15-07-2021
ევროკავშირის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გამართული “მრგვალი მაგიდის“ ფორმატის დისკუსიაში მონაწილეობის შემდეგ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს ბერძენმა კოლეგამ უმასპინძლა.
სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჯუანშერ ბურჭულაძემ და ნიკოლას პანაგიოტოპოულისმა საქართველოსა და საბერძნეთს შორის მჭიდრო ისტორიული, საერთო ფასეულობებზე დაფუძნებული მეგობრული კავშირები ხაზგასმით აღნიშნეს და იმედი გამოთქვეს, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაძლიერდება.
საბერძნეთის მხარემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
შეხვედრაზე კოლეგებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
საუბარი შეეხო ნატო-საქართველოს ურთიერთობას, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების პროცესს, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და ამ პროცესში ნატოს აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას. თავდაცვის მინისტრების შეხვედრის ფარგლებში, საქართველოსა და საბერძნეთის თავდაცვის სამინისტროებს შორის 2021 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმა გაფორმდა. დოკუმენტს, რომელიც მიმდინარე წლის თანამშრომლობისა და ღონისძიებების მიმართულებებს განსაზღვრავს, ხელი მინისტრებმა მოაწერეს.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საბერძნეთში კოლეგის მიწვევით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში ჯუანშერ ბურჭულაძემ ათენში გამართულ საერთაშორისო თავდაცვის გამოფენაშიც მიიღო მონაწილეობა.