7-07-2021
სრულიად, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა. მითუმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს არის გაუგონარი ფაქტი და ეს არ არის არც მთავრობის, არც ეკლესიის, არც ხალხის და ქვეყნის ინტერესებში.
„რაც შეეხება თქვენს მიერ ნახსენებ არასასიამოვნო და ძალადობრივ ფაქტებს, მე რა თქმა უნდა, საჯაროდ დავგმე ამის თაობაზე ბატონო კომისარო. მიუღებელია სრულიად, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმით გამოხატული ძალადობა. მითუმეტეს, ძალადობა ჟურნალისტებზე. ეს არის გაუგონარი ფაქტი და რა თქმა უნდა, ეს არ არის არც მთავრობის ინტერესებში, არც ეკლესიის ინტერესებში, არც ჩვენი ხალხის და ქვეყნის ინტერესებში. ეს შეძლება იყოს, სამწუხაროდ, ჩვენდამი მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში, ან ზოგიერთი დესტრუქციული ოპოზიციონერების ინტერესებში. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს გამოვიძიებთ. პოლიციამ უკვე დაიწყო ადამიანების დაკავება, ვინც ჩაიდინა ძალადობა. გუშინ პოლიციამ 100 ადამიანი დააკავა ადგილზე და რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ფაქტებს არ დავტოვებთ გამოუძიებელს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი და არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა.
„მე ჩემს წინა სიტყვაში ვთქვი, რომ ჩვენი ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის შეუქცევადი. ამ გზაზე გარკვეული პროვოკაციული ჯგუფები შეეცდებიან ზიანის მიყენებას ჩვენი ქვეყნისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს არ შეგვაფერხებს, ჩვენ ამ პროვოკაციებს დავძლევთ დ მივაღწევთ და მივაღწევთ ჩვენს საერთო დიდ მიზანს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ჩვენ ვართ დიდი კულტურის და ცივილიზაციის ქვეყანა, ერთ-ერთი უძველესი კულტურისა და ცივილიზაციის ერი. რა თქმა უნდა, ცალკეული ძალადობრივი ფაქტების განზოგადება არ არის სწორი. ეს არ ნიშნავს, რომ ეს არის ქართველი ხალხის ხელწერა. ის რამდენიმე პროვოკაციულად მოქმედი ადამიანის მიერ ჩადენილი ძალადობრივი ფაქტები იქნება აღკვეთილი, გამოძიებული და შესაბამისად, ყველა ადამიანი იქნება დასჯილი. ეს ხდება ყველა ქვეყანაში - ევროპაში, ამერიკაში, ყველგან, სადაც ასევე რეაგირებს პოლიცია და იცავს კანონის უზენაესობას. ასეც მოვიქცევით ჩვენ. მე შეგახსენებთ, რომ ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს, 2014 წელს, სწორედ ნებისმიერი სახის დისკრიმინაციის აღმოსაფხვრელად ჩვენ მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონი, თუმცა ამავე დროს, ვინაიდან გავითვალისწინეთ ჩვენი ტრადიციები, კულტურა და ჩვენი მოსახლეობის ინტერესები, ჩვენ მაშინ კონსტიტუციაში ასევე მოვახდინეთ ქორწინების დეფინიცია, რაც ასევე სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ჩვენს ქვეყანაში არ ხდება დისკრიმინაცია განსხვავებული აზრის, განსხვავებული ცხოვრების წესის ადამიანების. ყველა ადამიანი არის დაცული კანონის მიერ, კონსტიტუციის ქვეშ და ეს ასეც იქნება. ამის გარანტიას იძლევა ჩვენი კონსტიტუცია და კანონი. ჩვენ, როგორც მთავრობა ამ კანონს რა თქმა უნდა აღვასრულებთ. ასე, რომ კიდევ ერთხელ მინდა თქვენთვის განვმარტო და მოსახლეობისთვის, რომ ცალკეული პროვოკაციული შემთხვევების განზოგადება არასწორია. ეს რა თქმა უნდა, არ შედის ჩვენს ინტერესებში. ცხოვრება გრძელდება, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებს პარლამენტის წინ და ასე იქნება მუდმივად", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.