16-05-2018
თითქმის ორთვიანი პაუზის შემდეგ, ერგნეთში “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა.
არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალების შემდეგ ეს ჯგუფი პირველად შეიკრიბა და თითქმის ათსაათიანი შეხვედრის მთავარი თემაც სწორედ 22 თებერვალს, ცხინვალში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის – არჩილ ტატუნაშვილის საკითხი იყო.
ტატუნაშვილის ცხედარი ცხინვალმა ქართულ მხარეს 20 მარტს, გარდაცვალებიდან თითქმის ერთი თვის თავზე გადმოსცა. “ჯემნიუსი” პირველი იყო, ვინც მოიპოვა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გადმოსვენების მომენტისთვის ცხედარს შინაგანი ორგანოები – გული და თავის ტვინი ამოცლილი არ ჰქონდა. ეს გარემოება მნიშვნელოვნად აბრკოლებს ექსპერტიზის ჩატარებას. უკვე რამდენიმე კვირაა, სასამართლო ექსპერტიზის ბიურო თბილისში ვერ ახერხებს, ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზებზე დასკვნა დადოს.
ქართულმა მხარემ ერგნეთის შეხვედრაზე სწორედ არჩილ ტატუნაშვილის ამოცლილი ორგანოები – გულის და თავის ტვინის გადმოცემა მოითხოვა.
თბილისი დარწმუნებულია, რომ ტატუნაშვილზე ცხინვალში იძალადეს და იგი ძალადობრივი სიკვდილით გარდაიცვალა. ცხედარს ძალადობის კვალი ეტყობოდა, ამბობენ ქართველი ექსპერტები, რომლებმაც ცხედარი დაათვალიერეს.
ცხინვალი ამტკიცებს, რომ ტატუნაშვილი გულის შეტევით გარდაიცვალა. ვინაიდან ცხედარს გული ამოცლილი აქვს, ამ ვერსიის ექსპერტულად დადასტურება რთულდება. თუმცა, ის ფაქტი, რომ ცხინვალმა ცხედარი გულის გარეშე დააბრუნა, თბილისის ეჭვებს კიდევ უფრო ამყარებს.
უკვე ცნობილია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე იუსტიციის სამინისტრო სტრასბურგის სასამართლოს მიმართავს. უწყება სახელმწიფოთა შორის სარჩელს ამზადებს.
მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ამ საკითხზე მუშაობა მისმა უწყებამ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც ჯარისკაცის სხეული გადმოცემული არც იყო.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დაბა ახალგორში დააკავეს. მეორე დღესვე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სამშვიდობო მისიებში ნამყოფმა ჯარისკაცმა ბადრაგს წინააღმდეგობა გაუწია. მისი განეიტრალების მიზნით ძალის გამოყენებისას კიბეზე დაგორდა და მოგვიანებით ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. დასახიჩრებული ჯარისკაცის სავარაუდოდ ნაწამები სხეული ოჯახს მხოლოდ 20 მარტს დაუბრუნეს. მას შინაგანი ორგანოები ამოცლილი აქვს.
როგორც “ეხო კავკაზა” წერს, ცხინვალის წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის სპეც-სამსახურების ინტერესს ცოცხალი ტატუნაშვილი წარმოადგენდა, რადგან “მასთან გვქონდა კითხვები, რომლებსაც სამწუხაროდ, აწი ვერავის დავუსვამთ. ამიტომ, ქართული მხარის განცხადება, რომ ტატუნაშვილი ცხინვალში მოკლეს, უსაფუძვლოა”, – განაცხადა ჯიოევმა.
კითხვაზე, თუ რატომ გადმოეცა ქართულ მხარეს ტატუნაშვილის ცხედარი გულის გარეშე, ჯიოევმა უპასუხა:
“სამედიცინო ექსპერტიზას თავის წესები აქვს. მათ ჩემზე უკეთ იციან, რა და როგორ გააკეთონ და როგორ გადასცენ ცხედარი”, – ციტირებს ჯიოევს “ეხო კავკაზა”.
საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ტატუნაშვილი მეორე დღეს ცხინვალში, გაურკვეველ ვითარებაში, გარდაიცვალა. ოსურმა მხარემ გაავრცელა ვერსია, რომ 35 წლის არჩილ ტატუნაშვილი “23 თებერვლის ღამეს, ცხინვალის იზოლატორის კიბეზე დაგორდა და ცხინვალის საავადმყოფოში გულის უკმარისობით გარდაიცვალა”.
ამ ვერსიის არ სჯერა არც ოფიციალურ თბილისს და არც არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს. ქართული მხარის ეჭვს, რომ ტატუნაშვილი ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლია, ის ფაქტიც ამყარებს, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენებაზე ოსური მხარე თითქმის ერთი თვე უარს ამბობდა.