7-07-2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე კიდევ 4 პირი: 1983 წელს დაბადებული ა.ნ., 1999 წელს დაბადებული თ.დ., 1986 წელს დაბადებული ი. ქ. და 1996 წელს დაბადებული თ. ხ. დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, დაკავებულმა ა.ნ.-მ და თ.დ.-მ ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე ორგანიზაცია „სირცხვილიას“ ოფისში, ტელეკომპანია „ტვ 1“-ის ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულებმა ი.ქ.-მ და თ.ხ.-მ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორს სამსახურებრივი საქმიანობისას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
ამ დროისთვის, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ სულ 7 პირია დაკავებული. გრძელდება ინტენსიური საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებები.