14-05-2018
„გერმანიის ხელისუფლებამ საქართველოს 68 მოქალაქე ქვეყნიდან გააძევა და ისინი ხუთშაბათს, სპეციალური ავიარეისით დიუსელდორფიდან თბილისში ჩაიყვანა. ოპერაცია რეადმიიის შესახებ დადებული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელდა“, - ნათქვამია რუსული გამოცემის, «Независимая газета»-ს მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ იური როქსის ავტორობით გამოქვეყნებული მასალის რეზიუმეს:
პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ასეთი შემთხვევა პირველი არ არის - იგივე მოხდა მარტის თვეშიც, როცა გერმანიიდან საქართველოში 50-მდე მოქალაქე გამოაძევეს (ისინი თავშესაფრის მიღებას ცდილობდნენ). განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ დიუსელდორფში 68 მოქალაქე ერთად შეაგროვეს არა მხოლოდ გერმანიიდან, არამედ შვეიცარიიდან, ბელგიიდან, ისლანდიიდან. კიდევ ერთი განმასხვავებელი ნიშანი: ბევრი დეპორტირებული ევროპაში ჯერ კიდევ უვიზო რეჟიმის შემოღებამდე იყო წასული და იქ ცხოვრობდა.
სტატიაში მოთხრობილია ერთ-ერთი ახალგაზრდა ქართველი ქალის ბედი (ტელეარხ „რუსთავი-2“-ის ინფორმაციის საფუძველზე), რომელიც 5 წელი გერმანიში ცხოვრობდა: იგი ქმართან ერთად საქართველოდან გაუსაძლისი ცხოვრების გამო წავიდა, გერმანიაში მოეწყო, შვილებიც იქ დაიბადნენ, ახლა კი საქართველოში იძულებით ჩამოიყვანეს. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ამ ქალს და სხვა დეპორტირებულებს რამდენიმე წლის განმავლობაში ევროპაში წასვლა აეკრძალათ. „დეპორტაციის მიზეზს არავინ არ განმარტავს - არის მოსაზრება, რომ გერმანიას და სხვა ქვეყნებს საქართველო უკვე უსაფრთხო ქვეყნად მიაჩნიათ და შესაბამისად, თავის მოქალაქეებზე საქართველოს მთავრობამ უნდა იზრუნოსო“, - წერს ავტორი.
პუბლიკაციის ავტორი ყურადღებას უთმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ ძალისხმევას უვიზო რეჟიმის შენარჩუნების მიზნით - მაგალითად, უფრო რთული გახდა გვარ-სახელის გამოცვლა (ადრე დეპორტირებულები ვინაობას იოლად იცვლიდნენ და ხელახლა მიდიოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში). გარდა ამისა, ხელისუფლება მუდმივად, უფრო მეტი კატეგორიულობით ახსენებს საქართველოს მოქალაქეებს, მკაცრად დაიცვან ევროკავშირის ქვეყნებში ყოფნის წესები. „საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ევროპამ პოზიტიურად შეაფასა, მაგრამ პრობლემა ჯერ კიდევ შორსაა გადაწყვეტისაგან“, - ხაზგასმულია სტატიაში.