გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა 6 თვეში 4175 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინა

14-07-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ქვეყნის მასშტაბით გატარებული ღონისძიებების შედეგად, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, 4175 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს. მათგან 223 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოებს გადაეგზავნა.

ყველაზე მეტი, 1 824 ფაქტი, უკანონო ტყითსარგებლობას ეხება. მათგან 816 ტყის კანონმდებლობის დარღვევის ფაქტია, 671 - ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება, 337 - სახერხი საამქროს მიერ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევა, გამოვლენილია 60 არარეგისტრირებული სახერხი საამქრო.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, დეპარტამენტის თანამშრომლებმა ასევე გამოავლინეს ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 751, ატმოსფერული ჰაერის კანონმდებლობის დარღვევის - 559, ნებართვის პირობების დარღვევის/უნებართვო საქმიანობის - 301, თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევის - 275, წიაღის კანონმდებლობის დარღვევის - 201, წყლის კანონმდებლობის დარღვევის - 106, მიწის კანონმდებლობის დარღვევის - 58 ფაქტი. გარდა ზემოაღნიშნულისა, მიმდინარე წლის 6 თვეში, სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის 100 ფაქტია გამოვლენილი.

922 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოვლენილია აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე; კახეთში გამოვლინდა 733 ფაქტი, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 712, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 443, აღმოსავლეთის სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 425, ქვემო ქართლში - 375, სამცხე-ჯავახეთში - 313 ფაქტი. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა კი, 30 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევა გამოავლინეს.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, თბილისში 222 გარემოსდაცვითი სამართალდარღვევაა გამოვლენილი; მათგან 6 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

2021 წლის 1-ლი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზე (153), სავარაუდო გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის შესახებ 1305 შეტყობინება დაფიქსირდა. თითოეულ მათგანზე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა კანონმდებლობით გათვალისწინებული რეაგირება მოახდინა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930