15-07-2021
„ჩვენ ვიმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით, რაც შეეხება ოპოზიციას, ოპოზიციონერი დეპუტატების ნახევარზე მეტი - 8 პარტიიდან, რომელმაც გადალახა ბარიერი, დღემდე 4 პარტია ხელს არ აწერს მიშელის დოკუმენტს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძებ „ღამის კურიერში“.
მისი თქმით, ისინიც კი, ვინც ხელი მოაწერა მიშელის დოკუმენტს, ხშირად არ ასრულებენ მას და ხმას არ აძლევენ იმ კანონებს, რომლებიც ასახულია მიშელის დოკუმენტში.
„ჩვენ ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ პუნქტს, რომელიც არის ჩადებული მიშელის დოკუმენტში, ამას ვაკეთებთ პრაქტიკულად რადიკალური ოპოზიციის გარეშე. მაქსიმალურად ვცდილობთ და ვცდილობდით მათი მონაწილეობით ამის გაკეთებას. არის რამდენიმე პარტია, ვისაც არ აქვს ეს თვითმიზანი, რომ მუდმივად არეულობა შემოიტანოს პროცესებში. მათთან ძალიან კარგად ვთანამშრომლობთ და მათი ჩართულობა ძალიან პროდუქტიულია ამ პროცესებში. რაც შეეხება კონკრეტულ სუბიექტებს, რომლებიც ან ხელს არ აწერენ დოკუმენტს, ან აწერენ და მერე არ ასრულებენ, მათ ჩვენ ვერ შევცვლით. ამის მიუხედავად, ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი პასუხისმგებლობით“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.