3-08-2021
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ნუგზარ გრძელიშვილი არ ენდობა IRI -ის მიერ ცესკოზე გამოქვეყნებულ ციფრებს და აცხადებს, რომ ეს კვლევა, ცესკოს და მისი ახალი თავმმჯდომარის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
„ეს მონაცემები ისევე მნიშვნელოვნად არის აცდენილი საქართველოს მოქალაქეების რეალურ განწყობებს, როგორც ამავე ორგანიზაციის მიერ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების სხვა შედეგები“- აცხადებს გრძელიშვილი.
„გუშინ IRI-მ კიდევ ერთხელ შეგვახსენა თავი… გამოქვეყნდა ამ პატივცემული ინსტიტუტის დაკვეთით და ნაციონალურ მოძრაობასთან მჭიდროდ აფილირებული ადგილობრივი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის შედეგები. ამჯერად არ შევუდგები აღნიშნული კვლევის მიერ დადებული წინააღმდეგობრივი შედეგების სრულად განხილვას. შევეხები კვლევის მხოლოდ ერთ შედეგს, რომელმაც ყველაზე მეტად მიიქცია ყურადღება. IRI-ის მონაცემებით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიის საქმიანობას და მის მიერ ჩატარებულ არჩევნებს არ ენდობა საქართველოს მოსახლეობის 53% (საერთოდ არ ენდობა – 25%, ნაკლებად ენდობა – 28%), მაშინ როცა მოქალაქეთა მხოლოდ 11% ენდობა ცესკო-ს სრულად, 30% კი – მეტ-ნაკლებად.
დარწმუნებული ვარ, ეს მონაცემები ისევე მნიშვნელოვნად არის აცდენილი საქართველოს მოქალაქეების რეალურ განწყობებს, როგორც ამავე ორგანიზაციის მიერ ბოლო წლებში ჩატარებული კვლევების სხვა შედეგები. იბადება ლეგიტიმური კითხვა – არის თუ არა ამ ძალიან საკამათო მონაცემების გამოქვეყნების მიზანი ცესკო-სა და მისი ახალი თავმჯდომარის დისკრედიტაცია და მომავალი არჩევნების შედეგებში ეჭვის წინასწარ შეტანა? აქედან კი ერთი ნაბიჯია რადიკალური ოპოზიციის მიერ მომავალი არჩევნების შედეგების არალეგიტილურად გამოცხადებასა და ე.წ. მაიდანის სცენარის მცდელობამდე.
ასევე საინტერესოა, რატომ დაემთხვა აღნიშნული კვლევების შედეგების გამოქვეყნება ცესკო-ს ახალი თავმჯდომარის პარლამენტის მიერ არჩევის დღეს?
ქართულმა ფეიქ-მედიამ უმალ აიტაცა ეს ინფორმაცია და კალანდარიშვილს უკვე უწევს და კიდევ მოუწევს კომენტარების კეთება ამ ე.წ. შედეგებთან დაკავშირებით.
ნაციონალური მოძრაობასა და მასთან აფილირებული ყველა ძალა არჩევნებამდე დარჩენილი ორი თვის განმავლობაში და არჩევნების წაგების შემდეგაც კიდევ ბევრჯერ შეეცდება ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შეტანას, ცესკო-ს ახალი თავმჯდომარე და კომისიის ახალი შემადგენლობა ბევრჯერ გახდება პროვოკაციებისა და თავდასხმების მთავარი მიზანი. საქართველოს ხელისუფლებას მოუწევს ძალიან დაძაბულ რეჟიმში მუშაობა ასეთი სცენარის გამოსარიცხად.“- ამბობს ნუგზარ გრძელიშვილი.