6-07-2021
"ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარების ხედვის - „ეკონომიკა - 2030" პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გრძელვადიანი განვითარების ხედვის პირველადი დოკუმენტი მზადაა და მის სრულყოფაში ბიზნესის წარმომადგენლები, არასამთავრობო სექტორი, უცხოელი პარტნიორები და დონორები ჩაერთვებიან.
„ჩვენი მთავარი ამოცანა იყო გრძელვადიანი განვითარების ხედვის შემუშავება; პირველადი დოკუმენტი მზადაა და ჩვენ მზად ვართ, აბსოლუტურად ღიად ჩავრთოთ ამ პროცესში როგორც ბიზნესის წარმომადგენლები, ასევე არასამთავრობო სექტორი, ჩვენი უცხოელი პარტნიორები, დონორები, რათა მომდევნო დაახლოებით სამი თვის განმავლობაში ჩვენ სრულყოფა გავუკეთოთ ამ დოკუმენტს, შევთანხმდეთ, რომ ეს არის ის ძირითადი ჩარჩო დოკუმენტი, რომლის ფარგლებშიც შეიძლება ვიმოძრაოთ. რა თქმა უნდა, წლების განმავლობაში, შეიძლება ამ დოკუმენტის განახლება მოხდეს. ჩვენ ყველანი უნდა შევთანხმდეთ, როგორც მთავრობა, ისე ბიზნესი, რომ ეს არის სწორი გზა, რომ ეს მოუტანს რეალურად ინკლუზიურ ზრდას, რომ ეკონომიკის ზრდა მაქსიმალურად შეეხება ჩვენს მოსახლეობას და ეს არ იქნება მხოლოდ ერთეულებისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს, როგორც მინიმუმ, ჩვენი ეკონომიკის გაორმაგება 2030 წლისთვის, რაც, შეიძლება ამბიციური, მაგრამ სავსებით რეალისტური გეგმაა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.