17-05-2018
„საბჭოთა წლებში, თუ მცოდნე ადამიანებს დავუჯერებთ, მთელ ქვეყანაში მხოლოდ ერთი ღამის კლუბი არსებობდა - ტალინში, ჯერ კიდევ საბჭოთა ესტონეთის დედაქალაქში იყო კიდევ, მგონი, ოდესაშიც - „მეზღვაურთა ინტერნაციონალური კლუბის“ სახელწოდებით, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ „კლაბბინგ“-მა ყველაზე ფართოდ განვითარება საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დაიწყო. კაცმა რომ თქვას, ღამის კლუბი, თავისი სახელიდან გამომდინარე, მაინცდამაინც ყველაზე უბიწო და უმანკო ადგილი არ არის. საქმე არამარტო „მსუბუქი ქცევებისა და გაცნობის“ გაგრძელებას ეხება, არამედ იმას, რომ სწორედ ღამის კლუბებში ხდება (როგორც მცოდნე ადამიანები ამბობენ) არამხოლოდ სასმელისა და ზედ მისაყოლებელი „ზაკუსკის“ შეთავაზება, არამედ ხშირად მსუბუქი თუ ძლიერი ნარკოტიკისაც, რაც ხელისუფლებას აიძულებს „ტკბილ და სასიამოვნო“ ადგილებში „ანტინარკოტიკული რეიდები“ ჩაატაროს“, - ასეთი შესავალი აქვს აზერბაიჯანულ გაზეთში გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც საქართველოში ბოლო დროს მომხდარი მოვლენებია ასახული (ავტორი - ნურანი//ტოფიგა კასიმოვა).
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ მასალის ქართულენოვან რეზიუმეს:
პუბლიკაციაში ვრცლადაა გადმოცემული საკლუბო ახალგაზრდობის მიერ მოწყობილი საპროტესტო აქციის მიზეზები, წინაპირობები, პოლიციის მოქმედება, ღამის კლუბების მფლობელთა განცხადებები, საპროტესტო აქციის დროს ლიბერალური და რადიკალური ახალგაზრდების დაპირისპირების მცდელობა, შს მინისტრის მიერ გადადგმული ნაბიჯები, ზოგიერთი პოლიტიკოსების მცდელობა საპროტესტო აქციების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების პოზიციები და ა.შ.
„თბილისელი და უცხოელი დამკვირვებლები კითხვაზე პასუხს ეძებენ: რა მოხდა? რატომ მოხდა? ეს ახალი რევოლუციაა თუ უბრალოდ, უწესრიგობები? და მთავარი - რით დასრულდება ბოლოს ყველაფერი? საქმეში ჩაერთვნენ ყოფილი და მოქმედი პრეზიდენტები და როცა ყველა უკვე მზად იყო რაღაც შეთქმულების თეორიაზე ელაპარაკნათ „ვიღაცეების მიერ დაგეგმილ ახალ ფერად რევოლუციაზე, ნარკომაფიოზებთან ერთად“, ამ დროს ბიძინა ივანიშვილის ვაჟმა ბერამ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკის შერბილება მოითხოვა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
„ამჟამად საქართველოში პროტესტები მიწყნარდა, მომიტინგეები სახლებში წავიდ-წამოვიდნენ, მაგრამ კითხვები დარჩა, მათ შორის, აზერბაიჯანისთვისაც, რომელიც მეზობელ საქართველოსთან სამხედრო-პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ლოგისტიკურ სფეროებში ფართოდ თანამშრომლობს და გასაგები მიზეზების გამო დაინტერესებულია არ არის ამ ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზებაში. პლუს საკითხის კიდევ ერთი მხარე: აზერბაიჯანში ბოლო დროს ტურიზმის განვიტარება პრიორიტეტულ სფეროდ იქცა. ამ პოლიტიკის ნაწილად ითვლება „კლუბური ინდუსტრიის“ განვითარებაც. ამ ფონზე საქართველოში მომხდარი მოვლენები, როგორც მინიმუმი, გაკვეთილი უნდა იყოს [ჩვენი ხელისუფლებისათვის], რათა მეზობლის მიერ დაშვებული შეცდომები არ იქნეს გამეორებული და სადაც შესაძლებელია, თავიდან იქნეს აცილებული“, - აღნიშნულია სტატიაში.