა.შ.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ ამონარიდს სერგეი მარკედონოვის ავტორობით გამოქვეყნებული სტატიიდან:
„ცალკე ყურადღებას იმსახურებს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. 2012 წლამდე ამ პოლიტიკოსს ცოტა ვინმე თუ იცნობდა. კაცმა რომ თქვას, გიორგი მარგველაშვილი პოლიტიკოსიც არ იყო, რადგან მისი კარიერა უფრო საექსპერტო-სამეცნიერო საქმიანობასთან იყო დაკავშირებული, ვიდრე პოლიტიკასთან. მაგრამ, ამის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ მთავრობის ჩამოყალიბების დროს მან განათლების მინისტრის პორტფელი მიიღო, შემდეგ კი ბიძინა ივნიშვილის მხარდაჭერით, პრეზიდენტობის კანდიდატადაც იქნა წარდგენილი. იმ დროს სახელმწიფოს მეთაურის პოსტს თავისი ძველი დანიშნულება უკვე დაკარგული ჰქონდა: რადგან მიხეილ სააკაშვილს ხელისუფლებაში დარჩენა სურდა (ორი ვადით არჩეულს, მესამედ უფლება არ ჰქონდა), მან ასეთი რეფორმა ჩაიფიქრა - პრეზიდენტის უფლებები შეკვეცა, პრემიერის გააფართოვა, რათა სამომავლოდ მთავრობის ხელმძღვანელის სავარძელი დაეკავებინა. ბოლო დრომდე იგი დარწმუნებული იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებში მისი პარტია „ნაცმოძრაობა“ გაიმარჯვებდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა: გაიმარჯვა „ქართულმა ოცნებამ“ და სწორედ ის გახდა იმ რეფორმის ბენიფაციარი. ახალ კონფიგურაციაში გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობა განიხილებოდა სიმბოლურად, რომელიც, გასაგებია, თუ ვისი წყალობით იყო წარდგენილი ქვეყნის მეთაურის კანდიდატად.
მაგრამ არჩევის შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა არ მოისურვა ცერემონიალურ ფიგურად ყოფნა (როგორც, ვთქვათ, ბრიტანეთის დედოფალი ან გერმანიის პრტეზიდენტი). ბევრ საკითხში თავის წარმდგენ პარტიასთან უთანხმოება დაეწყო, განსაკუთრებით საკონსტიტუციო რეფორმის განხორციელებისას, 2017 წელს, როცა მან საკუთარი პერსონა პირდაპირ „ოპოზიციურ პრეზიდენტად“ წარმოაჩინა და პერმანენტულად ეწინააღმდეგებოდა თავის გუშინდელ თანამოაზრეებს. სხვაგვარად არც იქნებოდა, რადგან იმ ხანებში „ოცნების“ მიერ დაგეგმილი რეფორმა პრეზიდენტს ისედაც შეზღუდულ ფუნქციებს კიდევ უფრო უკვეცავდა. დღეს გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებელი მოთამაშეა, თუმცა მისი უფლებამოსილება კონსტიტუციითა შეზღუდული. ასეა თუ ისე, მან დაიწყო როგორც „ივანიშვილი კაცი“, შემდეგ გუნდს თანდათან ჩამოშორდა, თუმცა ვერცერთ ნაპირს ვერ მიადგა. გიორგი მარგველაშვილი მრავალფეროვან ქართულ ოპოზიციაში ჯერ-ჯერობით პოპულარობით არ სარგებლობს, მაგრამ იმ ოპოზიციური ლიდერებისაგან განსხვავებით, რომლებსაც ერთმანეთთან კოოპერირება არ ძალუძთ, იგი ქვეყნის მართვის გამოცდილებასაც ფლობს და კიდევ სხვადასხვა რესურსებსაც.
შემოდგომაზე საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. ეს იქნება სახელმწიფოს მეთაურის ბოლო პირდაპირი არჩევნები, საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად. თანაც პრეზიდენტს, ადრინდელი 6-წლიანი ვადისაგან განხვავებით, ახლა მხოლოდ ხუთი წლით ირჩევენ. 2024 წლისათვის საქართველოშიც პრეზიდენტს, სომხეთის მსგავსად, პარლამენტი აირჩევს. მართალია, დღევანდელ სიტუაციაში პრეზიდენტის ინსტიტუტი საკვანძოდ არ ითვლება, მაგრამ მისი არჩევნები ქვეყნის პოლიტიკური სისტემის ტესტირების ერთგვარ მნიშვნელოვან წერტილს წარმოადგენს: საპარლამენტო არჩევნებამდე ხომ ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი დროა - ორი წელი. ამრიგად, შემოდგომაზე შეიძლება პოლიტიკური რესურსების შემოწმება მოხდეს და მთავარი სტარტისთვის ძალები მომზადდეს.
ამ კონტექსტში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება (თუმცა მას არც დაუტოვებია პოლიტიკა, უბრალოდ, მასში არაფორმალურად იყო ჩაბმული) ლოგიკურად გამოიყურება. ოპოზიცია უიმედოდაა დაქსაქსული, ლიდერებს პირადი ამბიციები აქვთ და ამ ფონზე, რასაკვირველია, „ქართულ ოცნებას“ სერიოზული უპირატესობა აქვს.
მაგრამ ცუდი ისაა, რომ ქვეყნის ეკონომიკაში საქმე მაინცდამაინც კარგად არ მიდის. ზოგიერთ სფეროში მოპოვებულ წარმატებებს (ტრანსპორტი, ტურიზმი, საგარეო ვაჭრობა) მოსახლეობის ცხოვრების დონე სერიოზულად არ გაუუმჯობესებია: პენსიები და ხელფასები მერამდენე წელია არ იზრდება, სამაგიეროდ, მატულობს ფასები პროდუქტებზე... ეს ყველაფერი ამჟამინდელი მთავრობის საქმიანობის შეფასებაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ამ თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე დაბრუნება მოწოდებულია იმისათვის, რომ მმართველ პარტიას დამატებითი საყრდენი ჰქონდეს. მდიდარი ოლიგარქი, რომელიც მოსახლეობაზე ზრუნავს, ხალხში კვლავ პოპულარობით სარგებლობს... და, ცხადია, „ქართული ოცნებაც“ ამ სიკეთეს სათავისოდ იყენებს.
ისე, თუ დავუკვირდებით, შევამჩნევთ, რომ დღევანდელი „ქართული ოცნება“ თითქმის იმ გზას იმეორებს („დეჟა ვიუ“?), რომელიც ადრე ედუარდ შევარდ შევარდნაძისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ განვლო. როგორც სამართლიანად წერს რუსი კავკასოლოგი ალექსანდრე სკაკოვი, „საქართველოს დემოკრატიული პერსპექტივისათვის ნეგატიური ფაქტორი ისაა, რომ პარტიებისა და პოლიტიკური ბლოკების სიმრავლის მიუხედავად, ქვეყანაში მრავალპარტიული სისტემა მაინც ვერ ჩამოყალიბდა“. ჯერ იყო და ედურად შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“ წარმოადგენდა ქვეყნის ე.წ. „პოლიტიკურ სისტემას“, შემდეგ - მიხეილ სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნება“. თბილისის დასავლელი პარტნიორების იმედები არ გამართლდა, „კოაბიტაციის“ პერიოდში ორპარტიული სისტემაც ვერ ჩამოყალიბდა. „ქართულმა ოცნებამ“ თანდათან განდევნა „ნაცმოძრაობა“, რომელშიც, ექს-პრეზიდენტის უცხოეთში გაქცევის შემდეგ, განხეთქილება მოხდა, ხოლო პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ყოფილი პრემიერი და იმდროინდელი „რუხი კარდინალი“ ვანო მერაბიშვილი ციხეში აღმოჩნდა. ვინც მათ შემდეგ მოვიდა ხელისუფლებაში, კურსი აიღო არა ექსკლუზიური დიალოგისკენ წინამორბედებთან, არამედ ხელისუფლების მონოპოლიზაციისაკენ.
როგორ გავლენას მოახდენს „ქართული ოცნების“ პოზიციების განმტკიცება საგარეო პოლიტიკაზე? ზოგადად ვხედავთ, რომ „მეოცნებეთა“ საგარეო პოლიტიკა „ნაციონალების“ დიპლომატიისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება. დღეს საქართველოს შესახებ რუსული მასმედია მაინცდამაინც ხშირად არ მსჯელობს. უკრაინის კრიზისის დაწყების კვალობაზე საქართველომ პოსტსაბჭოთა სივრცეში „მთავარი ბუნტოვშიკის“ არაფორმალური სტატუსი დაკარგა. თბილის-მოსკოვს შორის ყოფილ შეხლა-შემოხლას მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ტრიუკები გვახსენებს, თუმცა მის მიმართაც ინტერესი უკვე განელებულია. საქართველოს პრობლემებით რუსული პრესა მხოლოდ იმ იშვიათ მომენტებში ინტერესდება, როცა თბილისი, ნატო-ევროკავშირთან ინტეგრირების განმტკიცების ფონზე, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებითაც რაღაც პროექტებით გამოდის, ანდა როცა გაჩნდება საბაბი ქართულ-რუსული ურთიერთობის ნორმალიზების გზების განსახილველად.
ამგვარი მდგომარეობა რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. „ხუთდღიანი ომის“ შემდეგ მოსკოვსა და თბილისს შორის ახალი სტატუს-ქვო ჩამოყალიბდა: რუსეთმა აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა და რეგიონში თავისი როლი კარდინალურად შეცვალა - ორი ეთნოკონფლიქტის დამრეგულირებელი შუამავალიდან რუსეთი ყოფილი საქართველოს სსრ-ის ორი ავტონომიის პატრონად გადაიქცა. თავის მხრივ, ამ ფაქტმა საქართველოს ევროატლანტიკური ვექტორის განმტკიცება გამოიწვია. მართალია, თბილისი ნატოს წევრი ვერ გახდა, მაგრამ მან ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას ევროკავშირთან და მიაღწია იმას, რომ ქართველები შენგენის ზონაში ვიზის გარეშე დადიან.
პარალელურად ღრმავდებოდა სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა აშშ-სთან. ფაქტიურად თბილისი სამხრეთ კავკასიაში ვაშინგტონის პრივილეგირებულ პარტნიორად გადაიქცა. რუსეთის ურთიერთობის განმტკიცებამ აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ხოლო აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისა - საქართველოსთან, თანაც „მთელი გულით“ (ეს ტერმინი პოლიტიკაში ანგელა მერკელმა შემოიტანა), გარკვეული ბალანსი შექმნა ტურბულენტურ რეგიონში: თბილისი არ ცდილობს რევანშის აღებას 2008 წელს განცდილი დამარცხებისთვის, კრემლი კი საქართველოს საქმეებში არ ერევა. საკმარისია ერთმანეთს შევადაროთ რუსეთის რეაქცია თბილისისა და კიევის მიერ ხელმოწერილ ასოცირების შეთანხმებებზე, რომ გავიგოთ - მოსკოვისთვის საქართველო დღეს დიდად საინტერესო ქვეყანა აღარ არის. საქართველოს კრემლი განიხილავს როგორც „ლუკმამოჭრილ“ ქვეყნად, რომელთანაც ურთიერთობის ნორმალიზება სასურველია, მაგრამ აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის სტატუსის შესახებ ყოველგვარი დისკუსიების გარეშე. რუსულ საგარეოპოლიტიკურ ოპტიკაში (ხედვაში), ევროპულ-ამერიკულისაგან განსხვავებით, მხოლოდ სამი სუბიექტი ჩანს - საქართველო და მისი ყოფილი ავტონომიები.
არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ მოსკოვ-თბილისის დიალოგში განსაზღვრული ცვლილებები მოხდა, თუმცა მათ ტაქტიკური და სელექციური ხასიათი არ ჰქონდათ (და არც ახლა აქვთ). საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ საგარეო პოლიტიკაში წინმორბედის სტრატეგიული მიდგომები შეინარჩუნა - კურსი ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციისაკენ. შეიცვალა ტაქტიკა, მაგრამ არა სტრატეგია. თუ მიხეილ სააკაშვილი მოსკოვს ექიშპებოდა და დასავლეთისაგან ნატოსა და ევროკავშირში მიღებას ითხოვდა, ბიძინა ივანიშვილის გუნდმა უარი თქვა ანტირუსულ პიარზე და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების გზას დაადგა, რაც, თბილისის აზრით, დასავლეთთან ინტეგრირების მნიშვნელოვანი წინამძღვარია. რა თქმა უნდა, ეს ზალზე ძნელად მისაღწევი მიზანია მაშინ, როცა მოსკოვსა და ვაშინგტონს ერთმანეთთან კონფრონტაცია აქვთ!
საქართველოს საგარეო პოლიტიკაში არის ნიუანსები, რომლის გათვალისწინებით თბილისურ დიპლომატიას მხოლოდ ორ ფერში ვერ განვიხილავთ. ეს ქვეყანა პრონატოური და პროევროპული არჩევანის თანმიმდევრული მხარდამჭერია, მაგრამ იმავდროულად თბილისი ცდილობს კონტაქტების დივერსიფიცირებას - ისეთ ქვეყნებთანაც კი ავითარებს კონტაქტებს, რომლებსაც აშშ-სთან და ევროკავშირთან საკმაოდ რთული და კონფლიქტური ურთიერთობებიც კი აქვთ. მაგალითად, საქართველომ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გააფორმა, რითაც სამხრეთ კავკასიის პირველი ქვეყანა გახდა მასთან ამგვარი დოკუმენტის ხელმოწერით. გარდა ამისა, თბილისი ჩინეთს პარტნიორად განიხილავს ტერიტორიული მთლიანობის დაცვისა და სეპარატიზმისადმი წინააღმდეგობის საკითხშიც. 2017-ში საქართველო შეუერთდა დეკლარაციას „აბრეშუმის დიდი გზის“ განვითარების პროექტის თაობაზე და ხელი მოაწერა ე.წ. „ლაზურიტის დერეფნის“ შესახებ შეთანხმებას (ავღანეთთან, თურქმენეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად).
საქართველოს მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება ირანთან უვიზო რეჟიმის განახლების თაობაზე და დაეთანხმა თბილისში ბელარუსის საელჩოს გახსნას. ბელარუსთან საქართველოს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს: მინსკის განცხადებას აფხაზეთ-სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის არაღირების თაობაზე თბილისისთვის მნიშვნელოვან სიმბოლურ კაპიტალს წარმოადგენს (არადა, ბელარუსი არამარტო ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და „ოდკბ“-ის წევრია, არამედ რუსეთთან ერთობლივი საკავშირო სახელმწიფოს სუბიექტიცაა). სხვათა შორის, ბელარუსთან პოზიტიური დინამიკა ჯერ კიდევ მ.სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს გამოიკვეთა - „პოსტსაბჭოთა სივრცის მთავარი დემოკრატის“ იმიჯი მისთვის ხელშემშლელი არ ყოფილა „ევროპის უკანასკნელ დიქტატორთან“ კონტაქტებში. „ქართულმა ოცნებამ“ თავისი წინამორბედის კურსი გააგრძელა და როგორც ალ.ლუკაშენკოს თბილისურმა ვიზიტებმა აჩვენა, პრაგმატული კურსით ორივე მხარე კმაყოფილია.
ამრიგად, ვისაც ჰგონია, რომ ქართული პოლიტიკა ძალიან „იდეოლოგიზებულია“, ის შეფასებებში ძალიან აჭარბებს. იგივე ითქმის თბილისის ორიენტაციაზე ე.წ.„ფასეულობრივი მიდგომებისა“ და „ცივილიზებული არჩევანის“ მიმართ: როცა საქართველოს ჭირდება და აწყობს, ის წარმატებით უკავშირდება პეკინსაც, თეირანსაც და მინსკსაც, არაფერს ვამბობთ აზერბაიჯანსა და ცენტრალური აზიის სახელმწოფოებზე. თბილისის ხედვაში დასავლეთი უპირველესად რუსეთის საპირწონეა - იმ რუსეთისა, რომელსაც საქართველო აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე კონტროლის დაკარგვას აბრალებს. მართალია, 2008 წლის მოვლენებმა აჩვენა, რომ დასავლეთის მხარდაჭერას თავისი საზღვრები აქვს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ საქართველო თავის დაკარგულ ტერიტორიებს მხოლოდ მოსკოვის პოლიტიკის სრული კოლაფსის შემთხვევაში დაიბრუნებს - როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაში. მაგრამ თუნდაც სამხედრო გზით მოახერხოს მისი გაკონტროლება, ეს მაინც არ ნიშნავს წარმატებულ ინტეგრირებას. უფრო მეტიც - დღეს საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთის გარეშეც ასჯერ უფრო საშიში გამოწვევის წინაშე დგას: ისლამისტურმა იატაკქვეშეთი უკვე დიდი ხანია არსებობს აჭარასა და პანკისში, გასულ წელს კი თბილისშიც გამოვლინდა, როცა აჰმედ ჩატაევის ბოევიკების წინააღმდეგ სპეცოპერაცია განხორციელდა. ამ პირობებში საქართველო იძულებული იქნება რუსეთთან ურთიერთობის კორექტირება მოახდინოს. ეს არ იქნება „პოზიციიდან უკანდახევა“. მოსკოვთან მიმართებით თბილისს მოუწევს თვალი დახუჭოს გარკვეულ უთანხმოებებზე, სუფთა პრაგმატული მოსაზრებით. ამას დრო დაჭირდება, მაგრამ არა უშავს“.