9-07-2021
ვენაში, ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომა გაიმართა.
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ეუთო-ში, ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს მონაწილე სახელმწიფოებს მიაწოდა ინფორმაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 53-ე რაუნდის შესახებ, რომელიც 30 ივნისს გაიმართა.
მან აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, წინსვლა არ დაფიქსირებულა მოლაპარაკებების დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - ძალის არგამოყენება და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმები, ასევე, ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
მოლაპარაკებების ფარგლებში ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას და განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტისა და ძალის არგამოყენების გარანტირება ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განთავსებით არის შესაძლებელი.
საქართველოს დელეგაციის მიერ აღინიშნა, რომ რაუნდის დროს, რუსეთის ფედერაციამ და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა ისევ სცადეს დევნილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების საკითხის პოლიტიზირება და დისკუსიის მსვლელობისას კვლავ დატოვეს მოლაპარაკებები.
ელჩმა განაცხადა, რომ ჟენევის დისკუსიების ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ დე-ფაქტო ანექსიის პროცესის გააქტიურებისა და სოფელ აიბღას ნაწილის უკანონოდ მიერთების, საკითხს, ასევე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამწვავებული ჰუმანიტარულ მდგომარეობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს, ადგილობრივი მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილების უზრუნველყოფის აუცილებლობას, ასევე ზაზა გახელიძისა და უკანონოდ დაკავებული საქართველოს დანარჩენი მოქალაქეების, ირაკლი ბებუასა და გენადი ბესტაევის გათავისუფლების თემებს;
სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ევროკავშირის, უკრაინის, აშშ-ს, თურქეთის, კანადისა და გაერთიანებული სამეფოს დელეგაციებმა. გამომსვლელებმა ცალსახად დაადასტურეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოუწოდეს რუსეთს, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისკენ. აშშ-ს დელეგაციამ მოუწოდა რუსეთს, გააუქმოს საქართველოს რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება.
დელეგაციებმა ასევე გამოხატეს შეშფოთება ზაზა გახელაძის დაკავებასთან დაკავშირებით და მოითხოვეს მისი და უკანონო პატიმრობაში მყოფი სხვა პირების დაუყოვნებლივ გათავისუფლება.
ევროკავშირის დელეგაციამ თავის გამოსვლაში ხაზი გაუსვა რუსი სამხედროების განთავსებას საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე, უკანონო ქმედებებს, რაც მიმართულია საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონების რუსულ სივრცეში ინტეგრაციისკენ. მათ შორის, განსაკუთრებით აღინიშნა სოფელ აიბღას ტერიტორიის დე ფაქტო ანექსია რუსეთის მიერ. ევროკავშირის ელჩმა განაცხადა, რომ ეს ნაბიჯები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და 2008 წლის შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის და უნდა გაუქმდეს (reverse). სოფელ აიბღას ნაწილის უკანონო მიტაცება დაგმო უკრაინის დელეგაციამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს რუსეთის უკანონო ქმედებებზე, მათ შორის სანქციების პოლიტიკის მეშვეობით.
გამომსვლელთა მიერ ასევე ხაზი გაესვა ე.წ. ბორდერიზაციისა და თავისუფალი მიმოსვლის შეზღუდვის ნეგატიურ შედეგებს ადგილობრივ მოსახლეობაზე.
დელეგაციების მიერ აღინიშნა საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის რეგიონებში დაშვების აუცილებლობა. ამ კონტექსტში ითქვა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას უნდა მიეცეს წვდომა ამ რეგიონებზე, რისი მანდატიც მას გააჩნია.
ევროკავშირის დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის ძალისხმევა, შეიმუშაოს ინკლუზიური მიდგომა, მათ შორის სამშვიდობო სტრატეგიის - ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ - განხორციელებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებთან ჩართულობის გზით.
გამომსვლელები ასევე მიესალმნენ ქალების, მშვიდობა და უსაფრთხოების საკითხის განხილვას დისკუსიების ფარგლებში და ხაზი გაუსვეს ქალების სრულფასოვანი ჩართულობის მნიშვნელობას სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
დელეგაციებმა ასევე შეახსენეს რუსეთის ფედერაციას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის გადაწყვეტილება რუსეთ-საქართველოს საქმეზე და მოუწოდეს მისი შესრულებისკენ.