გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სოლომონ პავლიაშვილმა „ევროკავშირი გარემოსათვის“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21-07-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა „ევროკავშირი გარემოსათვის“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო უწყების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2016-2020) განხორციელების გადასინჯვაზე, პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ნარჩენების ახალი (2021-2026) სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.

„ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული იქნება ცირკულარული ეკონომიკის მოდელით ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმის შემუშავება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (UNEP) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, ბრუნო პოზიმ, ქართული მხარის იმ ძალისხმევაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც ნარჩენების მართვის ადგილობრივი სისტემა ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს უახლოვდება.

„გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი ორგანიზაცია (UNEP) გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, ერთობლივად შემუშავდეს ნარჩენების ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2026 წწ.) “, - აღნიშნა ბრუნო პოზიმ.

პროექტი „ევროკავშირი გარემოსათვის” (EU4Environment) რეგიონულ ინიციატივას წარმოადგენს. საქართველოში პროექტი ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ, აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია (REC Caucasus).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930