გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” კონკურსის გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ

10-08-2021

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ, გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, რუსთავში არსებული სკოლებისთვის იდეების კონკურსი „სუფთა ჰაერი - ერთად ავიღოთ პასუხისმგებლობა” ჩატარდა.


სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონკურსის მიზანი ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება და სასკოლო გარემოსდაცვით პროექტებში მასწავლებლებისა და მოსწავლეების ჩართულობის წახალისება იყო. კონკურსის შედეგად, 3 გამარჯვებული სკოლა გამოვლინდა, რომლებიც მიმდინარე წლის ბოლომდე სკოლის ტერიტორიაზე ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად სხვადასხვა ღონისძიებას განახორციელებენ.


უწყების ცნობით, რუსთავის მე-7, მე-9 და 21-ე სკოლების პედაგოგები და მოსწავლეები ხელს შეუწყობენ ეკოკლუბების დაარსებას, ველოსიპედით გადაადგილების პოპულარიზაციას. ჩაატარებენ ჰაერის ხარისხის შესახებ ცნობიერების დონის კვლევას, ასევე, მოსწავლეების სამეცნიერო პიკნიკებს, ღია გაკვეთილებს გარემოსდაცვით საკითხებზე, გამწვანების ღონისძიებებს და მათი მოვლის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს.


„გარემოსდაცვით აქტივობებში მასწავლებლების და მოსწავლეების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევა დროულ და ეფექტიან შედეგებამდე მიგვიყვანს. მჯერა, რომ შევძლებთ უკეთესი გარემო და მეტი მწვანე სივრცე შევუქმნათ ჩვენს მომავალ თაობებს. აუცილებელია, ვასწავლოთ და აქტიურად ჩავრთოთ ახალგაზდები გარემოსდაცვით ღონისძიებებში, რომ ამით ხელი შევუწყოთ მათში ეკომეგობრული უნარ-ჩვევების განვითარებას”, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.


როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიებას ესწრებოდნენ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამარ ალადაშვილი, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე, რუსთავის მერის მოადგილე დავით იშხნელი, UNDP-ის „მმართველობის რეფორმის ფონდის” გარემოსდაცვითი კოორდინატორი და კომპანია “ჰაიდელბერგცემენტის” წარმომადგენელი ნათია ცვარიანი.


კონკურსის გამარჯვებულ სკოლებს სერტიფიკატები და პრიზები გადაეცათ, აქტივობების განხორციელებაში პედაგოგებს და მოსწავლეებს კომპანია „ჰაიდელბერგცემენტი” დაეხმარებათ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930