21-05-2018
„კავკასია, ეთნიკური, ენობრივი და კონფესიური თვალსაზრისით, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ჭრელ რეგიონს წარმოადგენს. შედარებით მცირე მოცულობის ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ხალხი და ეთნოსი ცხოვრობს, რომლებიც ენათა სამ ოჯახს მიეკუთვნება - ინდოევროპულს, კავკასიურს და ალტაურს. აქ მცხოვრები ხალხები აღიარებენ ქრისტიანობას - მის მართლმადიდებლურ და მონოფიზიტურ-გრიგორიანულ მიმართულებას, ისლამს და იუდაიზმს. ამ გარემოებებით მრავალი საუკუნის განმავლობაში სარგებლობდნენ ის სახელმწიფოები, რომლებიც მდიდარი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონისადმი ინტერესს იჩენდნენ“, - ნათქვამია აზერბაიჯანული გამოცემის, «Каспiй»-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის შესავალში.
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი NSP.GE გთავაზობთ აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიის კავკასოლოგიის ინსტიტუტის ქართველოლოგიის განყოფილების წამყვანი მეცნიერ-თანამშრომლის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, ელნურ კალბიზადეს ავტორობით გამოქვეყნებული მასალის ქართულენოვან რეზიუმეს და ცალკეულ ამონარიდებს:
„დიდ სახელმწიფოთა კავკასიურ პოლიტიკაში ერთგვარი გიდებისა და უფრო მეტიც - „ტროას ცხენების“ როლს თითქმის ყოველთვის სხვადასხვა პოზიციებზე მდგარი სომეხი ლიდერები ასრულებდნენ, თავიანთი ქიმერული მიზნის - „დიდი სომხეთის ზღვიდან ზღვამდე“ - მისაღწევად. ესაა სტრატეგიული კონცეფცია, რომელიც სომხეთის მეზობელ ქვეყნებში ერთაშორისი შუღლის კერების გაღვივებას ითვალისწინებს - ცრუ სარჩულით „მრავალტანჯული სომეხი ხალხის ჩაგვრა“ - და რომელსაც შემდეგ ე.წ. „მიაცუმი“, ანუ „სომხური ისტორიული მიწა-წყლის“ გაერთიანება უნდა მოჰყვეს. სომეხ ექსპანსიონისტებს ძალიან დიდი მადა აქვთ: ჰიპოთეტური „დიდი სომხეთის“ ჩრდილოეთ საზღვრებში შედის რუსეთის ტერიტორიაც ვორონეჟის ოლქამდე, სამხრეთით - ირანის ტერიტორია ურმიის ტბამდე, დასავლეთით - თითქმის თურქეთის ნახევარი, საქართველო სამხრეთი ნაწილი - აჭარა, ახალქალაქი და ქვემო ქართლი თბილისამდე, ასევე მთელი აზერბაიჯანი“, - აღნიშნავს ავტორი.
„დღეს სამხრეთ კავკასიაში მორიგ ცხელ წერტილად გადაქცევის ყველაზე რეალური კანდიდატია - მთიანი ყარაბაღის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის შემდეგ - საქართველოს კიდევ ერთი რეგიონი სამცხე-ჯავახეთი, რომლის წამქეზებლად და ხელშემწყობად აშკარად სომხური ნაციონალშოვინიზმი უნდა ჩაითვალოს“, - მიუთითებს აზერბაიჯანელი მეცნიერი და მკითხველს სამცხე-ჯავახეთის გეოგრაფიულ-ადმინისტრაციულ და ეთნიკურ მონაცემებს აცნობს - ტერიტორიას, საზღვრებს, მოსახლეობის რაოდენობას და ა.შ. „ამ მხარეში სომხები და ქართველები პოტენციური ერთაშორისი კონფლიქტის მხარეებად უნდა ჩავთვალოთ. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, სამცხე-ჯავახეთში დესტაბილიზების ფაქტორის როლს რადიკალურად განწყობილი სომხური დაჯგუფებები ასრულებენ, რომლებიც სომხეთიდან და რუსეთიდან იმართებიან“, - ხაზს უსვამს ავტორი.
სტატიაში საკმაოდ ვრცლადაა მოცემული სამცხე-ჯავახეთის ისტორია IX საუკუნიდან დაწყებული - ჯერ იბერიის (ივერიის), შემდეგ ტაო-კლარჯეთის სამეფოს, ბოლოს კი ერთიანი საქართველოს შემადგენლობაში. პუბლიკაციაშია საუბარია იმ მიზეზებზე, თუ რატომ აღმოჩნდა ეს ძირ-ძველი ქართული რეგიონი ოსმალეთის იმპერიაში. აზერბაიჯანელი მეცნიერი აკრიტიკებს სომეხი კოლეგის - იგორ მურადიანის პოზიციას, რომლის მიხედვით, ოსმალეთის ხელისუფლებამ, საზღვრების დაცვის მიზნით, სამცხე-ჯავახეთში ანატოლიის შიდა რეგიონებიდან გადმოყვანილი თურქები, ქურთები და სხვა ტომები ჩაასახლეს, მანამდე კი აქ მაჰმადიანი მოსახლეობა არ ცხოვრობდაო.
„სომხების მიერ პროპაგანდირებული ეს თეზისი არასერიოზული და არამეცნიერულია, რადგან ჯერ კიდევ მე-11 საუკუნეში სამცხე-ჯავახეთი თურქ-სელჯუკთა შემოსევებს განიცდიდა, შემდეგ კი მონღოლების თავდასხმებს“, - წერს ელნურ კალბიზადე. იგი ეხება მე-19 საუკუნის სამხედრო-დიპლომატიურ მოვლენებს და განმარტავს სამცხე-ჯავახეთის რუსეთის მიერ მიერთების მიზეზებს, იხსენიებს რუსეთ-თურქეთის ადრიანოპოლის ხელშეკრულებას, რომლის ძალით, სამცხე-ჯავახეთიდან ლაზი მუსულმანები გაასახლეს და მათ ნაცვლად სომხები ჩაასახლეს. „ამრიგად,სამცხე-ჯავახეთში სომხური მოსახლეობა, ისევე როგორც მთიან ყარაბაღში, მხოლოდ მე-19 საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა... 1918-1919 წლებში სომხეთის რესპუბლიკის დაშნაკურმა ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა, რამაც ორივე მხარე ომამდე მიიყვანა. 1944 წელს აქ მცხოვრები თურქი-მესხების [გათურქებულ ქართველების] დეპორტაცია მოახდინეს და ისინი შუა აზიაში გადაიყვანეს“, - აღნიშნავს აზერბაიჯანელი მეცნიერი.
რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის მდგომარეობას 1990-იანი წლების დასაწყისიდან, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დროიდან: როგორც ელნურ კალბიზადე წერს, სომეხმა ნაციონალისტებმა იდროვეს და მხარისათვის ავტონომიური სტატუსი მოითხოვეს, რომელსაც, ფაქტიურად, სომხეთისადმი მიერთების პირველ ეტაპად მიიჩნევდნენ. შეიქმნა დესტრუქციული ორგანიზაცია „ჯავახკის“ სახელწოდებით. „თუმცა აქვე შევნიშნავთ, რომ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს სომეხ ნაციონალისტთა მოთხოვნას ავტონომიის თაობაზე პასიური ხასიათი ჰქონდა, რადგან საქართველოს კომპარტიის ცეკას ექს-მდივანი დაბალანსებულ პოლიტიკას ატარებდა. მაგრამ როცა ქვეყნის ხელისუფლებაში „ვარდების რევოლუციის“ შედეგად მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია მოვიდა, თავისი ერთმნიშვნელოვანი პროდასავლური კურსით, სამცხე-ჯავახეთში (აჭარასთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად) სეპარატისტული მოთხოვნები გაიზარდა“, - წერს ავტორი და სომეხ მეცნიერს აკრიტიკებს: „იგორ მურადიანი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ სამცხე-ჯავახეთში გატარებულ პოლიტიკას „მლადოთურქების“ პოლიტიკას ადარებს, რაც არასწორი და უსაფუძვლოა. პირიქით, მიხეილ სააკაშვილი ევროპული კონვენციებით მოქმედებდა და ეროვნული უმცირესობებისადმი დემოკრატიული მიდგომებს ამჟღავნებდა“, - ხაზს უსვამს აზერბაიჯანელი მეცნიერი.
„დღეს სომხური სეპარატრისტული დაჯგუფებები ცდილობენ თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული დემოკრატიზაციის პოლიტიკა, თბილისის მულტიკულტურალური მიდგომები ქვეყნის ეროვნულ უმცირესობათა მიმართ. სამცხე-ჯავახეთში დღევანდელი ლოზუნგები თითქმის იგივეა, რასაც ათეული წლების წინ აზერბაიჯანულ მთიან ყარაბაღში ვხედავდით. ამჟამად სამცხე-ჯავახეთში მომრავლებულია ისეთის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც „ეროვნულ-კულტურული ავტონომიის“ სცენარით მოქმედებენ, მაგალითად, „ზორ აივენიკ“ (ძლიერი დედა-სამშობლო“), რომლებიც სომხეთიდან ფინანსდება. სომხეთის მთავრობა ხელს უწყობს და ახალისებს ისეთი წიგნების გამოცემებს, როგორიცაა ისტორიკოს სამველ კარაპეტიანის „ნაწარმოები“ სახელწოდებით „ჯავახკი“ (სომხურ ენაზე გამოიცა 2006 წელს, ინგლისურად კი 2011 წელს). წიგნში სრულიად გაყალბებულია საქართველოს ისტორიის ფაქტები“, - აღნიშნავს აზერბაიჯანელი მეცნიერი და მიუთითებს, რომ 2007 წლის „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში“ სამცხე-ჯავახეთი სომხეთის საზღვარგარეთულ ტერიტორიადაა მოხსენიებული, მთიან ყარაბაღთან ერთად.
„სამცხე-ჯავახეთში არსებულ მდგომარეობას დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საქართველოს მშვიდობა-უსაფრთხოების თვალსაზრისით, არამედ მთელი კავკასიისთვის, რადგან თუ ამ რეგიონში სეპარატიზმი გაძლიერდება, ეს ქვეყნის სტაბილიზების დანგრევას გამოიწვევს, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით: ჰიპოთეტური კონფლიქტი გამოიწვევს სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე ნავთობ-გაზსადენებისა და ტრანსკავკასიური რკინიგზის პარალიზებას (...).
ყოველივე ზემოთ თქმული მიუთითებს, რომ სომხური სეპარატიზმი არა მხოლოდ საქართველოსა და აზერბაიჯანს აყენებს ზარალს, არამედ თვით სომხეთსაც. ჩვენი მეზობლის დღევანდელი მმართველი ხროვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს არა მარტო სამხრეთ კავკასიის მშვიდობისათვის, არამედ საერთაშორისო და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისათვის“, - ასკვნის ავტორი.