ძალიან გამიხარდა საქართველოს პარლამენტის წევრებთან შეხვედრა, მიხარია, რომ შევსებულია პარლამენტი და პარლამენტის წევრები დაბრუნდნენ იქ, სადაც უნდა ყოფილიყვნენ თავიდანვე - პარლამენტში, სადაც უნდა წარმოებდეს პოლიტიკური დებატები.
ახლა ჩვენ გვჭირდება ყველა პოლიტიკური პარტიის გაერთიანება იმისთვის, რომ განხორციელდეს შეთანხმება, ყველა პარტიამ უნდა მოაწეროს ხელი იმ შეთანხმებას, ყველას ჩართულობა გვჭირდება, - ამის შესახებ სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით.
ოლივერ ვარჰეიმ პრესკონფერენციაზე ქვეყანაში ბოლო ორი დღის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებზეც ისაუბრა.
„ასევე მახარებს ის ფაქტი, რომ მნიშვნელოვანი წინსვლაა მიღწეული საარჩევნო რეფორმის კუთხით და ასევე მინდა, ვიხილო წინსვლა სასამართლო რეფორმის მიმართულებით და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის წესთან დაკავშირებით. ბოლოს უნდა ვთქვა რამდენიმე სიტყვა იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც გუშინ და გუშინ წინ ქვეყანაში მოხდა. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი ბატონ პრემიერთან და მიმაჩნია, რომ მისი სახელითაც ვსაუბრობ ახლა, როცა ვამბობ, რომ არ არსებობს ძალადობის სივრცე, ძალადობიდან არაფერი იშვება. არასოდეს არ წარმოიშვება, არც მომავალში და გამოხატვის თავისუფლება, რომელიც არ იქნება შეზღუდული ძალადობით, ან რაიმე სახის დისკრიმინაციით, აი, ეს უნდა არსებობდეს ქვეყანაში, გამოხატვის თავისუფლება. ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს უფლება, რომ გაერთიანდეს, შეიკრიბოს და გამოხატოს თავისუფლად თავისი მოსაზრება. ამიტომ ჩვენ გვინდა, რომ ყველამ სცეს პატივი ამ თავისუფლებას, ამიტომ გვინდა ვიხილოთ, როგორ განხორციელდება მოვლენები და პროცესები. რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ის ფაქტიც, რომ პარლამენტში მივედი დღეს დილით და ვნახე, რომ ევროკავშირის დროშა კვლავ ფრიალებდა იმ ადგილას, სადაც უნდა ყოფილიყო. დიდი მადლობა,"- აღნიშნა ვარჰეიმ.