7-07-2021
"ძალიან სამწუხაროა, რომ მიუხედავად შსს-ს არაერთი გაფრთხილებისა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს განცხადებებში არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ პრაიდის რეალური მიზნები იყო არა ვინმეს უფლებების დაცვა, არამედ ეს მიზნები იყო პროვოკაციული, არავინ იფიქრა პრევენციაზე, პირიქით მათ ამ პროვოკაციულ მიზანს კიდევ მეტი დაამატეს, ლოკაციებიც კი არ იყო ცნობილი პოლიციელებისათვის, რათა შესაბამისად ემოქმედათ“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, პოლიციამ გუშინ და წინა დღეების განმავლობაში იმოქმედა შესაძლებლობების მაქსიმუმის ზღვარზე.
მამუკა მდინარაძე სვამს კითხვას ორგანიზატორებთან, თუკი მათ, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობის, ქართული საზოგადოების ძალიან დიდ და მნიშვნელოვან ნაწილს მიაჩნიათ, რომ ეროვნული ინტერესები, ეროვნული იდენტობა, ეკლესია უნდა დაიცვან, მაშინ ის ქმედებები, რაც მათმა ნაწილმა განახორციელა, პირიქით, ხომ არ უწყობს ხელს ამ ყველაფრის დისკრედიტაციას.
„ვიღაცის წისქვილზე ხომ არ ასხამენ წყალს და ეს ვიღაცეები არიან ისინი, მათ შორის, სამწუხაროდ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და პრაიდის ორგანიზატორები, რომლებიც ალბათ ამას ისურვებდნენ, რომ განეხორციელებინათ ძალადობა ჟურნალისტების მიმართ, ინატრებდნენ და ისურვებდნენ იმასაც, რომ ვიღაცას ჩამოეხსნა ევროკავშირის დროშა. ეს მათ წისქვილზე ასხამს წყალს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს გააკეთა განცხადება, დეტალური განმარტება ამასთან დაკავშირებით და ის ძალიან სამწუხარო ფაქტი, რომელიც მედიასაშუალებების წარმომადგენლების, ჟურნალისტების, ოპერატორების მიმართ ძალადობას შეეხებოდა, რაც წარმოუდგენელია და რაც, პროვოკაციის ავტორების და დამგეგმავების წისქვილზე ასხამს წყალს, ეს ბოლომდე ვერ იქნა თავიდან აცილებული. ქალაქში 3 000-ზე მეტი პოლიციელი იყო გაშლილი სხვადასხვა ლოკაციებზე და პრაიდის დამგეგმავებმა და ორგანიზატორებმა ისიც კი არ გააკეთეს, რომ დილიდანვე ლოკაციები მიეწოდებინათ. რა თქმა უნდა, ეს არ გააკეთა მეორე მხრივ აქციის დამგეგმავთა ძირითადმა ნაწილმა, აქედან გამომდინარე, ურთულესი აღმოჩნდა პრევენცია და შედეგები სამწუხაროდ ნახეთ. ახლა მთავარია, იმისათვის რომ მომავალში პრევენცია იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი, ყველა მოძალადე პირი, რომელმაც პროვოკაციის დამგეგმავების წისქვილზე დაასხა წყალი თავიანთი რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ცუდი მოქმედებით, სათანადოდ იყოს ჯერ იდენტიფიცირებული, შემდეგ დასჯილი, რომ მომავალში მაინც ავიცილოთ მათი ასეთი მოქმედებები თავიდან“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.