გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
"საქართველოს ბანკის" დაყაჩაღებისთვის დაკავებულ პირებს, თითოეულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

16-05-2018

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობაში ბრალდებულები გ.გ., ლ.ს. და ბ.გ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნო.


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 19 დეკემბერს, დაახლოებით 09:00 საათზე ლ.ს და ბ.გ. შეიჭრნენ ქ.თბილისში ქინძმარაულის შესახვევში მდებარე ს.ს. "საქართველოს ბანკის“ ექსპრეს სერვისცენტრის ფილიალში, ხოლო გ.გ. კი ცდილობდა გარე პერიმეტრის გაკონტროლებას. თავდასხმის დროს ბ.გ. ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ბანკის მოლარე-ოპერატორს, რის შემდეგადაც თავდამსხმელები ჯგუფურად დაეუფლნენ ს.ს. "საქართველოს ბანკის“ კუთვნილ თანხას 4254 ლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.


სამართალდამცველებმა გ.გ. და ლ.ს. 2017 წლის 20 დეკემბერს, ქ.თბილისში, ხოლო ბ.გ. 2017 წლის 21 დეკემბერს ქ.ქუთაისში დააკავეს. მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად) წარედგინათ და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.


თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თითოეულს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მაი 2024    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031