28-12-2017
რუსეთი იმედოვნებს, რომ 2018 წელს საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა და ეკონომიკურ-სავაჭრო თანამშრომლობის გაძლიერება შესაძლებელი იქნება.
ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა განაცხადა. მისი თქმით, 2017 წელს, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის რუსეთმა მეორე ადგილი დაიკავა და იმ პროექტებზე ისაუბრა, რომლებიც ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერებას შეუწყპბს ხელს.
მისი თქმითვე, რუსულ-ქართული კავშირების ნორმალიზაციის ტენდენცია რამდენიმე წლის წინ გაჩნდა, „როდესაც მიხეილ სააკაშვილის პარტიამ საპარლამენტო არჩევნები წააგო და ხელისუფლებაში ახალი მთავრობა მოვიდა“. კარასინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამის შემდეგ თბილისისა და მოსკოვის საერთო ძალისხმევით, „ვაჭრობისა და ტრანსპორტის სფეროში ხელშესახები შედეგების მიღწევა და ჰუმანიტარული კავშირების გამყარება გახდა შესაძლებელი”.
„კერძოდ, მხოლოდ 2017 წელს ორმხრივი სავაჭრო ბრუნვა 30%-ზე მეტით გაიზარდა. რუსეთი საქართველოსთვის მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი და მისი პროდუქციის, ძირითადად, ღვინის გასაღების მთავარი ბაზარი გახდა.
მისი თქმით, „ამ დროისთვის საქართველო-რუსეთის საზღვარზე მხოლოდ ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია ზემო ლარსზე, რომელზეც დიდი დატვირთვა მოდის. ამის გამო, საზღვარზე საათობით დგას ხალხი და მოსკოვი ამ პრობლემის მოგვარებას გეგმავს.“
„ზემო ლარსის გამშვები პუნქტის რეკონსტრუქცია იგეგმება, რაც საზღვრის გადალახვას გაამარტივებს” – აღნიშნა კარასინმა.
რუსმა დიპლომტმა იმედი გამოთქვა, რომ „მომავალ წელს ამ პოზიტიური ტენდენციების ზრდა იქნება შესაძლებელი“ და დასძინა, რომ „მოსკოვი მზად არის ყოველმხრივი პრაქტიკული თანამშრომლობისთვის“ და „ქართული მხარის ადეკვატური რეაქციის იმედი აქვს“.
წყარო: cyc.ge