9-07-2021
„ჩვენი გუნდის სწორი მენეჯმენტისა და სწორი კომუნიკაციის შედეგად, პანდემიის მიუხედავად, საქართველოში შემოვიდა კიდევ ერთი ახალი, ცნობილი ავიაკომპანია Eurowings-ი, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კი „ვიზეარის" ბაზა დაბრუნდა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა „დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა.
„ორი კარგი სიახლეა - პირველი ყველაზე ღირებული არის ის, რომ პანდემიის მიუხედავად და სწორი მენეჯმენტის შესაბამისად, ჩვენ ქვეყანაში შემოვიდა ახალი, საკმაოდ ცნობილი ავიაკომპანია „ევროვინგზი". პირველი მიმართულება, რაც გაიხსნა, დიუსელდორფი-თბილისის მიმართულებაა. თუმცა, გვაქვს აქტიური მიმდინარე მოლაპარაკებები, რომ Eurowings-ი ქუთაისშიც ვიხილოთ. აქვე გეტყვით, რომ „ევროვინგზის" პირველი რეისი, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოფრინდა, სავსე იყო ტურისტებით. დიახ, ასეთი მაგალითები გვიჩენს იმ დადებით მოლოდინებს, რომელიც გვაქვს", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში იყო, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარის" ბაზის დაბრუნებას უკავშირდება.
„გვახსოვს, რამდენად მტკივნეული იყო თითოეული ჩვენგანისთვის კოვიდ პანდემიიდან გამომდინარე ბაზის გასვლა ქუთაისის აეროპორტიდან და დიახ, სწორი მენეჯმენტით მოვახერხეთ ის, რომ პანდემიის მიუხედავად, WizzAir-თან სწორი კომუნიკაციით და იმ მაღალი ხარისხის თანამშრომლობით, რომელიც ჩვენ გვაქვს, WizzAir-ის ბაზა რამდენიმე დღის წინ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა", - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მისივე თქმით, სტრატეგიულ პარტნიორ ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებები და ურთიერთობები პროაქტიულად გაგრძელდება.