5-08-2021
ფინანსთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ისაუბრა საჯარო ფინანსების მართვის კუთხით დაგეგმილ რეფორმებზე.
მისი თქმით, საჯარო ფინანსების მართვა საქართველოში მსოფლიო საუკეთესო პრაქტიკებზეა დაფუძნებული და მართვის მაღალი ხარისხი, დასტურდება ყველა საერთაშორისოდ აღიარებული შეფასებებითა და რეიტინგებით.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, არის გარკვეული მიმართულებები, სადაც ხარისხობრივი გაუმჯობესების სივრცე ჯერ კიდევ არსებობს.
„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა ამ მიმართულებით არის სახელმწიფო ინვესტიციების მართვის რეფორმა. მსოფლიო ბანკის მონაწილეობით უკვე შემუშავდა სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგია, არსებული მეთოდოლოგია მოიცავს პროექტის შემუშავების სრულ ციკლს, სადაც წინასწარ იქნება განსაზღვრული თითოეული პროექტის განხორციელებით დასახული სოციალური და ეკონომიკური მიზნები და ეფექტები. ჩვენი სამიზნე მაჩვენებლებია: 2024 წლისთვის - ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების არანაკლებ 80 პროცენტი იყოს შეფასებული ამ მეთოდოლოგიის მიხედვით, 2026 წლიდან - ყველა პროექტი განხორციელდეს სახელმწიფო ინვესტიციების მართვის მეთოდოლოგიის შესაბამისად. აღნიშნული ინდიკატორების მიღწევა შესაძლებლობას მოგვცემს შეზღუდული რესურსების პირობებში დაფინანსდეს ყველაზე მაღალი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების მქონე პროექტები", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.